უზენაესი სასამართლოს განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც დაკმაყოფილდა ქამრან მამედოვის სარჩელი სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.
ქამრან მამედოვი 2015 წელს ჩაირიცხა შვედეთის სამეფოს მალმოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის ერთწლიან პროგრამაზე სოციალური მეცნიერებების (საერთაშორისო მიგრაცია და ეთნიკური უმცირესობა) მიმართულებით. შესაბამისად, უცხოეთში სწავლის დაფინანსების მოსაპოვებლად მიმართა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს საკონკურსო პირობების შესაბამისად. კონკურსის სამივე ეტაპის გავლის შემდეგ კონკურსანტის სარეიტინგო ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან იგი იყო საჭირო შეფასებაზე 1.3 ქულით ნაკლები. კონკურსანტის ეს შედეგი განპირობებული იყო იმით, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა სრულიად დაუსაბუთებლად მოსარჩელეს კონკურსის მეორე ეტაპზე ყველა კომპონენტში დაუწერა ნული ქულა.
მოსარჩელის მოთხოვნა შეეხებოდა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2015 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგების ნაწილობრივ ბათილად ცნობას და შესაბამისად, შვედეთში მალმოს უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის დაფინანსებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხსენებული ცენტრის გადაწყვეტილება მოსარჩელისთვის დაფინანსებაზე უარის ნაწილში იყო უკანონო და დაავალა მას დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრით საკითხის ხელახალი შესწავლა.
სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მოსაზრებით კომისიის გადაწყვეტილება იყო სრულიად დაუსაბუთებელი. სრულიად დაუსაბუთებელი იყო ასევე ცენტრის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე დაუწერა კომისიის ერთ-ერთმა წევრმა კონკურსანტს კონკრეტულ კრიტერიუმებში ნული ქულა, მაშინ როდესაც შეფასების ფორმა არ ითვალისწინებდა ასეთი ქულის დაწერის შესაძლებლობას. ასევე სრულიად უკანონოდ არ დაემატა მოსარჩელის სარეიტინგო ქულას სოციალური ბონუს 1 ქულა, რომელიც გათვალისწინებული იყო იმ კონკურსანტებისთვის, რომლებიც იყვნენ რეგიონიდან. საყურადღებო იყო ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე კონკურსის პირველ ეტაპზე განათლების კომპონენტში შეაფასა არა უშუალოდ კომისიამ, არამედ ცენტრის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც არ იყო კომისიის წევრი და შესაბამისად, არ იყო უფლებამოსილი შეეფასებინა კონკურსანტები.
ამდენად, სასამართლო თვლის, რომ კონკურსანტების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად არსებითია იმისთვის, რომ შედეგი იყო გამჭვირვალე, ობიექტური და პირთა თანასწორობაზე დამყარებული. სწორედ ეს გამორიცხავს კომისიის მხრიდან თვითნებობას და ობიექტურ დამკვირვებელს, მათ შორის სასამართლოს, მისცემს საშუალებას არ შეიტანოს ეჭვი კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge