პრემიერის ინიციატივა „ცხოვრება გრძელდება“ პარტიული და სახელმწიფო რესურსებს შორს აუცილებელ ზღვარს ბუნდოვანს ხდის

მართალია საქართველოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო პერიოდში, გამონაკლისების გარდა, არ კრძალავს, სოციალური ხასიათის პროგრამების ინიცირებას და განხორციელებას, თუმცა ასეთი ინიციატივები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკებს შეიცავს. მსგავსი ინიციატივები ძირითადად მოსახლეობის ფართო მასებზეა გათვლილი და წინასაარჩევნოდ მათი ინიცირება სწორედ ამომრჩეველთა კმაყოფილების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალ ინიციატივაზე „ცხოვრება გრძელდება“-ზე ისაუბრა. 

მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის[1] თანახმად,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება მუშაობს ახალ პროგრამაზე, რომელიც სპეციალურად პენსიონერებზეა გათვლილი. ამ პროგრამას ერქმევა "ცხოვრება გრძელდება" და ალბათ, უახლოეს დღეებში იქნება მისი პრეზენტაცია. ამაზე მუშაობენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა სამინისტრო და ასევე ფინანსთა სამინისტრო.“

საკითხის დაზუსტებისა და პროგრამის დაფინანსება გათვალისწინებული იყო თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, საქართველოს მთავრობას,ფინანსთა  და   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს მივმართეთ. ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული კორესპონდენციით ირკვევა, რომ  (#01/66963 თარიღი:02.09.2016) აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე ადრეული დამუშავების პროცესშია და შესაბამისად, ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვეწოდება პროგრამის საბოლოო დამუშავებისა და  დამტკიცების შემდგომ. ხოლო ფინანსთა სამინისტრომ კითხვაზე პასუხის მისაღებად, პოლიტიკურ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოსთან" გადაგვამისამართა (#14/83837 თარიღი 05.09.2016).  რაც ამძაფრებს ეჭვებს, რომ ამ წამოწყებით ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო ამოცანებს სწორედ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მიაღწიოს.

ხელისუფლების მიერ მსგავსი მასშტაბური პროექტები რატომღაც ყოველთვის წინასაარჩევნო პერიოდში ხორციელდება. მათი განხორციელება წინასაარჩევნოდ, შესაძლოა უშუალოდ არ ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის კონკრეტულ ნორმებს, თუმცა, თავისი არსით, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებას წარმოადგენს საარჩევნო მიზნებისათვის და არათანაბარ პირობებს ქმნის პოლიტიკური პარტიებისათვის.  

ვფიქრობთ, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება ხელს არ უწყობს ით, ხელი ეშლება  საქართველოში სამართლიანი და საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას და  წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნოდ გამოყენების რისკები იქმნება. წინასაარჩევნოდ ეს ინიციატივები სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის ზღვარს აფერმკრთალებს, რითაც ირღვევა ეუთოს კოპენჰაგენის დოკუმენტით[2] განსაზღვრული რეკომენდაცია, რომ „აუცილებელია სახელმწიფოსა  და პოლიტიკურ პარტიას შორის მკაფიო გამიჯვნა, პარტია არ უნდა იყოს აღრეული სახელმწიფოსთან“. მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს კეთილი ნება, წინასაარჩევნოდ არ განახორციელოს ასეთი სპონტანური საბიუჯეტო პროექტები და, ამ გზით, პოლიტიკური გაერთიანებებისთვის თანაბარი პირობები უზრუნველყოს.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge