რელიგიური და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები აზერბაიჯანში შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავებას ეხმიანებიან

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ადგილობრივი პოლიციის მიერ სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარის, შეიხი მირტაგი ასადოვის თვითნებური დაკავების საქმეზე და საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს მოვუწოდებთ მიიღონ დროული და ეფექტიანი ღონისძიებები დაკავებული სასულიერო პირის უფლებების აღდგენის მიზნით.

შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოს მოქალაქეა და რელიგიურ და საქველმოქმედო მოღვაწეობასთან ერთად, ის აქტიურად მუშაობს საქართველოში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვასა და თანასწორობის ხელშეწყობაზე. შეიხი მირტაგი ასადოვი  განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩევა სახელმწიფოს იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც საქართველოში მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციების კონტროლსა და ინტერვენციაზე არის ორიენტირებული. შეიხი მირტაგი ასადოვი ხშირად გამოხატავს ქართველი აზერბაიჯანელი თემის უკმაყოფილებებს და საჭიროებებს  და ამგვარად,  იგი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის მნიშვნელოვან გამოცდილებას ქმნის რეგიონში. 

შეიხის ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და წითელი ხიდის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან გადავიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვრის გადაკვეთისთანავე ადგილობრივმა სამართალდამცავებმა იგი დააკავეს. მ. ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა მოგვიანებით ოჯახის წევრებს განუცხადა, რომ მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარზე გადასვლისთანავე, სასაზღვრო კონტროლის გავლის დროს, ცალკე გაიყვანეს და დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდგომ, მასთან მივიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ მასთან ერთად წასულიყო და მ. ასადოვს თავად წაიყვანდნენ ბაქოში.

7 ნოემბრის შემდეგ თითქმის 4 დღის განმავლობაში დაკავებული სასულიერო პირის ადგილსამყოფელისა და ბედის შესახებ ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ. პირველივე დღეებში, მირტაგი ასადოვის ადვოკატებმა მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველსა და დაკავებული სასულიერო პირის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება ითხოვეს,თუმცა, მათგან ოფიციალური პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მხოლოდ აზერბაიჯანში კერძო ადვოკატის მოძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი ოჯახის წევრებისთვის ინფორმაციის მიღება მ. ასადოვის დაკავების მიზეზების შესახებ. ადვოკატის მიერ გაზიარებული ინფორმაციისა და აზერბაიჯანის სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, გაირკვა, რომ მირტაგი ასადოვს 30დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო. გადაწყვეტილება უთითებს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მან, 2018 წლის 8 ნოემბერს, ქალაქ ბაქოში, ნარიმანოვის რაიონში, ა. ალიზადეს ქუჩაზე ჩაიდინა, რაც მის მიერ ქუჩაში ხმამაღლა ყვირილში, პოლიციის მოწოდების შემდეგ კი, მათთვის წინააღმდეგობის გაწევაში გამოიხატა. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან როგორც ოჯახის წევრები და სხვა მოწმეები უთითებენ, მ. ასადოვის დაკავება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის კვეთისთანავე, 7 ნოემბერს განხორციელდა და ბაქოში შეიხი მხოლოდ მოგვიანებით, დაკავების შემდეგ გადაიყვანეს, რაც ასევე დასტურდება მძღოლის მიერ ოჯახის წევრებისთვის იმავე დღეს მიწოდებული ინფორმაციით. შესაბამისად, აღიშნულ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის ეჭვის საფუძველს.  ადგილობრივი ადვოკატი სასამართლო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს და სააპელაციო სასამართლოს დამატებით მტკიცებულებებს წარუდგენს. ამ დრომდე მირტაგი ასადოვის ადგილობრივ ადვოკატს და მეუღლეს, რომელიც ბაქოში ცხოვრობს, არ მისცემია მისი მონახულების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე ასევე არაფერი ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, და დაკავების დროს და შემდგომ პერიოდში მოპყრობის შესახებ. აზერბაიჯანის ციხეებში წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის სისტემური  პრობლემისა და დაუსჯელობის შესახებ არაერთი საერთაშორისო ანგარიშის გათვალისწინებით, ეს გარემოება განსაკუთრებით შემაშფოთებელი და საგანგებო ხდება.  

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვხატავთ მომხდარის გამო და იმედს გამოვთქვამთ, რომ შეიხი მირტაგი ასადოვის დაკავება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ უკავშირდება საქართველოში მის საჯარო საქმიანობას. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის უკანონო და ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო თანამშრომლობის  პრაქტიკები სამწუხაროდ ნათლად გამოჩნდა საქართველოდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცებისა და აზერბაიჯანიდან დევნილი სხვა დისიდენტების საქმეებზე. მირტაგი ასადოვის მიმართ გამოყენებული სამართალდარღვევის დაუსაბუთებლობა შესაძლო პოლიტიკური დაინტერესებულობის შესახებ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:  

საქართველოს სახელმწიფოს  

დაუყოვნებლივ მიიღოს ყველა ზომა მისი მოქალაქის მირტაგი ასადოვის უფლებების დასაცავად, მათ შორის, მის საქმეში სამართლიანი სასამართლო უფლების რეალიზებისთვის პირობების ხელშეწყობისა და შესაძლო დამამცირებელი, არაადამინური  მოპყრობისა და წამებისაგან მისი დაცვის მიზნით. ამ კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანში დაუყოვნებლივ მოინახულოს მირტაგი ასადოვი, შეამოწმოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მ. ასადოვის ოჯახის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებას

დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მირტაგი ასადოვის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელება, ასევე ოჯახის წევრებისა და ადვოკატის მიერ იზოლატორში მისი დროული მონახულების უფლების რეალიზება.   

საერთაშორისო ორგანიზაციებსა და აზერბაიჯანში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს

მათი მანდატის ფარგლებში მიიღონ ზომები მირტაგი ასადოვის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით და გავლენა მოახდინონ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე უფლების შემდგომი დარღვევის თავიდან არიდების მიზნით.   

 

მ. ასადოვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტთან დაკავშირებით სარწმუნო ცნობების მიღების შემთხვევაში ჩვენ დამატებით უზრუნველვყოფთ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.

 

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

ქართველ მუსლიმთა კავშირი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

სამოქალაქო ინტეგრაციის  ფონდი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თანასწორობის მოძრაობა

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა - მრავალეროვანი საქართველო

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge