ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გმობს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტებს

ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ეხმაურება ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ფაქტებს, როდესაც ჟურნალისტებს თავისუფალი საქმიანობის შესაძლებლობა შეეზღუდათ:

2012 წლის 22 ივლისს სოფელ შაუმიანში მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჩასულ ,,ინფო 9“-ს ჟურნალისტებს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, ყოველგვარი განმარტების გარეშე, მოსახლეობის ჩაწერის საშუალება არ მისცეს.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია 2012 წლის 25 ივლისს  პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, სადაც ჟურნალისტებს  არ ჰქონდათ საშუალება, ეს მოვლენა გაეშუქებინათ.

2012 წლის 24 ივლისს ოზურგეთში გაზეთ ,,გურია ნიუსი“-ს ჟურნალისტებს არ მიეცათ შესაძლებლობა, გაეშუქებინათ პრეზიდენტის ვიზიტი გურიაში. როგორც სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პირმა განუმარტა, ისინი  დაცულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გავრცელებული მასალებით კი ნათლად ჩანს, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, გადაადგილება შეზღუდული არ არის. ასეც რომ არ ყოფილიყო, შეზღუდვა პრესაზე ვერ იქნებოდა დაწესებული, რადგან სხვა მედია საშუალებების მიერ აღნიშნული ინფორმაცია გაშუქდა. გაზეთ ,,გურია ნიუსი“-ს წარმომადგენელთა განცხადებით, მათ გადაღებული მასალები წაუშალეს.

,,გურია ნიუსი“-ის ვებ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად: „25 ივლისს, "გურია ნიუსის" გამომცემელს, ია მამალაძეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ირმა ნადირაშვილი ტელეფონით დაუკავშირდა და მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა. ქალბატონი ირმა თვლის, რომ რეპორტიორებს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს. მანვე შემოგვთავაზა, რომ დაცვის სამსახური უზრუნველყოფდა მეხსიერების ბარათზე კადრების აღდგენას. ამის შემდგომ, დაცვის სამსახურის პრესსამსახურიდანაც დაგვირეკეს, მომხდარზე წუხილი გამოთქვეს და მეხსიერების ბარათის აღდგენა შემოგვთავაზეს.“

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში იმატა სხვადასხვა პირის მხრიდან ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებმა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია შემთხვევები, როდესაც მსგავი ქმედებები საჯარო მოხელეების მიერ ხორციელდება. მოვუწოდებთ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, კანონით გათვალისწინებული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ დაფიქსირებულ დარღვევებზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი გამოხატავს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება და წარმოადგინოს მათი ინტერესები როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ისე სასამართლოს წინაშე.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge