საიას თბილისის ოფისი იცავდა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირს. მის მიმართ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2011 წელს დაიწყო დევნა ქ. თბილისის მერიისა და შესაბამისი სამსახურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე. ბ.მ-ს ბრალი წარედგინა რამოდენიმე მუხლის, მათ შორის ჯგუფურად უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ქრთამის მიცემის მცდელობის საფუძველზე.
2015 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
საიას თბილისის ოფისი იცავდა ერთ პირს, რომლის მიმართაც პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი მცირე ოდენობით გამომშრალი მარიხუანას შენახვის საფუძვლით.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დაინახეს, როგორ გადააგდო პასუხისგებაში მიცემულმა პირმა თეთრი ფერის ნივთი, რომელიც აღმოჩნდა მარიხუანა. საიას ადვოკატებმა სასამართლო პროცესზე დაასაბუთეს, რომ პოლიციელთა ჩვენებები არ იყო სანდო და მხოლოდ მათ ჩვენებებზე დაყრდნობით დაუშვებელი იყო სამართალდარღვევის ფაქტის დადგენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა საიას ადვოკატების არგუმენტაცია და განმარტა, რომ ,,პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების დროს სახეზე უნდა იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებს ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალეული პირის სასარგებლოდ“.
შედეგად, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება იმ საფუძვლით, რომ არ დადასტურდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
3. საიას თელავის ოფისისა და ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქეები გათავისუფლდნენ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
2015 წლის ოქტომბრის თვეში გ.ფ-ის მიმართ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ შედგენილ იქნა სამართალდარღვევის ოქმი. გ.ფ-ს მითითებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეუჩერდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 6 თვის ვადით. საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით გ.ფ-ს მიმართ გამოცემული ოქმი გაუქმდა და მას მოეხსნა ადმინისტრაციული სახდელი.
საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა მ.ვ-ს ინტერესებს, რომელსაც საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და რეგისტრაციიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების გამო 250 ლარით დააჯარიმა.
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მ.ვ-მ ადმინისტრაციული ოქმი გაასაჩივრა სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილებით მის მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სამართალდარღვევის არარსებობის გამო.
4. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით მოქალაქემ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება შეინარჩუნა
საიას აჭარის ფილიალი დახმარებას უწევდა მოქალაქე ფ.დ-ს, რომლის წინააღმდეგაც აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს მის სახელზე 2010 წლის 01 აპრილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმების მოთხოვნით. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით გაუქმდა ფ.დ-ს სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ფ.დ-მ გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც სრულად გაიზიარა საიას აჭარის ფილიალის ადვოკატის მოსაზრებები და გააუქმა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სამინისტროს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
5. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით დამცავი ორდერი გამოიცა
საიას აჭარის ფილიალი იცავდა მოქალქე თ.მ-ს ინტერესებს, რომლის მიმართაც მეუღლე, მასზე ახორციელებდა სისტემატიურ ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით თ.მ-მ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით განცხადება სრულად დაკმაყოფილდა და გამოიცა დამცავი ორდერი 3 თვის ვადით, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან სატელეფონო საუბარი და იმ ადგილებთან მიახლოვება სადაც მსხვერპლი იმყოფება.
6. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო პატიმრის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს განმეორებით განიხილავს
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მსჯავრდებულ რ.ბ.-ს ინტერესებს, რომელსაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გააუქმა ა.ბ.-ს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ საბჭოს დაევალა გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
7. ქუთაისის ფილიალი დაცმარებით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ინტერესები იქნა დაცული
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ი. რ-ს ინტერესებს, რომელიც 1990 წლიდან 2013 წლამდე სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადიოდა, როგორც ამბულატორიულ ასევე სტაციონალურ მკურნალობას. ქ. ქუთაისის მერის 2008 წლის 23 ივლისის ბრძანებით საცხოვრებელი ბინა, რომლის კანონიერი მოსარგებლე იყო ი.რ., უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა მის მამინაცვალს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილებით ქ. ქუთაისის მერის ბრძანება 1/5 ნაწილში გაბათილდა და მოპასუხეს დაეკისრა 1/5 ნაწილში, სადაო ქონების გასხვისებით ი.რ.-სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა შშმპ სტატუსის მქონე პირის ინტერესებს, რომელსაც 7 თვის განმავლობაში არ ერიცხებოდა საპენსიო თანხა. სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს ბ.ჩ-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი საპენსიო თანხის გადახდა.
8. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქე აღდგენილი იქნა სამსახურში
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ფ.ხ.-ს ინტერესებს, რომელიც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2015 წლის 31 იანვრის ბრძანებით გათავისუფლდა იმერეთის სოციალური მომსახურების ცენტრის კანცელარიის სპეციალისტის თანამდებობიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გააუქმა ფ.ს.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და სოციალური მომსახურების სააგენტოს ფ.ხ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 900 ლარის ოდენობით.
9. საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით მოქალაქეები უკანონოდ შეწყვეტილ პენსიას მიიღებენ.
საიას ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქეების თ. გ.-ს და მ. ხ.-ს ინტერესებს, რომლებსაც არასწორად შეუწყდათ სახელმწიფო პენსიის დარიცხვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე, სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თ.გ.-ს და მ.ხ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა შეწყვეტილი საპენსიო თანხის გადახდა.
10. საიას აჭარის ფილიალის დახმარებით პირებს შესაძლებლობა აქვთ სწავლა განაგრძონ უნივერისტეტში.
საიას აჭარის ფილიალი იურიდიულ დახმარებას უწევდა რ.ქ-ს და მ.ა-ს, რომელთაც ეროვნული და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩაირიცხნენ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის სხვადასხვა პროგრამებზე, მაგრამ ჩარიცხვიდან ოთხ დღეში უნივერისტეტის რექტორის მოადგილის ბრძანებით რ.ქ-ს და მ.ა-ს სტუდენტის სტატუსი შეუწყდათ, იმ საფუძვლით, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ ბათუმის სახელმწიფო უნივერისიტეტის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით სრულად გაიზიარა საიას აჭარის ფილიალის იურისტის მოსაზრებები, გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და რ.ქ-ს და მ.ა-ს მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.
11. საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით მამას შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
საიას თელავის ოფისმა სამართლებრივი დახმარება გაუწია მოქალაქე ნ.ძ-ს, რომელიც ზრდიდა არასრულწლოვან შვილიშვილს, რომლის დედა გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი და მოკლული იქნა მეუღლის მიერ. ბავშვის მამა სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იმ საფუძვლით, რომ ბავშვს არ სურდა რაიმე სახის და მათ შორის სამართლებრივი ურთიერთობა ჰქონოდა მისი დედის მკვლელთან, ასევე არასრულწლოვანი ხ.შ ვერ იღებდა მარჩენალდაკარგულის პენსიას, ვინაიდან იგი დარჩენილი იყო კანონიერი წარმომადგენლის გარეშე. საიას თელავის ოფისის ადვოკატის დახმარებით ნ.ძ-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ო.შ-ს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ხ.შ-ს მიმართ.
12. საიას ზუგდიდის ოფისის დახმარებით უკანონოდ გათავისუფლებული მოქალაქე აღდგა თანამდებობაზე
საიას ზუგდიდის ოფისი სასამართლოში იცავდა ნ.ა.-ს ინტერესებს, რომელიც სსიპ „ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ დირექტორის 2015 წლის 22 ივლისის ბრძანებით გათავისუფლდა შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობიდან. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა საიას ზუგდიდის ოფისის სასარჩელო მოთხოვნა და გააუქმა ნ.ა.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ის აღდგენილ იქნა თანამდებობაზე და სსიპ „ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge