ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი დადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარების თხოვნით მომართა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა, რომლისთვისაც შეზღუდული იყო გარემოსთან კომუნიკაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რომლითაც დადგინდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი.

2016 წლის 27 დეკემბერს, განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აიკრძალა სპეციალური საცნობი ნიშნის გაცემა, რაც აძლევდა შშმ პირებისთვის ქალაქში განკუთვნილი პარკირების ადგილებით სარგებლობის შესაძლებლობას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს სახალხო დამცველს იმ დასაბუთებით, რომ განხორციელებული ცვლილებებით ირღვეოდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც სახელმწიფოებს ავალებს უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.

თავის მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უარყო დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტი და განმარტა რომ შშმ პირების მიმართ დიფერენცირებულ მიდგომა ჯერ კიდევ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის N1/ნ ბრძანებით იყო რეგლამენტირებული, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავდა მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

მოცემულ საქმეზე, სახალხო დამცველის მიერ, დადგინდა საკრებულოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. სახალხო დამცველის შეფასებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა იმ პირისათვის სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა, რომლებსაც შეუძლიათ მანქანის მართვა, წარმოადგენდა არაპროპორციულ ღონისძიებას. ასევე, ვერ დადგინდა შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანიც, რომელიც დამყარებული იქნებოდა შესაბამის სამედიცინო კვლევებსა თუ დაკვირვებებზე.

დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მიეცა რეკომენდაცია განსაზღვროს შესაბამისი წესი იმგვარად, რომ სპეციალური საცნობი ნიშნის მიღების შესაძლებლობა დაკავშირებული იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებთან და მსგავსი საჭიროებების შემთხვევაში თანაბარი პირობებით შეეძლოთ პირებს პარკირების სივრცით სარგებლობა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge