პასუხი მმართველ პარტიას

„ქართული ოცნების“ მიერ გაანალიზდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების, მათ შორის, საიას მიერ მომზადებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიშები. Შედეგად მიღებული მიგნებები მათ პარასკევს საზოგადოებას წარუდგინეს. ჩვენი დოკუმენტების მიმართ გამოთქმულ შენიშვნებს ყოველთვის გულდასმით ვეცნობით, რაც საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ ისინი. არ გვგონია, რომ კრიტიკა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩაა და ჩვენთვის პასუხის გაცემა ან შეცდომებზე მითითება არავის შეუძლია. პირიქით, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ. ამიტომ, ეს ანალიზი დიდი ყურადღებით წავიკითხე. ახლა კი მინდა, თქვენთან ერთად განვიხილო ის. რა თქმა უნდა, სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და მხოლოდ საიას ანგარიშზე ვფოკუსირდები.

მმართველ პარტიას რამდენიმე პრეტენზია აქვს. თანმიმდევრობით მივყვეთ. Თავიდან განვიხილოთ ისინი, რომლებიც განზოგადებულია:

1. მათი პირველი შენიშვნა ჩვენ მიერ შერჩეულ მონიტორინგის პერიოდს ეხება. ისინი წერენ, რომ „სამივე შუალედურ ანგარიშში, რომელიც უნდა მოიცავდეს წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ფაქტებს, მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც მოხდა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანუ 2021 წლის 3 აგვისტომდე. [...] ამ პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი, რა თქმა უნდა, ზედმეტია. [...] ამიტომ, მოვუწოდებთ ამ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე მოყვანილი შემთხვევები ვერ იქნება საარჩევნო კამპანიის წარმოების წესების დარღვევა“. მოგვიანებით, იმავე მოწოდებას დოკუმენტში კიდევ ერთხელ ვხვდებით .ახლა ვნახოთ, რაშია საქმე: წლევანდელი მიდგომით (დაახლოებით იგივე იყო შარშანაც), საია სწავლობს კენჭისყრის დღემდე არსებულ გარემოს და აქვეყნებს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს. ერთი ანგარიში შეეხება არჩევნებამდე მე-5-მე-3 თვეებს, მეორე კი - არჩევნებამდე ორი თვიდან კენჭისყრის დღემდე არსებულ მდგომარეობას. ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე სპეციალური წესები იწყებს მოქმედებას და ჩვენ ამ ორი დროის მონაკვეთს ცალ-ცალკე ვსწავლობთ. ეს ძალიან მკაფიოა ჩვენს დოკუმენტში და გასაგებია, რომ ის არ მოიცავს პერიოდს, როდესაც სპეციალური წესები მოქმედებს. მეტიც, ყველა შემთხვევაში, როდესაც ამ თემას ვეხებით, აღვნიშნავთ, რომ აკრძალვები არ მოქმედებს. აი, რას ვწერთ: „ის, რომ ამ ინიციატივის დამტკიცების დრო წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების წინა დღეა, შემთხვევითი არ არის. Ამით ხელისუფლებამ თავი აარიდა რეგულაციას, რომელიც უკვე მომდევნო დღიდან ამ ინიციატივის იმპლემენტაციის შესაძლებლობას არ მისცემდა და მას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნევდა.“ ან, „მართალია, ეს ქმედებები საარჩევნო კოდექსს არ ეწინააღმდეგება, რადგან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აკრძალვა ჯერ არ მოქმედებდა, თუმცა საია პარტიის მხარდასაჭერად საჯარო რესურსის გამოყენებას ცუდ პრაქტიკად მიიჩნევს.“  გამოდის,რომ ის, რისკენაც მმართველი პარტია მოგვიწოდებს (საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღვნიშნოთ, რომ 3 აგვისტომდე მოყვანილი შემთხვევები არ არის საარჩევნო კამპანიისწარმოების წესების დარღვევა), ჩვენ უკვე გაკეთებული გვაქვს და მათი შენიშვნა უსაფუძვლოა.ჩვენ მიერ „კანონდარღვევის“ და „ცუდი პრაქტიკის“ გამიჯვნაზე ის რამდენჯერმე თავადვე მიუთითებს. ერთი მაგალითი: „ანგარიშის პირველ და მეორე თავებში აღწერილ სამფაქტთან მიმართებით, ცალსახად არის ხაზგასმული, რომ ისინი კანონდარღვევას არ განეკუთვნება.“ ინფორმაციისთვის: სულ ეს 3 ფაქტია, სადაც ვამბობთ, რომ ხელისუფლების ქმედება „კანონდარღვევა“ არ არის და „ცუდი პრაქტიკაა“. მმართველი პარტია საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში მოდის, როდესაც, ერთი მხრივ, „კანონდარღვევის“ და „ცუდი პრაქტიკის“ ერთმანეთისგან გამიჯვნას გვთხოვს, მეორე მხრივ კი, წერს, რომ ეს ჩვენს დოკუმენტში „ცალსახადაა ხაზგასმული“.

ხომ უცნაურია? თუმცა, უცნაურობა ამით არ სრულდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ქართული ოცნების“ მომდევნო შენიშვნა სწორედ ის არის, რომ კანონდარღვევებს და ფაქტებს ერთმანეთისგან ვმიჯნავთ: „სამივე ანგარიშში ზოგად ტენდენციას წარმოადგენს, რომ ხშირად ხდება მითითება, რომ „გამოვლენილი დარღვევები, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას“. ამგვარი განცხადებები საზოგადოებისთვის ბუნდოვანს ხდის, კონკრეტულმა პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაიდინა კანონდარღვევა, თუ მისი ქმედება უბრალოდ არ შეესაბამება კონკრეტული ორგანიზაციის მიერ დადგენილ შიდა სტანდარტს.“ რა გამოდის? მივუთითებთ, რომ ფაქტი „კანონდარღვევა“ არ არის და „ცუდი პრაქტიკაა“, ე.ი. ვმიჯნავთ. და თუ ვმიჯნავთ, მაშინ როგორღა არის ბუნდოვანი საზოგადოებისთვის, კონკრეტულმა სუბიექტმა კანონდარღვევა ჩაიდინა თუ არა? Ცხადად გვიწერია, რომ არ ჩაუდენია, უბრალოდ, „ცუდ პრაქტიკას“ მიმართა.

2. შემდეგი შენიშვნა ასეთია: „[...] ორგანიზაციები, [...] საუბრობენ ისეთი ახალი ტერმინებით, როგორიცაა მაგ. „ამომრჩეველთა გულის მოსაგებად განხორციელებული აქტივობა“ და შემთხვევებს მის დარღვევად აფასებენ.  ამ ლოგიკით, არასაარჩევნო პერიოდში მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის გულის მოგება, რაც ცალსახად არასწორია და იწვევს საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბებას, თითქოს რაიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე. “მმართველ პარტიას მოჰყავს მაგალითი და მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციების, მათ შორის,საიას მიერ გამოყენებული ახალი ტერმინია. თუმცა, ჩვენ ზემოხსენებულ ფრაზას არ ვიყენებთ. ჩვენს ანგარიშში სხვა რამე წერია: „ეს ამომრჩეველთა გულის მოგებაზე გათვლილი მანიპულაციაა.“ რას ნიშნავს ეს: ცხადია, პარტიებს, მათ შორის მმართველ გუნდს, უფლება აქვთ, ამომრჩევლის გული მოიგონ. უფრო მეტიც, ამას უნდა ემსახურებოდეს მათი აქტივობა. ეს უფლება არა მხოლოდ ზოგადად, არამედ არჩევნებამდე 60-დღიან პერიოდშიც კი აქვთ, ოღონდ ეს კეთილსინდისიერად უნდა გააკეთონ. ჩვენ ამომრჩევლის გულის მოგების ისეთ სტრატეგიას ვუპირისპირდებით, რომელიც მანიპულაციურია. როცა მთავრობა აკრძალვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე ამტკიცებს ისეთ პროგრამას, რომელსაც მომდევნო დღეს ვეღარ მიიღებდა, მან უნდა დაასაბუთოს, რა გადაულახავი ბარიერები შეხვდა, რის გამოც უფრო ადრე ეს ვერ გააკეთა, ან 3 თვის მერე ვერ გააკეთებდა. თუმცა, ამის ნაცვლად, შარს აქეთ გვდებს.

3. მმართველი გუნდის კიდევ ერთი პრეტენზია ასეთია: ორი თვის წინ ჩატარდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჰქონდათ საკუთარი ინიციატივების დაფიქსირების შესაძლებლობა. „აქედან ორი თვის თავზე მათი მხრიდან კიდევ დამატებითი კრიტერიუმებით პარტიების აქტივობების შეფასებადა ამის ისე წარმოჩენა, თითქოს ისინი კანონდარღვევას წარმოადგენენ, ჩვენი შეფასებით, არ პასუხობს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს“ - წერენ ისინი. დამატებითი კრიტერიუმები რომ კანონდარღვევად არ მიგვიჩნევია, ეს ზემოთ უკვე დამტკიცდა. ახლა მოდით, ის განვიხილოთ, თავად დამატებითი კრიტერიუმების შემოტანა რამდენად კეთილსინდისიერი ქცევაა. ჩვენს ანგარიშში მოხვდა ისეთი ფაქტების ორი კატეგორია, რომლებიც ამჟამად არ არის კანონდარღვევა. აქედან ერთი - პოლიტიკური ეთიკის საკითხია და კანონმდებლობით მისი დარეგულირების რეკომენდაცია ამ ეტაპისთვის არ გაგვიცია (შესაბამისად, ამაზე კანონმდებლობის რეფორმის პროცესში ვერ ვილაპარაკებდით), მეორე კი სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მმართველი პარტიის რეკლამის აკრძალვას შეეხება და მისი გადაჭრა კანონით შეიძლება. ეს საკითხი აქამდე არ დაგვიყენებია, ვინაიდან ჩვენს ანგარიშებში პრობლემად არ გამოვლენილა, ახალი ტენდენციაა. ესეც არ იყოს, ნებისმიერ დროს შეიძლება კანონმდებლობაში ისეთი ხარვეზების აღმოჩენა, რომლებიც ადრე იდენტიფიცირებული არ ყოფილა. თუ რეფორმის შემდეგ კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე მანამდე შეუმჩნეველი ხარვეზების იდენტიფიცირებას ხელისუფლება კეთილსინდისიერებას დაუკავშირებს, ამით კანონმდებლობის განვითარების შანსს მოსპობს. ეს ჩვეულებრივი რუტინული სამუშაო პროცესია, თუმცა მმართველი გუნდი მის წინააღმდეგ შეთქმულებად აფასებს.

ახალა გადავიდეთ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მმართველ გუნდს კონკრეტული საქმეების ჩვენეული ანალიზის მიმართ აქვს:

4. პირველ საქმეზე, რომელიც მთავრობის მიერ სასესხო ვალდებულებების სუბსიდირების პროგრამის აკრძალვების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე დამტკიცებას შეეხება, მმართველი გუნდი წერს: „შეფასება, რომ მთავრობამ „თავი აარიდა რეგულაციას“, ცალმხრივი და ტენდენციური შეფასების შთაბეჭდილებას ტოვებს. სინამდვილეში, მთავრობამ დაიცვა კანონის მოთხოვნა და დადგენილება გამოსცა წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე.“ ამ შემთხვევაშიც სიტყვები „ცალმხრივი“ და „ტენდენციური“ ჩვენი მისამართით საფუძვლის გარეშეა გამოყენებული. საიას ანგარიშში არ წერია, რომ მთავრობამ კანონი დაარღვია. პირიქით, სწორედ იმას ვამბობთ, რომ მან თავი აარიდა რეგულაციას და ისეთ დროს დაიწყო პროგრამა, როდესაც ეს კანონის დარღვევად არ ჩაითვლებოდა. თუმცა, მას ზუსტად იგივე ნეგატიური ეფექტი ექნებოდა, რის გამოც მომდევნო დღიდან ეს ქმედება აკრძალული იყო.

იქვე, ანალიზში წერია: „საია გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობის მეთაურმა ჯერ კიდევ ივნისში წარმოადგინა.“ სინამდვილეში, ეს თავი სწორედამ ფაქტის აღნიშვნით იწყება. ჩვენ ვწერთ: „25 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს გასული წლის მთავრობის საქმიანობის ანგარიშთან ერთად წარუდგინა „ეკონომიკის10-წლიანი განვითარების გეგმის“ პრიორიტეტები.“ ფაქტია, საიას მითითებული აქვს პროგრამის ივნისში წარდგენის შესახებ, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ შენიშვნა უსაფუძვლოა.

5. ჩვენი ანგარიშის მეორე თავში საუბარია სამთავრობო Facebook-გვერდების მიერ პარტიული რეკლამების დასპონსორებაზე. „ქართული ოცნება“ თავად ამ ფაქტს არ უარყოფს, უბრალოდ, წერს, რომ კანონი არ დარღვეულა, რაც ჩვენს ანგარიშშიც არის აღნიშნული. სწორედ ამიტომ ვითხოვთ რეგულირების დახვეწას, რომ მომავალში ასეთი ქმედებები აღმოიფხვრას.

6. მესამე შენიშვნა ოლეგ ხუბულურის საქმეს შეეხება. ეს ადამიანი იმიტომ გაათავისუფლეს გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან, რომ საჯარო სამსახურში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის პრობლემაზე ისაუბრა. ეს დისციპლინურ გადაცდომად და საჯარო დაწესებულების რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებად ჩაუთვალეს. თუმცა, ხუბულურს არ დაუკონკრეტებია უწყება, რომელზეც საუბრობდა, შესაბამისად, ვერავის მიაყენებდა ზიანს. „ქართული ოცნების“ ანალიზი აღიარებს, რომ „განყენებულად შესაძლოა ხუბულურის სიტყვები კონკრეტულ უწყებაზეარ უთითებდეს“, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევს, რომ ეს პირი მკაფიოდ გორის მუნიციპალიტეტზე საუბრობდა, რადგან „რეპორტაჟში დასახელებულია, კონკრეტულად რა თანამდებობა ეკავა ხუბულურს, რომელ საჯარო უწყებაში მუშაობდა ის. Შესაბამისად, იკვეთება, რომ როდესაც მის მიმართ დისციპლინურ წარმოებას ის თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების სისტემურ პრობლემას უკავშირებს, ის სწორედ საკუთარი დამსაქმებლის, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მაგალითზე საუბრობს.“ ანალიზი ასეთ ლოგიკურ ჯაჭვს აწყობს: 1. ხუბულური მუშაობდა გორის მერიაში და ეს რეპორტაჟშიც დასახელებულია, როგორც მისი დასაქმების ადგილი; 2.ხუბულური, რეალურად, საკუთარ თავზე საუბრობს, რადგან მის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას პოლიტიკურ დევნას უკავშირებს; 3. რადგან ხუბულური საუბრობს საკუთარ დისციპლინურ დევნაზე, ხოლო მაყურებელმა იცის მისი სამუშაო ადგილი, ნათელია, რომ ის გორის მუნიციპალიტეტის მერიას სდებს ბრალს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში. Ამგვარიმ სჯელობა, რბილად რომ ვთქვათ, მცდარია. ხუბულური ვერ ისაუბრებდა საკუთარ დისციპლინურ წარმოებაზე, რადგან სიუჟეტის მომზადების დროს ის დაწყებულიც არ იყო. გადაცემა ეთერში გავიდა 15 მაისს, მაშინ, როცა გორის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ 21 მაისს გამოიცა. მმართველი პარტია წერს: „აქედან გამომდინარე, საიას შეფასება, [...] ტოვებს ტენდენციურობის განცდას.“ ფაქტების სწორი თანმიმდევრობით დალაგება კი გვიჩვენებს, რომ ერთადერთი, რაც მმართველი გუნდის ანალიზიდან გამომდინარეობს, ამ ანალიზის ზედაპირულობაა.

საბოლოო ჯამში, „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კრიტიკა ხასიათდება, როგორც წინააღმდეგობრივი, ცილისმწამებლური, ფორმალისტური და ზედაპირული. ისინი ფაქტებს ამახინჯებენ. ორგანიზაციაში კარგად გვესმის, რა შეიძლება იყოს ამის მიზანი. მმართველ გუნდში იციან საიას, როგორც მიუკერძოებელი და კომპეტენტური ორგანიზაციის იმიჯის შესახებ, ამიტომ ცდილობენ, სწორედ ამას გამოუთხარონ ძირი. ისინი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიც არის „ცალმხრივი“ და „ტენდენციური“. წერენ, რომ ჩვენი ანგარიშები „არ პასუხობს კეთილსინდისიერი დაკვირვების სტანდარტს“, რომ გარკვეული საკითხები „საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ“ უნდა დავწეროთ, თითქოს რამეს განზრახ ვაბუნდოვანებდეთ. ხელისუფლების ეს სტრატეგია არ არის იმპულსური, პერსონალური ან სპონტანური. ის რაციონალურია და სურს, ჩვენს მიერ მომზადებულ კვლევებზე უსაფუძვლო იერიშის მოტანით, ჩვენი იმიჯის შელახვა. კიდევ ერთხელ, ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა შენიშვნას და, შესაბამისი არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, ჩვენი დასკვნები გადავსინჯო თკიდეც. თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი ანალიზი ასეთი არ არის. მისი მიზანი არა დისკუსია, არამედ დისკრედიტაციაა.

 

ვახუშტი მენაბდე

საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი​, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge