2021 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას არსებითად შეცვალა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული (პროპორციული) სიების შედგენის წესი. ცვლილების თანახმად: პოლიტიკური პარტია ვალდებული იქნება 2028 წლამდე ჩასატარებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა არჩევნებისთვის ისე შეადგინოს პარტიული სია, რომ სამი კანდიდატიდან ერთი მაინც იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი.
ეს ინიციატივა არსებითად აუარესებს საარჩევნო კოდექსის არსებულ ნორმას, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ავალდებულებდა, 2028 წლამდე ჩასატარებელ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის წარდგენილ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი ჰყოლოდა.
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი საარჩევნო კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებზე მუშაობისას თანამშრომლობდა კანონპროექტის ინიციატორებთან და არსებობდა შეთანხმება, რომ მიმდინარე საარჩევნო რეფორმა გენდერულ კვოტას საერთოდ არ შეეხებოდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ცვლილებები მოულოდნელად აისახა კანონპროექტში პირდაპირ მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზე, მაშინ როცა, პირველი მოსმენისას, პრინციპების განხილვის დროს, ეს საკითხი საერთოდ არ დასმულა და შესაბამისად არც განხილულა საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე. საგანგაშოა, რომ ეს სიახლე კანონპროექტში დაინტერესებული საზოგადოების ყოველგვარი მონაწილეობის და დისკუსიის გარეშე, ფაქტობრივად, კონსპირაციულად დილის 5 საათზე გაჩნდა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა ამ ცვლილების ინიცირების შესახებ მხოლოდ საკომიტეტი განხილვის მეორე დღეს შეიტყო.
2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, საქართველომ ქალთა და კაცთა შორის უთანასწორობის აღმოფხვრისა და არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფის, მათ შორის, განსაკუთრებული ზომების გატარების, ვალდებულება აიღო. როგორც გაეროს (CEDAW), ისე ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში აღნიშნულია, რომ საქართველომ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული თანასწორობის განსამტკიცებლად.
ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 20 % მოიპოვეს, ხოლო საკრებულოებში არჩეული დეპუტატების 13.5 %-ია ქალი. ამ მაჩვენებლებით, საქართველო, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის მაჩვენებლით, განვითარებულ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. პროპორციულ საარჩევნო სიებში გენდერული კვოტირება ეფექტიან დროებით საკანონმდებლო ზომას წარმოადგენს პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად. ამასთან, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქალების რაოდენობა პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ძალიან დაბალია და მინიმუმ 30%-ს უნდა შეადგენდეს.
მოვუწოდებთ პარლამენტს, პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს ინიცირებულ ცვლილებას, რაც შეასუსტებს ადგილობრივ დონეზე ქალთა წარმომადგენლობას, შეაფერხებს არსებითი თანასწორობის მიღწევას და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას. "
ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი
ქალთა მოძრაობა
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კავშირი „საფარი“
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
ღია სივრცე კავკასია (COS)
ქალთა პოლიტიკური რესურს ცენტრი (WPRC)
გენდერული თანასწორობის ქსელი (GEN)
ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC)
ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი
გენდერული სამართლიანობა
ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება
ქალთა ფონდი საქართველოში
ფონდი ტასო
ჩვენ განათლებისთვის
ფემინა
ხათუნა სამნიძე
თინა ბოკუჩავა
სოფიო შამანიდი
თეონა აქუბარდია
ხატია დეკანოიძე
თეონა ჭალიძე
ლანა გალდავა
ანა კობახიძე
დეა მეტრეველი
თამთა შამათავა
ანა ნაცვლიშვილი
ნანა თოხვაძე
ანა წითლიძე
ანა დოლიძე
თამარ ბელქანია
ანა ბიბილაშვილი
ევა ლომთაძე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge