ონლაინ კონფერენცია „საქართველო - დემოკრატიის მომავალი“

2021 წლის მარტი-აპრილის პერიოდში გერმანიის საელჩოს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (‘საია’) და  საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის თანაორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია „საქართველო - დემოკრატიის მომავალი“. 

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა ოთხი სესია: 

  1.  „რა არის დემოკრატია? როგორ შეგვიძლია მისი გაზომვა და პროგრესის შეფასება?“ (29 აპრილი); 
  2. „დემოკრატიული განვითარების ოცდაათი წელი საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები“ (6 მაისი);
  3. „რა ეტაპზეა საქართველო ამჟამად? რისი გაკეთებაა საჭირო სამომავლოდ?“ (13 მაისი);
  4. “ანგარიშვალდებული მთავრობა“ (20 მაისი).

თითოეულ სესიაზე მოწვეული იყვნენ მეცნიერები და პოლიტიკოსები, რომლებმაც განიხილეს საქართველოს დემოკრატიის მიღწევები, საჭიროებები და გამოწვევები.

კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიკოსები, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოში დიპლომატიური კორპუსების,  ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამსწრეებს მომხსენებლებისთვის კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.

კონფერენციების სერია საქართველოში გერმანიის ელჩმა - ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა - ნატალია ვუტოვამ და საიას თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა გახსნეს. 

პირველ სესიაზე „რა არის დემოკრატია? როგორ შეგვიძლია მისი გაზომვა და პროგრესის შეფასება?“ - მოწვეული იყვნენ პროფესორი ვოლფგანგ მერკელი (ბერლინის სამეცნიერო ცენტრი) და საბინე დონერი (ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსის ჯგუფის ხელმძღვანელი). სესიას მოდერაციას უწევდა ქეთევან აბაშიძე (ადამიანის უფლებათა სახლის ფონდი). პროფესორმა მერკელმა ისაუბრა დემოკრატიის მნიშვნელობაზე და დემოკრატიის კრიზისზე, რომლის წინაზშეც დღეს მრავალი სახელმწიფო დგას. ამასთან, საბინე დონერმა დამსწრეებს წარუდგინა ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი, რომელიც აფასებს 126 ქვეყნის პროგრესს ან რეგრესს დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

მეორე სესიაზე „დემოკრატიული განვითარების ოცდაათი წელი საქართველოში - მიღწევები და გამოწვევები“ - პანელის წევრები იყვნენ ზაალ ანდრონიკაშვილი (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბერლინის ლიტერატურის და კულტურის ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი) და სტივენ ჯონსი (პროფესორი, მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯი). სესიას მოდერაციას უწევდა სალომე ასათიანი (რადიო თავისუფლება). ზაალ ანდრონიკაშვილის თქმით, საქართველო ჯერ კიდევ რევოლუციური კანონის თანახმად იმართება, რომელიც თავის თავს მიიჩნევს ერთადერთ ძალად და არ ექვემდებარება შეზღუდვებს. სტივენ ჯონსმა აღნიშნა, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოა, თუმცა, როგორც სხვა ქვეყნებში, ისე საქართველოშიც, დემოკრატია მყიფე გახდა. 

მესამე სესიის - „რა ეტაპზეა საქართველო ამჟამად? რისი გაკეთებაა საჭირო სამომავლოდ?“ - ფარგლებში, პანელის წევრები იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი და ირაკლი კობახიძე. კონფერენციის სესია გახსნა საქარველოში ევროკავშირის ელჩმა - კარლ ჰარცელმა, ხოლო შესავალი მოხსენება საიას წარმომადგნელმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ვახუშტი მენაბდემ წარმოთქვა. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა ნინო ლეჟავა (გამომცემლობა მელანი). კარლ ჰარცელმა ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი პრინციპი გაიხსენა, რომლის მიხედვით „განსხვავებების მიღმა, საერთო ინტერესები დგას“. მისი თქმით, ეს პრინციპი საქართველომაც უნდა გაითავისოს, ვინაიდან ის ისწრაფვის პოლიტიკის ევროპული მოდელისკენ. ვეხუშტი მენაბდისთვის ბოლოდროინდელი კრიზისი წარმოადგენს „მემკვიდრეობით“ მიღებულ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში ჩამოყალიბდა. მისი თქმით, პოლიტიკა განიხილება, როგორც ნულოვანი ჯამის თამაში, რისი თვალსაჩინო მაგალითიც „მაჟორიტარული“ სისტემაა. პოლიტიკოსებმა დავით უსუფაშვილმა, სალომე სამადაშვილმა და ირაკლი კობახიძემ მიმოიხილეს დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს ისტორია და განიხილეს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს პოლიტიკური პარტიები დგანან.

კონფერენციის მეოთხე სესია - “ანგარიშვალდებული მთავრობა“, შესავალი მოხსენებით გახსნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახტანგ ნაცვლიშვილმა. პანელში მოწვეული იყვნენ თამარ ცხადაძე (ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი მაისურაძე (პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ლელა რეხვიაშვილი (დოქტორი, მკვლევარი, ლაიბნიცის რეგიონალური გეოგრაფიის ინსტიტუტი), პროფესორი ნიკოს ალივიზატოსი (ვენეციის კომისიის წევრი, საბერძნეთი). სესიას მოდერაციას უწევდა ქეთევან ხუციშვილი (ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო). ვახტანგ ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკა სამი წლის წინ გახდა და დღეს, ბევრს ეპარება ეჭვი ქვეყანაში დემოკრატიის არსებობაზე. თამარ ცხადაძემ დადებითად შეაფასა გენდერული ძალადობის აღსაკვეთად შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივები, თუმცა აქვე მიუთითა, რომ ნაკლები ძალისხმევა იყო გაწეული გენდერული უთანასწორობის დასასრულებლად. გიორგი მაისურაძემ მიმოიხილა ნამოხვანის პროექტი და აღნიშნა, რომ ამ კრიზისის ფონზე რთულია დააიდენტიფიცირო, თუ რომელი მხარის ინტერესებს წარმოადგენს სახელმწიფო, ხალხის თუ ბიზნეს სექტორის. ლელა რეხვიაშვილის აზრით, ნეოლიბერალიზმი შეუთავსებელი იყო დემოკრატიასთან. მისი თქმით, ნამოხვანის პროექტი იყო მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფო ბიზნესს სექტორს უთანასწორო უპირატესობას ანიჭებდა. ნიკოს ალივიზატოსი საკითხს ვენეცისს კომისიის წევრის გადმოსახედიდან მიუდგა. მისი აზრით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისი კერძო ინტერესებმა და პირადმა ამბიციებმა განაპირობეს. მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობას და ოპოზიციას საერთო პასუხისმგებლობა აკისრიათ და შესაბამისად, ერთმანეთისადმი სოლიდარობის გრძნობა უნდა გააჩნდეთ. გარდა ამისა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის შემუშავებაა, უმრავლესობამ არასდროს უნდა შეცვალოს წესები თავის სასარგებლოდ. 

კონფერენციის სესიების სანახავად გადადით ბმულებზე:

I სესია -  https://www.facebook.com/GYLA.ge/videos/277282567369281  

II სესია - https://www.facebook.com/GYLA.ge/videos/210897687241812

III სესია - https://www.facebook.com/GYLA.ge/videos/1119343738546848

IV სესია - https://www.facebook.com/GYLA.ge/videos/282917020178305


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge