OECD-SIGMA-ს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით IDFI-სა და GYLA-ს ერთობლივი განცხადება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროკავშირის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივმა პროექტმა (SIGMA) საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ფარგლებში შეაფასა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულება. SIGMA-ს 2018 წლის საბაზისო შეფასებაში წარმოდგენილი 21 მოკლევადიანი რეკომენდაციიდან 2020 წლისთვის შვიდი სრულად შესრულდა, 10 - არასრულად, ოთხი კი შეუსრულებელია. 

SIGMA-ს მოკლევადიანი რეკომენდაციების განხორციელება 1-2 წელზეა გათვლილი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ ორი წლის განმავლობაში საქართველომ გაცემული რეკომენდაციების მხოლოდ მესამედის სრულად შესრულება მოახერხა და ამასთან, სრულად შესრულებულად მიჩნეული რეკომენდაციების შემთხვევაშიც SIGMA კვლავ მიუთითებს რიგი საკითხების გაუმჯობესების საჭიროებაზე, ცხადყოფს, რომ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ სახეზეა. აღნიშნულს ადასტურებს IDFI-სა და საია-ს მიერ განხორციელებული საჯარო მმართველობის რეფორმის განხორციელების სამოქმედო გეგმის 2019 წლის და 2020 წლის ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშები.

SIGMA ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის საერთო წესის აუცილებლობაზე, რაც PAR-ის 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შუალედური ალტერნატიული ანგარიშის მიხედვით შეუსრულებელი ვალდებულებაა. 

SIGMA ანგარიშის ფარგლებში მიუთითებს მთავრობის მიერ ღიაობისა და გამჭვირვალობის, ისევე, როგორც მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვის გაუმჯობესების საჭიროებაზე. დოკუმენტი ასევე საუბრობს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს შორის კომუნიკაციის და კოორდინაციის სიმცირეზე. 

პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის მიმართულებით არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვანია, მთავრობამ შესაბამისი ვალდებულებები გაითვალისწინოს საჯარო მმართველობის რეფორმის ახალ სამოქმედო გეგმაში და პირნათლად შეასრულოს SIGMA-ს რეკომენდაციები ისევე, როგორც 2019-2020 წლების საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის შეუსრულებელი ვალდებულებები


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge