12 ივნისს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან“ ერთად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის საკანონმდებლო რეკომენდაციები წარმოადგინა. რეკომენდაციების ორი პაკეტი მოიცავს საარჩევნო კოდექსსა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს და მიზნად ისახავს ორგანიზაციების მიერ საარჩევნო პროცესზე დაკვირვების შედეგად და პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას. საარჩევნო პროცესებზე დამკვირვებელი სამი ორგანიზაციის რეკომენდაციები ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესსა და კრიტერიუმებს, აგიტაციისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რეგულაციებს, საარჩევნო დავებს, ასევე, გადასატანი ყუთის სიას.
პარტიების დაფინანსების კუთხით, ორგანიზაციები მოიხოვენ, გაუქმდეს ფრაქციის შექმნის გამო დამატებით 300,000 ლარის მიღების შესაძლებლობა, რამაც ბოლო პერიოდში სახელმწიფო დაფინანსებით მანიპულირების საშუალება არაერთხელ შექმნა. გარდა ამისა, რეკომენდაციების მიხედვით, დაფინანსების, სარეკლამო დროის თუ სხვა სარგებლის მიღების მიზნით საარჩევნო ბლოკების ხელოვნურად შექმნის თავიდან ასაცილებლად, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო ბლოკებმა უნდა მიიღონ იგივე სარგებელი, რასაც იღებენ არჩევნებში ინდივიდუალურად მონაწილე პოლიტიკური პარტიები. ყველა სახის საბიუჯეტო, პირდაპირი და არაპირდაპირი დაფინანსების ობიექტი უნდა გახდეს საარჩევნო სუბიექტი, რომელიც მიიღებს დაფინანსების ერთ თანაბარ პორციას, მიუხედავად იმისა ეს საარჩევნო სუბიექტი იქნება ერთი პარტია, თუ საარჩევნო ბლოკი.
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების თემაზე წარმოდგენილი რეკომენდაციების მიხედვით, უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრის დანიშვნის წესი და ამ უფლებით ისარგებლოს ბოლო საერთო პროპორციულ არჩევნებზე საუკეთესო შედეგის მქონე ექვსმა საარჩევნო სუბიექტმა, რომელთაგან თითოეული კომისიაში თითო წევრს დანიშნავს. ამასთან, საარჩევნო კომისიაში წევრის ასარჩევად უნდა დადგინდეს დამატებითი კრიტერიუმები, მაგალითად, საარჩევნო ადმინისტრაციაში არ უნდა აირჩეს პირი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო პოლიტიკური პარტიის წევრი ან კანდიდატი; ან ბოლო 2 არჩევნებიდან ერთ-ერთზე იყო პარტიის მიერ დანიშნული წევრი საარჩევნო კომისიაში. ორგანიზაციების აზრით, საუბნო კომისიებში მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, უნდა შემცირდეს საუბნო კომისიების ფუნქციონირების ვადები და წახალისდეს საუბნო კომისიის წევრების სერტიფიცირება, მათ შორის უფრო მაღალი ხელფასით.
რიგი რეკომენდაციებისა ეხება აგიტაციის რეგულაციებს. უმნიშვნელოვანესია, საარჩევნო კოდექსით დაკონკრეტდეს აგიტაციის ცნება, რომელმაც უნდა მოიცვას სოციალური ქსელის პირადი გვერდის საშუალებით პოლიტიკური მოწოდებების გავრცელება. აგიტაციის ცნება უნდა მოიცავდეს ასევე წინასაარჩევნო ღონისძიებაზე დასწრებას, რაც აღმოფხვრის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ გაუგებრობას. საქველმოქმედო ორგანიზაციების მხრიდან უკანონო აგიტაციის თავიდან ასაცილებლად, უნდა დადგინდეს, რომ საარჩევნო კოდექსის მიზნებისთვის ორგანიზაცია საქველმოქმედოდ ითვლება მიუხედავად იმისა, დარეგისტრირებულია თუ არა ასეთად საგადასახადო ორგანოში. საარჩევნო კამპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობისას პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს იმ პირს, ვინც უზრუნველყო უცხო ქვეყნის მოქალაქის აგიტაცაში მონაწილეობა.
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკების მინიმიზების მიზნით, კანონმდებლობამ უნდა უზრუნველყოს პარტიულ საქმიანობასა და საჯარო სამსახურს შორის უფრო მკაფიო ზღვრის გავლება. კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირთა მონაწილეობა აგიტაციაში სამუშაო საათების განმავლობაში. ხოლო, მინისტრის მოადგილეებს და გუბერნატორებს არ უნდა ჰქონდეთ კამპანიაში შეუზღუდავად მონაწილეობის უფლება.
რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება არჩევნების შედეგების შეჯამებას და საარჩევნო დავებს და ამ მიმართულებით პრაქტიკაში არსებულ პრობლემებს. რეკომენდაციების მიხედვით, კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს შემთხვევები, როდესაც საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება გადასინჯოს საარჩევნო დოკუმენტაცია და არჩევნების შედეგები, კერძოდ, როცა საუბნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმში გადასწორებულია სუბიექტების მიერ მიღებული ხმები, ამომრჩეველთა რაოდენობა ან ბათილი ბიულეტენები ან სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას. შესწორების ოქმების ხშირი პრაქტიკიდან გამომდინარე, კენჭისყრის მეორე დღეს შესწორების ოქმების შედგენისას გარდა კომისიის წევრებისა, ასევე დაბარებული უნდა იყოს ოქმის შედგენისას საარჩევნო უბანზე მყოფი ყველა პირი. მნიშვნელოვანია სასამართლოში საარჩევნო დავებისათვის შემუშავდეს სარჩელის უფრო მარტივი ფორმა ასეთი დავებისთვის განკუთვნილი შემჭიდროვებული ვადების გამო.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გამართულ კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე და პარლამენტში ამ საკითხებზე ინიცირებული კანონპროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრებები ასევე წარადგინეს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.
იხილეთ რეკომენდაციები:
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge