ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ,,ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის საჩივარი დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ,ბათუმის ბულვარის“ ყოფილი დირექტორის, ირაკლი ჯინჭარაძის შრომით დავაზე მნიშვნელოვანი განჩინება მიიღო. მიღებული განჩინებით, დაკმაყოფილდა ირაკლი ჯინჭარაძის სახელით საია-ს მიერ წარდგენილი საჩივარი და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აიკრძალა სსიპ ,,ბათუმის ბულვარის“ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარება და სსიპ ,,ბათუმი ბულვარის“ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის დანიშვნა.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ჯინჭარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის განკარგულებით 2021 წლის 11 აპრილს გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლებას წინ უსწრებდა ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 30 მარტის სხდომა, სადაც ირაკლი ჯინჭარაძემ გააკრიტიკა დაახლოებით 4500 კვ/მ ფართობის პლაჟის ბრენდირებული სასტუმროებისთვის გრძელვადიანი იჯარით გადაცემის ინიციატივა, ვინაიდან ამით ხსენებული სანაპირო მონაკვეთი აღარ იქნებოდა ხელმისაწვდომი ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის. გათავისუფლების შესახებ მიღებული განკარგულების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების შესახებ ირაკლი ჯინჭარაძემ საიას დახმარებით სასამართლოს მიმართა, თუმცა, არსებობდა იმის რეალური საფრთხე, რომ დავის დასრულებამდე დირექტორის თანამდებობას სხვა პირი დაიკავებდა, რითაც ხელი შეეშლებოდა ირაკლი ჯინჭარაძის სამსახურში აღდგენას. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განჩინებით, უზრუნველყოფილია, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ირაკლი ჯინჭარაძე დაუბრუნდეს თანამდებობას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge