პოლიტიკურად მოტივირებული „კაბელების საქმე“

2016 წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ე.წ. „კაბელების საქმეზე“ თავდაცვის სამინისტროს ხუთ მაღალჩინოსანს სასჯელის სახით 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

უცნობია მოსამართლის განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, თუმცა ცნობილია სახელმწიფო ბრალდების  - პროკურატურის საბოლოო სიტყვა, რომლის გასაჯაროებული ნაწილი მოწმობს,რომ  ყურადღების მიღმა დარჩა  „კაბელების საქმის“ მნიშვნელოვანი დეტალი. კერძოდ ის, რომ თავის დროზე „კაბელების საქმე“ საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვას წარმოადგენდა და სახელმწიფო შესყიდვის ეს ფორმა განსაკუთრებულ სტატუს სძენდა მას.

არ ვაპირებ საქმის სისხლის სამართლებრივ მსჯელობაში შესვლას. მაგრამ შემდეგი კითხვა მინდა დავსვა: შეიძლება თუ არა, რომ „კაბელების საქმე“, როგორც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს? ჩემი პასუხია დიახ. რატომ? არგუმენტები:

- საქართველოს, როგორც სახელმწიფოს დღემდე არ აქვს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხას და შესყიდვების განხორციელების წესს განსაზღვრავს. შესაბამისად, საქართველოში ჯერაც არ არსებობს რეგულაცია, რომელიც საიდუმლო შესყიდვების დროს განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყიდოს, რა უნდა იყიდოს და როგორ უნდა იყიდოს;

- ამის მიუხედავად, 2010 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მარტამდე, საქართველოში არსებულმა მარტო შვიდმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯამში 810 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების საიდუმლო სახელწიფო შესყიდვის კონტრაქტი გააფორმეს. მათ შორის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაახლოებით 190 მილიონი ლარი.

- „კაბელების საქმე“ საზოგადოებისათვის  ცნობილი ერთადერთი საქმეა, რომელიც საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის არ არსებობის პირობებში გამოძიების საგანი გახდა და ამ შესყიდვაში პროკურატურამ და სასამართლომ გაფლანგვა დაინახეს.

- დღეს უკვე არსებობს არაერთი განსაიდუმლოებული ხელშეკრულება, რომელიც როგორც თანხის, ისე ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მინიმუმ გამოძიების საგანი უნდა გამხდარიყო. მაგალითად, 2011-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროსა და „TRANSMOBILE LTD CORP”-ს შორის გაფორმებული 46 მილიონი ევროს ღირებულების ოთხი ხელშეკრულება, რომელშიც გაურკვეველი მესამე პირის სტატუსით შპს „ლეგიონი“ მონაწილეობდა და მილიონობით ლარი ავანსად ირიცხებოდა. შესაძლოა სხვა საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვებში უფრო მძიმე დანაშაულის ნიშნებიც კი არსებობდეს ვიდრე ეს სასამართლოს მიერ სხდომების დასრულებიდან ორ დღეში გამორკვეული გაფლანგვა. მაგრამ სხვა საქმეების გამოძიების შესახებ არაფერია ცნობილი;

- „კაბელების საქმის“ მთელი სახელშეკრულებო ღირებულება ჯამში 6,720,877 ლარს შეადგენს. ეს ციფრი, არასრული შვიდი წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაფორმებული საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულების - 712,936,140 ლარის 0.9% წარმოადგენს. სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვების დანარჩენი 99.1% არც არასდროს გამხდარა პროკურატურის რეალური ინტერესის საგანი და დიდი ალბათ არც მომავალში გახდება.

„კაბელების საქმე“ ერთგვარი ტესტი იყო და ეს ტესტი პირველ რიგში სასამართლო ხელისუფლებას უნდა ჩაებარებინა. სასამართლომ ტესტი ვერ ჩააბარა. სამაგიეროდ „კაბელების საქმესა“ და საქმის პოლიტიკურ მოტივს შორის ტოლობის ნიშანი დასვა.

 

სულხან სალაძე საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge