რეორგანიზაციის გამო შტატების შემცირების მოტივით სამსახურიდან გათავისუფლებულმა პირმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დავა მოუგო. მის ინტერესებს საია იცავდა. სამივე ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა გათავისუფლებული თანამშრომლის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 2018 წლის 30 იანვრიდან სამსახურში აღდგენის დღემდე იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
სამსახურიდან გათავისუფლებული პირი ასაჩივრებდა იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოხდა მისი მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა (ფაქტობრივად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა). იგი აცხადებდა, რომ მისი გათავისუფლება უკანონოდ განხორციელდა, რადგან ის პოზიცია, რომელსაც ადმინისტრაციულ ორგანოში მანამდე იკავებდა, არ იყო გაუქმებული, იგივე ფუნქციური დანიშნულებით კვლავაც არსებობდადა ამავე პოზიციის დაასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი.
მოსარჩელე მხარის არგუმენტები სასამართლომ გაიზიარა და განმარტა, რომ იგი არ წარმოადგენდა მობილობას დაქვემდებარებულ საჯარო მოხელეს და მისი გათავისუფლება უკანონო იყო. სასამართლოს განმარტებით, მობილობა შეიძლება განხორციელდეს იმ შემთხევაში, თუ კუმულაციურად არსებობს შემდეგი პირობები: 1. სახეზეა დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა; 2. რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და შერწყმას თან სდევს შტატების შემცირება ან/და გაუქმება; 3. არსებობს შესაბამისი მოხელის თანხმობა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მართალია, თელავის მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქი თელავის გაერთიანების (შერწყმის) შედეგად ჩამოყალიბდა თელავის მუნიციპალიტეტი და ჩატარებულ რეორგანიზაციას მოჰყვა შტატების შემცირება, თუმცა აღსანიშნავი იყო ის გარემოება, რომ შტატი, რომელზედაც მოსარჩელე მუშაობდა, არ იყო გაუქმებული/შემცირებული და არც მისი ფუნქციური დანიშნულება იყო შეცვლილი. სასამართლომ არსებითად მნიშვნელოვნად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ,,არ არსებობდა მობილობის შეუძლებლობის გამო მოსარჩელის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის საფუძველი, რამდენადაც დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ სადავო საშტატო ერთეულზე თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ იქნა კონკურსი.” სასამართლომ ასევე ხაზი გაუსვა საჯარო სამსახურის სტაბილურიბისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარობის გაუმჯობესების განსამტკიცებლად საჯარო სამსახურში დანრეგილი მობილობის ინსტიტუტის და მასთან დაკავშირებული პროცედურების ჯეროვნად განხორციელების მნიშვნელობას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge