ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ თემურ გორგაძის მიმართ გამოყენებული ადმინისტრაციული პატიმრობა გააუქმა

2021 წლის 12  ნოემბერს, ქ. ბათუმში, საპროტესტო აქციის დროს დაკავებული თემურ გორგაძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებული პატიმრობა გააუქმა. 

თემურ გორგაძის განმარტებით, მას, როგორც პოლიტიკურად აქტიურ პირს და მუსლიმი თემის წარმომადგენელს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისტემატურად უსმენს და უთვალთვალებს. სწორედ ამ ფაქტის გაპროტესტების მიზნით, მან 2021 წლის 12 ნოემბერს გადაწყვიტა გაემართა აქცია-პერფორმანსი უსაფრთხოების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობის (ეზოს) შესასვლელ ჭიშკართან ის საკუთარი ავტომანქანით იდგა და ავტომობილის საქარე და გვერდით მინებზე გაკრული ჰქონდა საპროტესტო პლაკატები. პროტესტის გამოხატვის დროს თემურ გორგაძე პოლიციამ შეკრებებისა და მანიფესტაციების წესის დარღვევის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ თემურ გორგაძე სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახედ და ზომად შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღის ვადით.

საიას დახმარებით, თემურ გორგაძემ საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მისი საჩივარი და მის მიმართ  დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება შეწყვიტა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თემურ გორგაძის აქცია-პერფორმანსი ,,თავსდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გათვალისწინებული აზრის თავისუფალ გამოხატვაში [...]  სახელმწიფო უფლებამოსილია დააწესოს შეზღუდვები გამოხატვის (ნეგატიური ვალდებულებები) თავისუფლების უფლების განხორციელებაზე ისეთ შენობებთან ან ტერიტორიაზე, რომელიც დაცვის და უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს საჭიროებს, თუმცა აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება უნდა მოხდეს ისე, რომ კონსტიტუციური უფლებების არსი არ იყოს უგულებელყოფილი. [...] შესაბამისად, [...] გამოხატვის უფლების რეალიზება ნებისმიერ შენობასთან და ტერიტორიაზე დაცული უნდა იქნეს, თუ აღნიშნული ქმედება საფრთხეს არ უქმნის დაწესებულების გამართულ მუშაობას, საჯარო უსაფრთხოებას ან წესრიგს. “ 

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ,,საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით არ დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში თემურ გორგაძის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ რაიმე ფორმით შეაფერხა ან ხელი შეუშალა, რომელიმე სახელმწიფო ორგანოს ფუნქციონირებას, მით უფრო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის შესასვლელიც აირჩია პირმა თავისი პროტესტის გამოსახატად, გააჩნდა ალტერნატიული შესასვლელი. წარმოდგენილ ვიდეომასალაში არ ჩანს არცერთი ეპიზოდი, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის შესასვლელთან მანქანის გაჩერებამ, რომელიმე პირს, მოძრაობდა ის ქვეითად თუ ავტომობილით, დაუბრკოლა გადაადგილება. ამის მიუხედავად კი, პოლიციამ, დაუყოვნებლივ დაიწყო საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება და არ მისცა პირს გონივრული ვადა და შესაძლებლობა მოეხდინა მისი კონსტიტუციური უფლებების რეალიზება.“ შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თემურ გორგაძის ქმედებები არ გასცდენია მისთვის კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რაც გამორიცხავდა მის ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობას და საქმის წარმოება შეწყვიტა. 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge