პარლამენტმა შვებულების მიცემაზე თანამშრომელს უარი დაუსაბუთებლად უთხრა და სამსახურიდან გაათავისუფლა

2020 წლის 26 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის მაისში თანამშრომელს დაუსაბუთებლად უთხრა უარი შვებულების გამოყენებაზე და სამსახურიდან გაათავისუფლა. სასამართლომ ბათილად ცნო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობიდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება და დაავალა საქართველოს პარლამენტს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი გადაწყვეტილების მიღება.

მოსარჩელემ 2018 წლის 25 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მოთხოვა ანაზღაურების გარეშე შვებულება. მოსარჩელე ასაბუთებდა, რომ სამუშაო ადგილას მის მიმართ შექმნილი იყო მტრული გარემო და იყო დისკრიმინაციის მსხვერპლი, რაზეც მიმდინარეობდა სასამართლო დავა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მას სურდა, ესარგებლა ანაზღაურების გარეშე შვებულებით, ხოლო თუ მას არ მისცემდნენ ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენების უფლებას, ითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლებას. ანაზღაურების გარეშე 1 წლამდე ვადით შვებულების გამოყენების უფლებას მას ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტმა მას არ მისცა კანონით გათვალისწინებული შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

შვებულებით უფლებით სარგებლობაზე უარის თქმის და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მოსარჩელემ საიას დახმარებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც სარჩელი არ დააკმაყოფილა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა და მიიჩნია, რომ პარლამენტის არგუმენტები არ იყო დამაჯერებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დროისათვის კანონიერ ძალაში არ არის შესული და საქართველოს პარლამენტს რჩება უზენაეს სასამართლოში დავის გაგრძელების შესაძლებლობა.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge