ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „რუსთავის 2-ის“ საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება მითვისება ან გაფლანგვის მუხლი (სსკ-ის 182-ე მუხლი მე-2 (ა,დ) და მე-3 (ბ) ნაწილები) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე დამნაშავედ ცნო ანალოგიური მუხლით ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნიკა გვარამია დანარჩენ ბრალდებებში გამართლდა. 

საია მონიტორინგს უწევდა სისხლის სამართლის პროცესებს და მიგვაჩნია, რომ გამოტანილი განაჩენი პრობლემურია როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე არსებობს საეჭვო გარემოებები მართლმსაჯულების განხორციელებასთან მიმართებით. ამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის და წილის მფლობელის მიმართ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებელს, რაც დამატებით შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული პოლარიზებული გარემოს გამძაფრებას.

ქვემოთ იხილეთ ორგანიზაციის პირველადი შეფასება ამ საქმესთან დაკავშირებით. 

წარდგენილი ბრალდება

ნიკა გვარამიასათვის წარდგენილი ბრალდებების უმეტესობა მის მიერ 2015 წელს მიღებულ მენეჯერულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, როდესაც ის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო.

2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების დაწყებიდან მალევე, 2019 წლის 9 აგვისტოს გამოტანილ იქნა დადგენილება ნიკა  გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.[1]

ამავე წლის 6 სექტემბერს მიღებულ იქნა ახალი დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისკომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.[2] ნიკა გვარამიასთან ერთად პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილ ფინანსურ დირექტორს - კახაბერ დამენიას[3] და ინტერ მედია პლიუსის დირექტორს - ზურაბ იაშვილს.[4]

ნიკა გვარამიას მოგვიანებით ბრალდება კიდევ უფრო დაუმძიმდა და დამატებით ბრალი წარედგინა საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.[5]

საქმის სავარაუდოდ პოლიტიკური ასპექტები და სხვა საეჭვო გარემოებები

ნიკა გვარამია გარდა იმისა, რომ არის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მაუწყებლის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ის ასევე წარმოდგენს ამ კომპანიის დამფუძნებელს და გამოძიების დაწყების ეტაპზე ფლობდა „მთავარი არხის“ წილის 51%-ს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე მიმდინარე გამოძიება და სასამართლოს შედეგი არ წარმოადგენდა მხოლოდ კონკრეტულად ბრალდებული ნიკა გვარამის მიმართ სამართლებრივი შედეგის მატარებელ საქმეს.

საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიმართა სასამართლო მეგობრის პოზიციით[6], სადაც მიუთითებს, რომ კანონმდებლობისა და საერთაშორისო გამოცდილების/სტანდარტების გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც ნაკლები მოგების მიღებას გულისხმობდეს, შესაძლებელია ემსახურებოდეს კორპორაციის საუკეთესო ინტერესებს და უზრუნველყოფდეს მოკლე, ან გრძელვადიანი რისკების დაზღვევას. ამასთან, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.

ასევე, ამავე საქმეზე საერთაშორისო გამჭირვალობის წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრების[7] მიხედვით არ დასტურდება ნიკა გვარამიას მიერ ქონებრივი უფლების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და  გამოყენების ფაქტი. აგრეთვე, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდება ვერ პასუხობს სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული ფულის გათეთრების დანაშაულის ნიშნებსა და მის კონვენციურ შინაარსს.

საგულისხმოა, რომ საქმეზე საწყის ეტაპზე სწრაფად წარიმართა გამოძიება და მცირე ინტერვალში მოხდა ნიკა გვარამიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არაერთი გაჭიანურებული გამოძიების ფონზე აღნიშნული გარემოებაც  შესაძლოა დამატებით მიუთითებდეს მოცემული საქმით სავარაუდო დაინტერესებაზე.

გარდა ამისა, საქმის არსებითი განხილვისას თავდაპირველ ეტაპზე სასამართლომ ერთპიროვნულად განსაზღვრა სხდომის თარიღები, ისე რომ არ მიიღო მხედველობაში დაცვის მხარის პოზიცია. ადვოკატები საუბრობდნენ, რომ მითითებულ დღეებში არ ეცალათ, რადგან სხვა პროცესებს ემთხვეოდა ეს თარიღები. დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად, მოსამართლემ  ფორსირებულად და ახლო შუალედებში ჩანიშნა სხდომები.[8] ორი სხდომის შემდგომ, 2020 წლის 10 იანვრის სხდომაზე, მოსამართლემ თვითაცილების შესახებ განაცხადა, მიზეზად კი აღნიშნა, რომ მასსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირებამ პირადი ხასიათი მიიღო და შესაძლოა მას ობიექტურად ვერ წარემართა პროცესი.[9]

საქმის არსებითად განმხილველი პირველი მოსამართლის თვითაცილების[10] მიუხედავად, კვლავ გაჩნდა კითხვები საქმის ახალი მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოიკვეთა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე არის ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი ჰოლდინგის დირექტორის ზ. გ.-ის ბავშვობის მეგობარი. შესაბამისად მას, როგორც ჰოლდინგის დირექტორს  გააჩნია პირდაპირი ფინანსური ინტერესი საქმის შედეგის მიმართ.  მოსამართლემ თავი არ აიცილა მაშინვე, როდესაც შეიტყო რომ საქმე რუსთავი 2-ს ეხებოდა და ზ. გ. ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავდა. შემდგომში აღნიშნულთან დაკავშირებით დაცვის მხარემაც დააყენა მოსამართლის აცილების თაობაზე შუამდგომლობა. პროცესზე წარმოდგენილი იქნა მოსამართლისა და ზ. გ.-ს ახლო მეგობრობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მოსამართლემაც არ უარყო. მათ შორის მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ საქმის მიმდინარეობის პერიოდშიც. ამის მიუხედავად, მოსამართლემ თავი არ აიცილა. 

მართალია, ამგვარი შემთხვევების დროს კანონი პირდაპირ არ უთითებს სავალდებულო აცილების გარემოებებზე მაგრამ განსაზღვრავს, რომ  მოსამართლე  ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ არსებობს გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას.[11] გარდა ამისა, საქართველოს სამოსამართლეო ეთიკის წესების მიხედვით, მოსამართლე უნდა შთააგონებდეს საზოგადოებრივ რწმენას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობისადმი, ამასთანავე მოსამართლეს ეკრძალება პროცესის მხარეებთან ან საქმით დაინტერესებულ პირებთან ცალ-ცალკე (ex parte) შეხვედრა ან ნებისმიერი სხვა ფორმით კომუნიკაცია სასამართლოში ან მის გარეთ, საქმის სასამართლოში შესვლის მომენტიდან საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.[12] ზემოხსენებული გარემოებები კი აჩენდა ეჭვს მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობის შესახებ.

პროცესების ჩანიშვნის პერიოდულობა პრობლემური გახდა ახალი მოსამართლის პირობებშიც. ის რიგ შემთხვევაში კვირაში ორ პროცესს ნიშნავდა, ნიკა გვარამია დასკვნითი სიტყვისთვის მოსამზადებლად 1 კვირას ითხოვდა, სასამართლომ კი მხოლოდ 3 დღე მისცა. რის შემდგომაც მოულოდნელად გაურკვეველი მიზეზებით პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ჯამში 2 თვით. 

საბოლოოდ საქმეზე განაჩენის 2022 წლის 16 მაისს გამოცხადებით, დაირღვა საქმის განხილვის 24 თვიანი ვადაც.[13] კერძოდ სასამართლომ თითქმის ხუთი თვით გადააჭარბა[14] კანონმდებლობით დადგენილ ვადას.

საქმის საბოლოო შეფასებას ორგანიზაცია სასამართლო განაჩენის გაცნობის შემდგომ წარმოადგენს.

 

 


[1] ბრიფინგი გენერალურ პროკურატურაში, 06.09.2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wuOKkq.

[2] იქვე.

[3] ბრალდებულია - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე. 

[4] ბრალდებულია - კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

[5] გენერალური პროკურატურის განცხადება, 01.11.2019,  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3wsWq6N .

[6] სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე, საქართველოს სახალხო დამცველი, 04.11.2019, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39mEsea . 

[7] ნიკა გვარამიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის შეფასება, საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო, 24.03.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yxi906.

[8] მოსამართლემ 2020 წლის 3 იანვრის სხდომაზე გაწერა შემდეგი სხდომის თარიღები: 6 იანვარი, 10 იანვარი, 13 იანვარი, 20 იანვარი, 23 იანვარი, 24 იანვარი, 7 თებერვალი.

[9] საია-მ სისხლის სამართლის პროცესების გონივრულ ვადაში განხორციელებასთან დაკავშირებით ხარვეზები გამოავლინა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 20.07.2020, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3yDqu2h.

[10] მოსამართლე გიორგი არევაძემ გვარამიას საქმე აიცილა, ნეტგაზეთი, 10.01.2020, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/419275/.

 

[11] სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი  59 (1-ა). 

[12] https://www.supremecourt.ge/judges-self-governance/judges-ethics-code/ მუხლი 3.7

[13] სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 185 (6).

[14] ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისთვის გადაეცა, ინტერპრესნიუსი, 23.12.2019 , ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3N6oIL8 .


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge