პატიმრის თვითმკვლელობის გამო სასჯელაღსრულების სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაევალა ი.თ.-სთვის შვილის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ.

მოსარჩელის შვილმა თავი მოიკლა 2011 წელს, როდესაც იგი სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. სასჯელის მოხდის პერიოდში იგი განიცდიდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პატიმარმა და მისმა ოჯახის წევრებმა არაერთხელ მიმართეს როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და იუსტიციის იმდროინდელ მინისტრებს, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესა და შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს. აღნიშნულ განცხადებებში პატიმარი ითხოვდა დახმარებას და სხვა დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან ასეთ პირობებში საფრთხე ექმნებოდა მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. საბოლოო ჯამში სასჯელაღსრულების დაწესებულებამ იგი დროებით მოათვსა სამარტოო საკანში, რომელშიც ყოფნის ბოლო დღეებშიც პატიმარმა დაწესებულების ვერსიით თავი მოიკლა.

სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფოს მომეტებული ვალდებულებები ეკისრება პატიმართა სიცოცხლის დაცვისათვის. იგი ყველა შემთხვევაში პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფი პირის უფლებების დარღვევისათვის, რამდენადაც პატიმარი მთლიანად სახელმწიფოს განკარგულებაში იმყოფება. სახელმწიფო პასუხისმგებელია და ვალდებულია განახორციელოს ყველა ქმედითი ღონისძიება პირის სიცოცხლის დასაცავად, თუკი მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ადამიანის სიცოცხლეს რეალურად საფრთხე ემუქრებოდა.

ამასთან, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ უფლებამოსილი უწყების მხრიდან არ განხორციელებულა რაიმე ქმედითი ღონისძიება, რაც პატიმარსა და მის მშობლებს მისცემდა სამართლებრივი დაცვის განცდას, რითაც არამხოლოდ პატიმრის, არამედ - მშობლების უფლებაც დაირღვა. სწორედ აღნიშნული გახდა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge