პენსიონერმა საიას დახმარებით შეძლო კუთვნილი პენსიის სრულად მიღება

საიას სამართლებრივი დახმარების თხოვნით მომართა პენსიონერმა, რომელსაც საპენსიო ასაკი 2022 წლის იანვარში შეუსრულდა. მან პენსიის დანიშვნის შემდეგ კუთვნილი პენსიის მიღების მიზნით მიმართა ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალს. ბანკის წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ პენსიას ვერ მიიღებდა, რადგან ბანკის წინაშე ჰქონდა შესასრულებელი წლების წინ აღებული სასესხო ვალდებულება.

საბანკო დაწესებულების მითითებით, პენსიონერმა განცხადებით მიმართა დაწესებულებას და სახელშეკრულებო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო მოითხოვა პენსიის მისთვის გადაცემა, თუმცა, ბანკმა შესთავაზა სესხის გადასაფარად ახალი სესხის აღება, რაც მნიშვნელოვნად აუარესებდა პენსიონერის მდგომარეობას. ამასთან, ბანკმა უარი განაცხადა პენსიონერისთვის ხელშეკრულების ასლების გადაცემაზე.

საკითხის შესწავლის მიზნით, საიამ ბანკს მიმართა საჩივრით (საპრეტენზიო განაცხადით), რომელშიც მოთხოვნილი იყო სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე დაკავებული პენსიის პენსიონერისთვის გაცემა და პენსიის დაკავების საფუძველთან დაკავშირებით წერილობითი განმარტების მიღება. საკითხის შესწავლის შემდეგ ბანკმა გაითვალისწინა საჩივარში მითითებული სამართლებრივი არგუმენტაცია, რის შედეგადაც პენსიონერმა შეძლო პენსიით სარგებლობა.

საიას ამ ტიპის პრობლემასთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში სხვა მოქალაქეებმაც მომართეს. ამდენად, ამ საქმეზე დადგენილი პრაქტიკა შესაძლოა სხვა ბენეფიციარებისთვისაც იყოს სასარგებლო.

სწორედ ამ მიზნით, განმარტების სახით გთავაზობთ მცირე ინფორმაციას ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით:

პენსიის დაკავების საფუძველი შეიძლება იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება ან შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილება. თუკი პენსიის დაკავება მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია პენსიის მაქსიმუმ 50%-ის დაკავება. ასევე, პენსიის დაკავების საფუძველი არის ბანკთან დადებული ხელშეკრულება. თუმცა, ბანკიც ვალდებულია ხელშეკრულების პირობების მიუხედავად, მხედველობაში მიიღოს მითითებული რეგულაცია. 

პრობლემის გადაჭრის მიზნით, პირველ რიგში, პენსიონერმა საბანკო დაწესებულებას უნდა მიმართოს საჩივრით (საპრეტენზიო განაცხადით) და მოითხოვოს პენსიის გაცემა, აგრეთვე, ინფორმაცია პენსიის დაკავების მიზეზთან დაკავშირებით.

(წერილობითი საპრეტენზიო განაცხადის სტანდარტული ფორმის მიღება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში).

თუ აღმოჩნდება, რომ  პენსიის დაკავების საფუძველი არის პენსიონერსა და  ბანკს შორის დადებული შეთანხმების (ხელშეკრულების) ის პირობები, რომელთა მიხედვითაც ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს ბანკში მსესხებლის ანგარიშზე არსებული თანხების მსესხებლის თანხმობის გარეშე ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება ან/და უაქცეპტოდ ყველა გადასახდელის მსესხებლის ანგარიშიდან ჩამოწერა და ბანკი უარს ამბობს დარიცხული პენსიის გაცემაზე, პენსიონერმა შესაძლებელია მიმართოს სარჩელით სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეკრულების მითითებული სტანდარტული პირობის ბათილად ცნობა, უსაფუძვლოდ ჩამოჭრილი თანხის დაბრუნება და მსგავსი ტიპის ქმედების სამომავლოდ განხორციელების აკრძალვა.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პენსიონერმა მისი საკრედიტო ისტორიის მიუხედავად, სრულად შეძლოს სახელმწიფოს მიერ დადგენილი პენსიით სარგებლობა, მეორე მხრივ კი, საბანკო დაწესებულებებმა პენსიონერი მსესხებლების საბანკო ვალდებულებების დაფარვის პროცესში მაქსიმალურად გაითვალისწინონ მოქმედი რეგულაციები და არ შელახონ პენსიონერების უფლებები.

 

ამ საქმეს საია ,,ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტის - ,,ხანდაზმულთა უფლებების დაცვა და ხელშეწყობა“ ფარგლებში აწარმოებდა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge