ხალხის გულის მოსაგებად მიღებული მრავალი გადაწყვეტილება შეგვიძლია გავიხსენოთ, ბევრი კანონიც შეგვიძლია დავასახელოთ, რომელიც „დიადი მიზნების“ მისაღწევად იყო შეტანილი პარლამენტში, მაგრამ არავინ უყურებს ამ რეგულაციების მიღმა რა უსამართლობა იმალება ხოლმე. საარჩევნო ბატალიების ფონზე პარლამენტის მიღებულმა კანონმა მარიხუანას მოხმარების რეგულირებაზე, კიდევ ერთხელ დაადასტურა საკანონმდებლო ხელისუფლების უპატივცემულობა სასამართლოს მიმართ და ის, რომ პოპულისტურ მოტივებზე დაწესებულ რეგულაციებს კიდევ უფრო დიდ უსამართლობამდე მივყავართ.
საქმე ისაა, რომ სამი წლის წინ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ მარიხუანას მოხმარების გამო ხალხს არ უნდა იჭერდნენ (თავისუფლების აღკვეთა სასჯელის გაუმართლებელ სახედ მიიჩნია), ამის შემდეგ, 1 წლის წინ, დაადგინა, რომ მისი მოხმარება დანაშაული არ არის, ხოლო დაახლოებით ოთხი თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებაში კი აღნიშნა, რომ პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება პირის კონსტიტუციით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი იყო. აქვე საკონსტიტუციო სასამართლომ დასძინა, რომ ამ უფლების შეზღუდვა შეიძლებოდა საჯარო სივრცეში მოხმარების დროს და ასევე, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დასაცავად, სხვა შემთხვევაში კი ამ უფლების შეზღუდვა გაუმართლებელი იყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებამ დიდი სიცარიელე გააჩინა კანონში, რომლის შესავსებად და სასამართლოს მიერ განსაზღვრული შეზღუდვების დასადგენად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს კანონპროექტი წარუდგინა. ზოგადად, ფაქტობრივად არც ერთი კანონპროექტი არ არის უნაკლო და ხარვეზს ყველას მოუძებნი, მაგრამ ამ საკითხზე შემოთავაზებული რეგულაციები რაციონალურ ახსნას აღარ ექვემდებარება და მარიხუანას მომხმარებელს სასწაულის იმედად ტოვებს.
კანონპროექტი გვეუბნება, რომ პირად სივრცეში მარიხუანას მოხმარება დასაშვებია, მაგრამ მოხმარებამდე მისასვლელი ყველა გზა - აკრძალული. კანონი არ უშვებს და ჯარიმაა გათვალისწინებული მარიხუანას კულტივაციისთვის, ასევე ადმინისტრაციული სანქციაა გათვალისწინებული მცირე ოდენობით მისი შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისთვის, ხოლო ამ ქმედებათა განმეორების შემთხვევაში, ქმედება დანაშაულად მიიჩნევა. უხეში პარალელი რომ გავავლოთ, ეს იგივეა, ვაზის მოყვანა, ღვინის დაწურვა ან საერთოდ მისი შეძენა რომ აგვიკრძალოს კანონმა, მაგრამ აქვე გვითხრას, ღვინო შეგიძლია დალიოვო. ამოცანა კი გვეკითხება, როგორ შევიდეთ წყალში ისე, რომ იქედან სველი არ გამოვიდეთ? პასუხი კი ერთია.. შემოთავაზებული რეგულაცია კანონიერ გზას არ უტოვებს პირს, მოიხმაროს ლეგალური პროდუქტი და დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.
ალბათ ყველას დაგვებადება შეკითხვა, კი მაგრამ პარლამენტსა და სამინისტროში ამაზე არ იფიქრეს და ამხელა ხარვეზი გაეპარათ? რა თქმა უნდა, არა. პარლამენტში ამ საკითხზე კითხვის ყოველი დასმისას, პასუხი არც ერთხელ არ მოგვისმენია. მე ვერ დავიჯერებ, რომ ან ერთს და ან მეორეს ეს ასე უბრალოდ გამორჩათ, პრობლემა ისაა, რომ ვერც პარლამენტმა და ვერც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ გაბედა ამ გადაწყვეტილების მიღება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება.
ვეთანხმებით თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ან მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებას, ფაქტი ერთია, არ შეიძლება ადამიანი უსამართლოდ დავსაჯოთ და თან კანონიერი ქმედების გამო. ხოლო იქ, სადაც გადაწყვეტილების მიმღები უუნაროა, ჩვეულებრივი მოქალაქე მხოლოდ სასამართლოს იმედად თუ დარჩება.
ნიკა სიმონიშვილი საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge