რატომ ვართ ღარიბები? მურუსიძის კიდევ ერთი „კანონიერი“ გადაწყვეტილება

20 თეთრად შეფასებული ხრეშის გამო 54 650 დოლარიანი ტრაქტორის წართმევა და ბიზნესის გაჩერება იმდენად ნორმალური მოვლენაა მურუსიძის სასამართლოსთვის, რომ დღემდე ამ საქმეს საზოგადოების სათანადო ყურადღება არ დაუმსახურებია.  

შპს „ბექანასი“, რომელიც სახელმწიფოს მიერ გაცემული ლიცენზიის საფუძველზე ქვიშა ხრეშს მოიპოვებდა, 2018 წელს გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააჯარიმეს 1 მ3 ქვიშა ხრეშის, ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორიის გარეთ, მოპოვებისთვის. დეპარტამენტის თანამშრომლების განმარტებით, 1 მ3 ქვიშა ხრეშის ღირებულება 20 თეთრს შეადგენდა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის წმინდა ოდენობა კი 1 ლარს. ასეთი მცირე ზიანის მიუხედავად, კომპანიას ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრეს და ასევე ჩამოართვეს 54 650 ღირებულების ტრაქტორი, როგორც სამართალდარღვევის იარაღი.  

შპს ბექანასს ლიცენზირებულ ტერიტორიაზე იმდენად დიდი რაოდენობით ხრეშის მოპოვება შეეძლო, რომ 20 თეთრის ღირებულების ერთი კუბის ულიცენზიოდ ამოღება არაფერში სჭირდებოდა. ცხადი იყო, რომ კომპანიის ქმედება განზრახი არ იყო, თუმცა, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი საერთოდ არ დაინტერესდა ამ საკითხის შესწავლით. განზრახაც რომ დაეშავებინა რამე კომპანიას, ამისთვის ამ ღირებულების ტრაქტორის უპირობოდ ჩამორთმევა არაპროპორციული და უსამართლო იყო. 

სამართალდარღვევის იარაღის უპირობო ჩამორთმევა საბჭოთა კავშირის გადმონაშთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს 2018 წლის აპრილში დაემატა. ნათელი იყო ამ მუხლის არაკონსტიტუციურობა, თუმცა არც ქვედა ინსტანციის მოსამართლემ და არც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ბატონმა მურუსიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიმართა. მოსამართლის ვალდებულებაა არაკონსტიტუციური კანონის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამის მიუხედავად ბატონმა მურუსიძემ საბჭოთა გაგებით „კანონიერი“ გადაწყვეტილება მიიღო. ამ საქმეზე მუშაობის დროს მურუსიძის 2012 წლის სხვა გადაწყვეტილებასაც წავაწყდი. 2012 წლის საქმეში მურუსიძე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ამტკიცებდა, რომ ავტომობილის კონფისკაცია არაპროპორციული ზომა იყო და არ შეესაბამებოდა კონსტიტუციას. შესაბამისად, შპს ბექანასისთვის ტრაქტორის ჩამორთმევაზე მსჯელობისას, მართალია, მურუსიძემ შესანიშნავად იცოდა, რომ თავისი გადაწყვეტილებით საკუთრების უფლებას, და თავისივე დადგენილს პრაქტიკას არღვევდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება მიეღო.

შედეგად, 20 თეთრად ღირებული 1 მხრეშის გამო შპს ბექანასს 54 650 დოლარად ღირებული საკუთრება წაართვეს, რომლის გარეშეც შეუძლებელი გახდა მისთვის საქმიანობის გაგრძელება. ვინაიდან ხრეშის ამოღება ვეღარ ხდებოდა, გაჩერდა გადამამუშავებელი საწარმოებიც. შპს მაინც ვალდებული იყო ლიცენზიის ფული გადაეხადა, მიუხედავად იმისა, რომ ვეღარ მოიპოვებდა ხრეშს. წარმოების გარეშე კომპანიამ ლიცენზიის ფულის გადახდა ვერ შეძლო, რის გამოც სახელმწიფომ დაადო ინკასო. საბოლოოდ, შპს გაკოტრდა, დასაქმებული ადამიანები დარჩნენ უმუშევრად, რამდენიმე ოჯახი კი შემოსავლის გარეშე. მოკლედ, ჯერ პარლამენტმა, შემდეგ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა და ბოლოს მურუსიძის სასამართლომ საკუთრების უფლების დარღვევისთვის  და წარმოების გაჩერებისთვის ყველაფერი გააკეთა.

სამართალდარღვევათა კოდექსის აღნიშნული მუხლი გავასაჩივრეთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ცხადია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალდარღვევის უპირობო ჩამორთმევა არაკონსტიტუციურად შეფასდა და გაუქმდა, თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე კომპანიას აღარც ტრაქტორის დაბრუნება შეუძლია და არც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ამიტომ, ამ საქმეზე დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ვაგრძელებთ.

რატომ არ შემოდის ინვესტიციები? რატომ უფასურდება ლარი? რატომ გვაქვს მუდმივად უსამართლობის განცდა? საერთოდ რატომ ვართ ასეთი ღარიბები? ამ კითხვებს პასუხი ამ ერთი საქმითაც შეიძლება გავცეთ.

მსხვილი ბიზნესის მიმართ საკუთრების უფლების დარღვევა უფრო ადვილად ექცევა ხოლმე ყურადღების ცენტრში, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ დასაცავადაც ვერაფერს ვაკეთებთ. მსხვილი ბიზნესის შევიწროებასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ანალოგიური დამოკიდებულება არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართაც, რომლებიც გაცილებით მარტივად და შეუმჩნევლად იჩაგრებიან სახელმწიფოს მხრიდან და შედეგად გაცილებით მარტივად კოტრდებიან და ქრებიან ბაზრიდან ვიდრე დიდი კომპანიები. თითოეული მსგავსი კომპანიის გაქრობა ნიშნავს მეტ უმუშევარს, მეტ სოციალურად დაუცველს, მეტ მშიერ ადამიანს, ბიუჯეტში შესულ ნაკლებ ლარს, ნაკლებ ინვესტიციებსა და ზოგადად ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას.

ამიტომ ვართ ღარიბები. 

 

გიორგი ტაბატაძე საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge