რას გვასწავლის ერთი პატარა ამბავი

დაახლოებით 3 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანმა სამართალდამრღვევ მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ პატარა ამბავს უფრო მნიშვნელოვანი გაგრძელება მოჰყვა - ადგილობრივმა პოლიციელმა გაანადგურა ინციდენტის ამსახველი ერთ-ერთი მტკიცებულება (ვიდეომასალა). საყურადღებო თემად იქცა, ასევე, პოლიციის ბუნდოვანებით მოცული კომუნიკაცია  სათვალთვალო ვიდეოკამერის მფლობელ პირთან, საბირ ნურიევთან და მისი ადგილმდებარეობის საკითხი. შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბის მომსწრეები გავხდით - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია, რომელსაც გადასახადის გადამხდელები ვაფინანსებთ სამინისტროს შიგნით მომხდარ დარღვევებზე რეაგირების მიზნით, ამ ფაქტებს გამოეხმაურა ცალმხრივი, არაობიექტური, მიკერძოებული დასკვნით.

ამ მოვლენებს დიდი განხილვები და მითქმა-მოთქმა მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე რამდენიმე განცხადება გამოქვეყნდა, რომელსაც საპასუხო განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. სამართალდამრღვევი მძღოლი საიას თანამშრომელია. შესაბამისად, ამ ორგანიზაციისათვის თავიდანვე გახდა ცნობილი საქმის დეტალები. ამას დაემატა ისიც, რომ შემთხვევა დღისით, ქუჩაში მოხდა და არსებობდა ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრები. 

ერთი შეხედვით, ეს იყო ბანალური შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას არ იმსახურებდა, ვინაიდან პოლიციის მაღალჩინოსნის ქმედებაც არ იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემცველი. თუმცა, მეორეს მხრივ, უფლებადარღვევის თითოეულ ფაქტზე აქტიურობა სწორედ ახლაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სანამ ჯერ კიდევ არსებობს იმედები. 6 თვის წინ მოსული ახალი ხელისუფლება სწორედ ახლა ამკვიდრებს გარკვეულ პრეცედენტებსა და პრაქტიკებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ზეგავლენის მოხდენა სწორი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, მით უმეტეს, როცა საქმე დღისით ქუჩაში მომხდარ ძალადობის ფაქტს შეეხება, რომელზეც ვიდეომასალაც არსებობს. დიახ, თუ სწორედ ასეთ ბანალურ შემთხვევებში ვერ შევძელით კანონის აღსრულება, რისი იმედი უნდა გვქონდეს პოლიციის მაღალჩინოსნების მხრიდან უფრო სერიოზული დარღვევების ჩადენის დროს, როდესაც მტკიცებულებებისა და ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობაც შეიძლება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყოს? რატომ უნდა ველოდოთ გირგვლიანის, რობაქიძის და ათეულობით სხვა ახალგაზრდას სისხლს იმისათვის, რომ თამამად და გაბედულად მოვახერხოთ ჩვენი უფლებებისათვის ბრძოლა და პოლიციის შეზღუდვა კანონით? რომელი უფრო გონივრულია, სამომავლო უფრო დიდი საფრთხეების პრევენცია თუ მათი დაშვებისათვის წინაპირობების შექმნა?
 
მავანმა საია დაადანაშაულა ამ თემის ირგვლივ ზედმეტ აქტიურობაში. ჩემთვის ცალსახაა პასუხი კითხვაზე: რომელი უფრო მისაღებია, უფლებადარღვევის ფაქტზე რეაგირება თუ მისი არ შემჩნევა? და ასეთი იქნება ეს პასუხი იმის მიუხედავად, თუ ვისი უფლებები ილახება: საიას თანამშრომლის თუ არა თანამშრომლის, ამას ხომ საერთოდ არავითარი მიშვნელობა არა აქვს. გია ხუხაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ საია თანამედროვე მხედრიონია, რომელიც ავტომატების მაგივრად საბუთებით დარბის. მისივე სიტყვებით, „საზოგადოება, როგორც მეოთხე ხელისუფლება, მასაც აქვს გარკვეული თმენის ვალდებულება“. მე არ მიმაჩნია, რომ ამ სტატიის მკითხველისათვის ამ გამონათქვამებთან დაკავშირებით კიდევ რაიმე განმარტების გაკეთებაა საჭირო. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების დისკრედიტირება სახარბიელო ნამდვილად არ არის, რომ არაფერი ვთქვათ ახალ კონცეფციაზე ხელისუფლების წარმოადგენლების გამოხტომების მიმართ საზოგადოების თმენის ვალდებულებასთან დაკავშირებით. მით უფრო საგანგაშოა, როდესაც ამ იდეებს ვისმენთ პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირისაგან, რომელსაც, როგორც ამბობენ, დღეს დიდი გავლენა აქვს. 
 
არ მინდა დავიჯერო, რომ 2012 წლის სექტემბერში გავრცელებულმა ციხის კადრებმა გაგვაუხეშა, გულგრილი გაგვხადა ძალადობის უფრო ნაკლებად ინტენსიური გამოვლენის შემთხვევების მიმართ, რომ  უკვე ვეღარ ვხედავთ აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის მიერ დღისით, ყველას თვალწინ, ქუჩაში ჩადენილ ძალადობას სამართალდამრღვევი მძღოლის მიმართ. ჩემთვის ამ დრომდე გაუგებარია, რატომ შეიძინა დღეს ასეთი არაადექვატური წონა იმ ფაქტმა, რომ მძღოლი იყო „ნასვამი“ (ექსპერტის დასკვნით, მსუბუქი ალკოჰოლური თრობა).
 
ამ ამბების დროს ხშირად მახსენდებოდა შსს-ს მიერ დიდი ზარ-ზეიმით გავრცელებული ინფორმაცია პოლიციელთა ეთიკის კოდექსის მომზადებასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტის მიხედვით, „პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქესთან  ურთიერთობისას ეკრძალება  სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა,  მობილურზე საუბარი,  მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.“ ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ სრული უმოქმედობა მაშინ, როდესაც პოლიციის მაღალჩინოსნის მხრიდან ეთიკის კი არა, მოქალაქის უფლების დარღვევასთან გვქონდა საქმე. ჩვენ დავინახეთ, როგორი იყო არაადექვატური, ცალმხრივი და არაობიექტური იყო სისტემის რეაქცია, როგორი მიკერძოებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ეს იყო ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი და საკვანძო საკითხი. ამიტომ, შეგნებულად არ ვასახელებ აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნის გვარს, რადგან მგონია, რომ მასზე აპელირება აქცენტების არასწორად დასმას იწვევს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობას შეეძლო გამოეყენებინა აღნიშნული პრეცედენტი იმის საჩვენებლად, თუ რა ღირებულებების მსახურია ის. რა მივიღეთ შედეგად? რა მაგალითს აძლევს დღევანდელი ხელისუფლება, დღევანდელი შს მინისტრი მის სისტემაში შემავალ პოლიციელებს, როდესაც აჭარის პოლიციის უფროსის საქციელს აფასებს როგორც პოლიციელის ღირსების, მუნდირის დაცვას? ამით ხომ ის ფაქტიურად გენინსპეციის არაობიექტურ საქმიანობასაც იწონებს? ვფიქრობ, ამ საკითხებზე ღირს დაფიქრება. სისტემას არ ქონია შესაბამისი, ადექვატური რეაგირება მოცემულ საქმეზე, ისევე როგორც არჩევნების შემდეგ გახმაურებულ რამდენიმე სხვა საქმეზე. ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუ რისი გაკეთებაა საჭირო, რა ცვლილებებია აუცილებელი. სწორედ ახლაა დრო,  ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საკითხით დაინტერესებულმა პირებმა დავიწყოთ ფიქრი და მუშაობა იმისათვის, რომ მოხდეს პოლიციის სისტემის ძირეული რეფორმა, ბოლოსდაბოლოს შესწევდეს მას უნარი, უმტკივნეულოდ მოახერხოს კანონის აღსრულება პირველ რიგში საკუთარი თანამშრომლების: მაღალჩინოსნებისა თუ რიგითი მუშაკების მიმართ.
 
ამ პატარა და ბანალურმა ამბავმა კიდევ ერთხელ კარგად გამოკვეთა პარლამენტის ფაქტობრივი  წონა და მისი სისუსტეები, თუ რა როლი უჭირავს მას ძალაუფლების დანაწილების დღევანდელ სისტემაში. ვფიქრობ, ამ მომწვევის პარლამენტს გაუჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი სწორედ ამ ზედმეტი სიფრთხილის გამო, რომელიც შესაძლოა შინაგან ცენზურასაც უდრიდეს. ყველაფრის მიუხედავად, ამ ამბიდან ჩვენ მივიღეთ ნეგატიური, მაგრამ მაინც გამოცდილება, რომელიც თავისთავად ღირებულია. გამოცდილება კი ის არის, სახელმწიფო ინსტიტუტების ასეთი სისუსტის ფონზე, უფრო მეტი პასუხისმგებლობაა ჩვენზე, მოქალაქეებზე, სამოქალაქო სექტორზე. სწორედ ჩვენ უნდა ვიყოთ აქტიური მონაწილეები ქვეყნის მმართველობაში, მომთხოვნები ხელისუფლების მიმართ და არა მიმნდობნი, და რაც მთავარია, სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ყველანი უნდა შევეცადოთ, რომ ისმოდეს ჩვენი ხმა საჯარო სივრცეში და უწევდნენ მას ანგარიშს ისინი, ვინც ჩვენს მიმართ არიან ანგარიშვალდებულნი. 
 
თათული თოდუა
საპარლამენტო მდივანი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge