ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური: პრობლემური მშენებლობები თბილისში და 2016 წელს თანამდებობის პირებზე გაცემული ანაზღაურების ოდენობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის 11 იანვარს მიმართა არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაცია:

ა) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 18 ნოემბრის დასკვნა, რომლის თაობაზეც 2017 წლის 5 იანვარს თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა  გააკეთა საჯარო განცხადება და ისაუბრა არქიტექტურის სამსახურის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევების, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის ქონებრივი ზიანის მიყენების თაობაზე;

ბ) არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თანამდებობის პირებისათვის გაცემული თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის ოდენობა; (ინდივიდუალურად)

გ) არქიტექტურის სამსახურში 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით  დასაქმებული საჯარო მოხელეებისათვის გაცემული ანაზღაურების, დანამატისა და პრემიის ჯამური ოდენობა;

ა) 2016 წლის 18 ნოემბრის შიდა აუდიტის დასკვნა

აუდიტის დასკვნის საფუძველზე, შიდა აუდიტის სამსახურმა ქ. თბილისში, ცინცაძის #63-ის მიმდებარედ არსებული მშენებლობის სანებართვო პირობების შესწავლის შედეგად დაადგინა შემდეგი დარღვევები: ა) ინტერესთა კონფლიქტი ადმინისტრაციული წარმოების საწყისს ეტაპზე; ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემაზე არაერთი უარის შემდეგ, ახალმა მესაკუთრემ, კანონის არასწორი გამარტების გზით, მიიღო სამუშაოს დაწყების შესაძლებლობა; გ) კომპანიამ, სამშენებლო პირობების დარღვევით, უგულვებელყო გამწვანების შესახებ მოქმედი წესები; დ) კომპანიამ  საერთო ჯამში ააშენა დასაშვებზე 2500 კვ.მ-ით მეტი ფართი; აღნიშნული გადაწყვეტილებების საფუძველზე, აუდიტის დასკვნის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა ნახევარ მილიონ ლარამდე ზიანი (402 000 ლარი).

შიდა აუდიტის სამსახურმა მოითხოვა მშენებლობის ნებართვის ბათილობა, ასევე დაადგინა მშენებლობის ნებართვის პროცესში ჩართული მოქმედი და  ყოფილი საჯარო მოხელეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უხეში დარღვევა, რაც იყო სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შიდა აუდიტის დასკვნა დამატებითი შესწავლისათვის გაეგზავნა  საქართველოს მთავარ პროკურატურას.

 

ბ) თანამდებობის პირებისათვის 2016 წლის განმავლობაში გაცემული თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის ოდენობა

არქიტექტურის სამსახურმა მოგვაწოდა 2016 წლის განმავლობაში არქიტექტურის სამსახურის უფროსისა და 4 მოადგილის (სანებართვო საკითხებში, ურბანული დაგეგმარების საკითხებში, სამართლებრივ საკითხებში, ადმინისტრაციულ საკითხებში) მიმართ გაცემული თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობას 2016 წლის აგვისტოს თვიდან ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. შესაბამისად, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით ანაზღაურებას (სარგო, დანამატი და პრემია) იღებდა - 5, ხოლო 2016 წლის აგვისტოდან 4 თანამდებობის პირი.

ა) თანამდებობრივი სარგო

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არქიტექტურის სამახურის უფროსის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2950 ლარს, ხოლო მოადგილეების - 2850 ლარს. შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში, თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს სახით გაცემული თანხის თვიური ჯამური ოდენობა შეადგენს 14 350 ლარს, ხოლო წლიური ჯამური ოდენობაა - 157,950 ლარი.   

ბ) დანამატი

მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არქიტექტურის სამსახურის უფროსი და მოადგილეები ყოველთვიურად ასევე იღებდნენ დანამატს თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. შესაბამისად, 2016 წლის განმავლობაში, თანამდებობის პირების დანამატის თვიური ჯამური ოდენობა შეადგენს 14350 ლარს, ხოლო წლიური ჯამური ოდენობა - 152 890 ლარს.

გ) პრემია

თანამდებობის პირებზე პრემიის გაცემის ინტენსივობა და ოდენობა განსხვავებულია. 2016 წლის განმავლობაში თანამდებობის პირებმა საშუალოდ 4-5-ჯერ მიიღეს პრემია, თანამდებობრივი სარგოს ნახევარი ან სრული ოდენობით. 2016 წლის განმავლობაში, თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიის წლიური ჯამური ოდენობა შეადგენს - 35 560 ლარს.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის დეკემბრის თვეში, საბიუჯეტო სახსრების შემცირების დაანონსების მიუხედავად, არქიტექტურის სამსახურის ყველა (4) თანამდებობის პირმა თანამდებობრივ სარგოსთან ერთად მიიღო, როგორც დანამატი, ასევე პრემია თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით, ერთმა პირმა ჯამში - 8550 ლარი.

საია მიიჩნევს, რომ არქიტექტურის სამსახურის თანამდებობის პირებზე თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით გაცემული დანამატებისა (ყოველთვიურად) და პრემიების (წელიწადში 4-5-ჯერ) ოდენობა საბიუჯეტო სახსრების გადამეტებულ ხარჯვას წარმოადგენს და არ შეესაბამება  საბიუჯეტო სახსრების შემცირების თაობაზე სახელმწიფო პოლიტიკას.

 

არქიტექტურის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები:

ა) თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ უნდა გაძლიერდეს არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობების ნებართვის გაცემის პროცესზე კონტროლი;

ბ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, თბილისის მერიის  ვებ–გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნდეს თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია და შიდა აუდიტის დასკვნები;

გ) განისაზღვროს არქიტექტურის სამსახურში თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე დანამატისა და პრემიის გაცემის წესი და დადგინდეს მათი ზღვრული პროცენტული ოდენობა;

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge