NGO-ები პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიას საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მსჯელობის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ასევე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მსჯელობა სისტემური საარჩევნო ცვლილებების განხორციელების თაობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნული ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე უკანასკნელ პერიოდში არაერთი განცხადება გააკეთეს, შესაბამისად, საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაცია ერთხმად აღიარებს ცვლილებებზე მუშაობის დროულად დაწყების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.
მიუხედავად იმისა, რომ 2013 და 2014 წლებში საკანონმდებლო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცალკეული ცვლილებები დადებითად შეიძლება შეფასდეს, საერთო ჯამში, საარჩევნო კანონმდებლობის ფუნდამენტური ცვლილება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა საარჩევნო გარემოს და რისი მოლოდინიც საზოგადოებას ახალი ხელისუფლების დანაპირების საფუძველზე ჰქონა, ამ დრომდე არ განხორციელებულა.
 
არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომელთა დაკავშრებითაც რეფორმის განხორციელება დიდი ხანია წარმოადგენს არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნის საგანს. ასეთი საკითხებს, პირველ რიგში, განეკუთვნება საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი, ამომრჩეველთა სიები და სხვა. ახალი ცვლილებებით უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამომრჩეველთა ხმის წონის თანაბრობა, მიღებული ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში, ე.წ. დაკარგული ხმების მაქსიმალურად შემცირება, ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, უმცირესობათა პროპორციული წარმომადგენლობა.
 
ამ და სხვა საკითხებზე არაერთი რეკომენდაცია წარედგინა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც საქართველოს პარლამენტში ორჯერ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ საკითხზე ინტერფრაქციულ ჯგუფში განხილვები გაიმართა, არსებითი ცვლილებების განხორციელება არ მომხდარა. ამის მიზეზად, უმთავრესად დასახელებული იყო არჩევნებამდე დარჩენილი მცირე დრო და ძირეული ცვლილებების განხორციელების სირთულე.  
 
იმისთვის, რომ არ მოხდეს წარსული პრაქტიკის განმეორება, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოხატოს პოლიტიკური ნება სისტემური საარჩევნო ცვლილებების გასატარებლად და  დროულად შექმნას დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობაზე დაფუძნებული საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც შეძლებს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებას. საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი უნდა იყოს აღჭურვილი პოლიტიკური ნდობით, რაც ჯგუფის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევ დოკუმენტად აქცევს.  იმის გათვალისწინებით, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო არ არის დარჩენილი, მიგვაჩნია, რომ საარჩევნო რეფორმის კუთხით მუშაობა დროულად უნდა დაიწყოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო გარემო. 
 
 
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
 
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
 
სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი
 
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge