პლატფორმა „არა-ფობიას!“ ეხმაურება იუსტიციის სახლთან მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები ადმინისტრაციული დაწესებულების შესასვლელის ბლოკირების საწინააღმდეგოდ, რაც ხელს უშლის მის ფუნქციონირებასა და იუსტიციის სახლის სერვისებით სარგებლობას.
გავრცელებული კადრებით იუსტიციის სახლის შესასვლელთან შეკრებილები არიან პირები, რომლებიც ეთნიკურად არაქართველებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ისინი აპროტესტებენ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 7 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც კიდევ ერთხელ გაუქმდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დაწესებული შეზღუდვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენასთან დაკავშირებით. შეკრებილთა განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ დარჩენილ მცირე პერიოდში (კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე) უცხოელების მიერ ქართული მიწების მისაკუთრებას. აქციაზე ისმოდა ქსენოფობიური გამონათქვამებიც.
ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელის ბლოკირება და მისი ფუნქციონირებისათვის ხელშეშლა დაუშვებელია[1] და წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „დაუშვებელია შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისას და ჩატარებისას მოწოდება რომელიც... აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ქმნის ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს.“ ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში კი სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები და აღკვეთონ უკანონო მანიფესტაცია[2], მათ შორის, დააკავონ ის პირები, რომლებიც არ დაემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას.
უკიდურესად შემაშფოთებელია ბოლო პერიოდში მომძლავრებული რასიზმი, ქსენოფობია და აგრესიული დამოკიდებულება განსხვავებული შეხედულებებისა თუ იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ძალადობრივი ფაქტების წახალისებას თავად სახელმწიფო ახდენს, რომელიც იღებს უცხოელების მიმართ დისკრიმინაციულ კანონმდებლობას და არ აქვს სტრატეგია რასიზმთან და ქსენოფობიასთან საბრძოლველად. ამდენად, ნაცვლად მოძალადეთა მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებისა სახელმწიფო, ერთი მხრივ, თავად აწარმოებს აგრესიულ კამპანიას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი ძალადობრივი მოვლენების მიმართ აქვს შემწყნარებლური დამოკიდებულება (ბასიანის სპეცოპერაციის საპასუხოდ მშიდობიანად შეკრებილი მოქალაქების დაშლა ნაცვლად მათ წინააღმდეგ შეკრებილი აგრესიულად განწყობილი ჯგუფისა, წინასაარჩევნო პერიოდში ახალქალაქში განხორციელებულ თავდასხმაზე ხელისუფლების წარმომადგენლების საპასუხო რეაქცია, პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმის სხვა შემთხვევები და ა.შ.). ამას ემატება პოლიტიკოსების ქსენოფობიური რიტორიკაც. გასათვალისწინებელია დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ გაკეთებული განცხადება: “მე რომ არ ვიყო დეპუტატი, მეც იქ ვიქნებოდი”- აღნიშნა მან.
ამდენად, მოვუწოდებთ:
სამართალდამცავ ორგანოებს: დაუყოვნებლივ მიიღონ სათანადო ზომები უკანონო მანიფესტაციის აღსაკვეთად;
საქართველოს ხელისუფლებას: გაატაროს მკაცრი პოლიტიკა ქსენოფობიის ნებისმიერი გამოვლინების მიმართ და შეიმუშავოს სტრატეგია რასიზმსა და ქსენოფობიასთან საბრძოლველად.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
თანასწორობის მოძრაობა (Equality Movement)
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საფარი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
[1] „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება.“
[2] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1741 მუხლის საფუძველზე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge