ვეხმაურებით მედიით გავრცელებულ ინფორმაციას პარტია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც პარტიამ მერობის 61 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალი დაასახელა.
ამჟამად ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალთა წარმომადგენლობა უკიდურესად დაბალია (არ აღემატება 12%-ს), არც ერთი მოქმედი მერი არ არის ქალი და 59 პირდაპირი წესით არჩეული გამგებლიდან მხოლოდ ერთი გამგებელია ქალი.
პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის ზრდაზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას და მმართველ პარტიას. პოლიტიკური პარტიების მხრიდან მერობის კანდიდატებად ქალების უკიდურესად მცირე რაოდენობით დასახელების ტენდენცია შემაშფოთებელია და ადასტურებს, რომ უგულვებელყოფილია საზოგადოების მოთხოვნა, უზრუნველყოფილ იქნას ქალისა და კაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში. ამით, ასევე არ ხდება სახელმწიფოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატების და სიების საბოლოო რეგისტრაციამდე გაითვალისწინონ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობა, 2017 წლის თვითთმართველობის არჩევნებისათვის წარადგინონ გენდერულად დაბალანსებული სიები და უზრუნველყონ არჩევნებში სქესთა თანაბარი მონაწილეობა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი არის არაფორმალური გაერთიანება, რომლის მიზანია საქართველოში ქალთა პოლიტიკური თანამონაწილეობის ზრდის ხელშეწყობა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge