ოქტომბრის თვის წარმატებული საქმეები
საია-ს დახმარებით ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგენილ იქნა სამუშაოზე
საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი პედაგოგის - მ.გ.-ს ინტერესებს, რომელიც, ამავდროულად, იყო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრი. 2011 წელს საჯარო სკოლის დირექტორმა, ცალმხრივად კანონის უხეში დარღვევით, სკოლის სამეურვეო საბჭოს თანხმობის გარეშე, მოუშალა ხელშეკრულება და გაათავისუფლა სამსახურიდან ჩვენი ბენეფიციარი. მ.გ.-ს იმავდროულად მისაღები ჰქონდა სკოლაში დამატებითი მეცადინეობის სახით ჩატარებული გაკვეთილების ანაზღაურება 400 ლარის ოდენობით. მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა: გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება და დამატებით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.
დავა განხილული იქნა საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში, საბოლოოდ ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მ. გ.-ს მოთხოვნა, კერძოდ: მოპასუხეს დაევალა მისი სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება სამსახურში აღდგენამდე და დამატებითი მეცადინეობისთვის შრომის ანაზღაურების გადახდა.
საია-ს დახმარებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სასამართლოს გადაწყვეტილებით სიცოცხლის ბოლომდე სარჩოს მიიღებს
საია-ს თბილისის ოფისის ადვოკატი იცავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თ. ძ-ს ინტერესებს, რომელმაც 1975 წელს მიიღო საწარმოო ტრავმა. ტრავმის გამო მან სრულად დაკარგა შრომისუნარიანობა. საქმეში დადგინდა, რომ დამსაქმებლის უფლებამონაცვლე არ უხდიდა შრომისუუნარო მოსარჩელეს, ყოველთვიურად, ხელფასის ოდენობის გადასახადს, იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც საწარმოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო მიადგა მოსარჩელის ჯანმრთელობას. ზიანის ანაზღაურების მიზნით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხე საწარმოს მოსარჩელე თ. ძ-ს სასარგებლოდ დააკისრა 7 200 ლარის და 2011 წლის 02 აგვისტოდან, ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა, მოსარჩელის სიცოცხლის ბოლომდე.
საიას ადვოკატის დახმარებით რამდენიმე მოქალაქეს არ დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
საია საადვოკატო დახმარებას უწევდა მოქალაქეებს - გ.ტ.-ს, ა.ს.-ს და ნ.ლ.-ს, რომლებიც 2013 წლის 24 აგვისტოს დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობის გამო. სამართალდარღვევის ოქმებში აღინიშნა, რომ ისინი უმისამართოდ იგინებოდნენ, მოთხოვნას, შეეწყვიტათ გინება არ დაემორჩილნენ, რის საფუძველზეც მოხდა მათი დაკავება. დაკავებულთა განმარტებით აღნიშნული არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ა.ს. ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააჩერეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა (როგორც შემდგომ გაირკვა - შსს-ს თანამშრომლებმა), მოსთხოვეს დოკუმენტების წარდგენა და დაიწყეს მისი ჩხრეკა, მათ სიტყვიერად განმარტეს, რომ იყვნენ სამმართველოს თანამშრომლები, თუმცა თავიანთი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები ა.ს.-თვის არ უჩვენებიათ. მას არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი არ აღმოაჩნდა, მან და მისმა მეგობარმა - გ.ტ.-მ მოითხოვეს ა.ს.-თვის ჩამორთმეული დოკუმენტაციის დაბრუნება, რაზეც უარი მიიღეს, ისინი ცდილობდნენ გაერკვიათ, რის საფუძველზე არ უბრუნებდნენ დოკუმენტაციას, თუმცა პასუხი ვერ მიიღეს, ამის ნაცვლად მოხდა მათი დაკავება. რაც შეეხება მესამე პირს - ნ.ლ.-ს, ის შემთხვევის ადგილას მოვიდა გ.ტ-სა ა.ს.-ს (ბიძამისის) დაკავების შემდეგ, როდესაც დაინახა, რომ ბიძამისი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიჰყავდათ სამოქალაქო მანქანით, შეეცადა, გაერკვია რა ხდებოდა და სად მიჰყავდათ ბიძამისი, თუმცა ყოველგვარი განმარტების მიცემის გარეშე ისიც დააკავეს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი მათგანი სცნო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირებად და შეუფარდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. ნ.ლ.-ს კი შეეფარდა სიტყვიერი შენიშვნა. საია-ს დახმარებით გ.ტ.-მ და ა.ს.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა მათი სააპელაციო საჩივარი და შეწყვიტა საქმის წარმოება გ.ტ.-ს და ა.ს.-ს მიმართ, მათ ქმედებაში სამართალდარღვევის ნიშნების არარსებობის გამო.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე ა.გ.–ს ინტერესებს, რომელიც სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 197(1) მუხლის საფუძველზე 1 000 ლარით დაჯარიმდა.
სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა.გ.–ს მიერ ჩადენილი იყო მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მას გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
მოქალაქე მ.ო. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის საფუძველზე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118(2) მუხლით (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა) და სანქციის სახით დაეკისრა ჯარიმა 10 (ათი) ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მ.ო. -ს დაერიცხა საურავი 150 ლარის ოდენობით. განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის და საურავის გადაუხდელობის გამო, ჯარიმა შეიცვალა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევით 1 წლით.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, მ.ო.–მ მის მიმართ შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამავე სასამართლოს მიერ მ.ო.–ს მიმართ შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა მ.ო.–ს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და საქმე შეწყვიტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
საიას დახმარებით სასამართლომ კიდევ ერთი მოქალაქე აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა აპელანტ მ.ხ-ს სააპელაციო საჩივარი და მისი აწ.გარდაცვლილი მამა -კ.ხ. აღიარებულ იქნა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ კ.ხ-ს გადასახლებას საფუძვლად დაედო პოლიტიკური მოტივი, გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და კ.ხ. აღიარა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, რაც ჩვენს ბენეფიციარს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს კომპენსაცია, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის მემკვიდრემ.
საიას დახმარებით ჟურნალისტებმა შეძლეს მათი უფლებების დაცვა
საიას ოზურგეთის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა გაზეთ „ლანჩხუთის მოამბის“ რედაქტორის ნ.ღ-სა და ჟურნალისტ ნ.ლ-ს ინტერესებს, რომელთა წინააღმდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ აღძრა სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვა საკრებულოს წევრთა პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი მასალის უარყოფა ამავე გაზეთის საშუალებით. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მუნიციპალიტეტში ჩატარებული ტენდერების შესახებ ჟურნალისტ ნ.ლ-ს მოსაზრება წარმოადგენდა შეფასებით მსჯელობას კონკრეტული ფაქტის მიმართ და მას არ ჰქონდა მტკიცებითი ხასიათი, შესაბამისად აღნიშნული მსჯელობა ექცეოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საია-ს დახმარებით ბრალდებულების მიმართ გამოყენებულ იქნა განრიდება
საიას გორის ოფისი გამოძიების მიმდინარეობისას და ახალციხის რაიონულ სასამართლოში იცავდა რ. შ.-ს, ვ. მ-ს და გ. ა-ს ინტერესებს. მათ ბრალი ედებოდათ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ, ჩადენილი ჯგუფის მიერ) ჩადენაში. საია-ს ადვოკატის აქტიურობის შედეგად სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვამდე ბრალდებულებს პროკურატურამ შესთავაზა განრიდება რასაც ჩვენი ბენეფიციარები დაეთანხმნენ. 2013 წლის 29 ოქტომბერს ბრალდების მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საქმის პროკურატურისათვის დაბრუნება ბრალდებულთა მიმართ განრიდების გამოყენების მიზნით. სასამართლომ შუამდგომლობა დააკმაყოფილა. რ.შ-ს, ვ.მ-ს და გ.ა-ს განრიდების პირობად განესაზღვრათ 40 (ორმოცი) საათის ოდენობით საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება.
საია-ს დახმარებით ხანდაზმულ ბებიას განესაზღვრა შვილიშვილის ნახვის დღეები
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა ნ.პ-ს უფლებებს, რომელსაც ყოფილი რძალი არ აძლევდა არასრულწლოვანი შვილიშვილის ნახვის შესაძლებლობას. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და მას განესაზღვრა არასრულწლოვან შვილიშვილის ნახვის დღეები.
საია-ს დახმარებით მოქალაქემ შეძლო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში
საიას აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა ო.დ-ს ინტერესებს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. ო.დ-მ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სასამართლოს, მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილობა და ქმედების განხორციელება - საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალდებულება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო.დ-ს სარჩელი და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, განახორციელოს ო.დ-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში და უძრავი ქონება უკვე დარეგისტრირდა ო.დ-ს საკუთრებად.
საიას დახმარებით, კიდევ ერთ არასრულწლოვანს დაენიშნა ალიმენტი
საიას გორის ოფისი სასამართლოში იცავდა მოსარჩელე თ.ნ-ს ინტერესებს, რომელიც არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ითხოვდა ყოფილი მეუღლისათვის ალიმენტის დაკისრებას. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ს.გ-ს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge