რას პასუხობს სახელმწიფო, პოლიციის კონტროლის ქვეშ გარდაცვლილის ოჯახს?!

2017 წლის 25 ოქტომბერს, თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, მოქალაქეებს შორის არსებულ კონფლიქტურ სიტუაციის განსამუხტავად  საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ეს ერთი ჩვეულებრივი რიგითი საქმე იქნებოდა, რომ არა მნიშვნელოვანი დეტალი, რამაც საქმე აქცია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონედ. მეზობლებს შორის არსებული კონფლიქტი არ არის გასაკვირი, თუმცა აღნიშნული საქმე იმით გამოირჩევა რომ პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ გარდაიცვალა ახალგზარდა მამაკაცი. რატომ? რამ გამოიწვია მამაკაცის გარდაცვალება? იკვეთება თუ არა პოლიციის თანამშრომელების ბრალეულობა? - ეს ის კითხვებია რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან  დასაბუთებულ პასუხებს ელის გარდაცვლილის ოჯახი.

ვისთვის თუ არა პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო ცნობილი, რომ მომხდარი ფაქტი, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, აუცილებლად დაექვემდებარებოდა გამოძიებას. თუმცა, აბსოლუტურად გაუმართლებელი იყო გამოძიების დაწყებამდე სამინისტროს მხრიდან გავრცელებული ვიდეო კადრები. გამოძიების დაწყებამდე გავრცელებული კადრებით ნათლად დადასტურდა, რომ აღნიშნული ემსახურებოდა არა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მცდელობას, არამედ გარდაცვლილზე საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

საგულისხმოა ის, რომ აღნიშნული ფაქტზე ობიექტური რეალობის დადგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც საზოგადოების (პირველ რიგში ოჯახის) კითხვებს დასაბუთებულად გასცემდა პასუხს და რომელსაც საზოგადოება დიდი მოლოდინით ელოდებოდა,  იყო საპატრულო ეკიპაჟის მიერ გადაღებული ვიდეო კადრები. ტრადიციად ქცეული ფაქტი, რომ ძირითად შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელს არ აქვს დაფიქსირებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი კადრები, არც ამ ეპიზოდში დარღვევულა. საქმეში არ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კადრები, ხოლო  არსებული კადრები არ იძლევა დასკვნის გაკეთების საშუალებას. არსებული კადრებით არ ირკვევა რა მოხდა სინამდვილეში, რატომ იყო გარდაცვლილის დაკავების აუცილებლობა, რამ გამოიწვია სავალალო შედეგის დადგომა. აღნიშნული კი არათუ პასუხობს საზოგადოებაში გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს, არამედ კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს აჩენს.

კადრების არ არსებობის გადაფარვის მიზნით განვითარდა მოსაზრება, რომ პოლიციის თანამშრომელი არ არის ვალდებული მოქალაქესთან ურთიერთობის დროს ჩართოს ვიდეო კამერა. სანამ რთული ფორმულირებით შეუდგებით ამოცანის ამოხსნას, მარტივად დავსვათ რიტორიკული შეკითხვა: რა მიზანს ემსახურება კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილება, რომლითაც  საპატრულო ეკიპაჟი აღიჭურვა  ვიდეო ტექნიკით?!

ზედმეტი განმარტებების გარეშე ნათელია, რომ  პოლიციის თანამშრომელს, რომელიც წარმოადგენს ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთ მხარეს ჭირდება, რომ საკუთარი პოზიცია გაამყაროს უტყუარი მტკიცებულებით, თუნდაც ისეთით როგორიც არის ვიდეო თვალის მიერ გადაღებული კადრები. რაც შეხება კანონის სხვაგვარ განმარტებას (პოლიციის თანამშრომლის ნება-სურვილზე არის დამოკიდებული როდის ჩართვას ვიდეო თვალს) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებს აქცევს ფუჭად, რადგან წარმოუდგენელია პოლიციის თანამშრომელმა საკუთარი თავის წინააღმდეგ მოახდინოს მტკიცებულებ(ებ)ის შექმნა.

რთულია გარდაცვლილის ოჯახი ანუგეშო მხოლოდ იმ ფრაზით რომ ,,სახელმწიფო ვალდებულია ყოველივე მსგავს ფაქტზე მოახდინოს დროული და სათანდო რეაგირება“. ამდენად, მნიშვნელოვანია სიტყვებიდან გადავიდეთ რეალურ ქმედებებზე, რაც ხელს შეუწყობს სახელწიფოში დემოკრატიული პროცესების წინსვლას და საზოგადოების ნდობის ამაღლებას საგამოძიებო ორგანოების მიმართ.  აღნიშნული საკითხისადმი სხვაგვარი მიდგომა კი საზოგადოებაში შექმნის უსამართლობის განცდას, რაც იმთავითვე დააზიანებს სახელმწიფოს ინტერსებს.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge