სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია, შეშფოთებას გამოვთქვამთ, რომ ნამახვანი ჰესის პროექტის განხორციელებისას ჩადენილი ფუნდამენტური კანონდარღვევების, ადამიანის უფლებების უხეში შელახვის, სახელმწიფო ინტერესების დათმობით დადებული ხელშეკრულების, გაუმჭვირვალობისა და ინსტიტუციური ჩავარდნების შესახებ ჩვენ მიერ გაჟღერებული კრიტიკის საპასუხოდ ხელისუფლება უარს ამბობს დიალოგის პროცესზე და აგრძელებს ადგილობრივების შეკრების, გარემოს დაცვის, საჯარო სივრცით სარგებლობის, გამოხატვისთავისუფლებისა და გადაადგილების უფლებების შეზღუდვას რიონის ხეობაში. ამ უფლებაშემლახავ პრაქტიკას ბოლო პერიოდში თან ახლავს დეზინფორმაციული და მადისკრედიტირებელი შეტევები აქტივისტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მეცნიერების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ნამახვანჰესის პროექტის ამ ფორმით განხორციელებას.
მთავრობის მისამართით საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური, სრულიად სამართლიანი პროტესტისა და კრიტიკული შეკითხვების საპასუხოდ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების ნაცვლად, სახეზე გვაქვს ცილისწამების კამპანია - როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია “ენკას”, ასევე სახელმწიფო კომპანია “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” მხრიდან. ამ პროცესში მთავრობა არათუ არ გვევლინება საჯარო ინტერესის დამცველად, მეტიც საჯარო კომუნიკაციაში მასღიად ანაცვლებს კომპანია, რაც შლის ზღვარს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის. სახელმწიფოს როლი მხოლოდ საპოლიციო ძალით და რეპრესიული ფორმით არის წარმოდგენილი, ეს კი უგულებელყოფს დემოკრატიულ პრინციპებს, ხელყოფს კანონის უზენაესობას, არღვევს ადამიანის უფლებებს, ხელს უშლის ამ პროცესების მშვიდობიან და დემოკრატიულ ფარგლებში გადაწყვეტას დაზრდის უსაფრთხოების რისკებს, როგორც რიონის ხეობის დამცველთათვის, ისე მათი უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.
ცხადად ვხედავთ სახელმწიფოსა და პროცესში ჩართული სხვა ადგილობრივი თუ ცალკეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან გამოყენებულ ახალ სტრატეგიას, ნამახვანი ჰესის პროექტის გარშემო არსებული მშვიდობიანი და ლეგიტიმური წინააღმდეგობა დაუკავშირონ ბრძოლას ენერგოუსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, გამოაცხადონ ის მართულად, ქსენოფობიურად, პერიფერიულად, მარგინალურად და პროექტის წინააღმდეგ არსებული კრიტიკა გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილონ. სახელმწიფოსა და სხვა აქტორების ამგვარი რიტორიკა ცხადად ემსახურება იმ პროტესტის დელეგიტიმაციის მცდელობას, რომელიც თავისი არსით სწორედ სახელმწიფოდა კოლექტიური ინტერესების დაცვისა და შენარჩუნებისათვის იბრძვის და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ააშკარავებს ეროვნული და საჯარო ინტერესის წინააღმდეგ მიმართულ შეთანხმებულ ქმედებებს მთავრობისა და კომპანიის მხრიდან.
საზოგადოებისთვის ცნობილია ის მთავარი წუხილები, რაც ნამახვანიჰესის მშენენლობის პროექტს უკავშირდება და რასაც ადგილობრივებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მთავარი კრიტიკა ეფუძნება. ნამახვანჰესების პროექტის მომზადება, მათ შორის, პროექტის განმახორციელებელი კომპანიის შერჩევის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალე იყო. ასევე საზოგადოებისთვის ბოლო დრომდე არ იყო ცნობილი მთავრობასა და კომპანია “ენკას” შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსი, რომელიც ცხადს ხდის სახელმწიფოს მიერ ეროვნული და კოლექტიური ინტერესების დათმობას კერძო კომპანიის სასარგებლოდ. ასევე, მთავრობის მიერ მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, მაგალითად, კომპანიისთვის მიწის რესურსებზე უფლებების გადაცემა, წინსწრებით - გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა (ნებართვის) და მშენებლობის ნებართის მიღებამდე, მოხდა. დამატებით, ერთწელზე მეტია, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოში ორი სარჩელია შეტანილი, თუმცა, დღემდე არც ერთი სასამართლო სხდომა არ გამართულა.
მივიჩნევთ, რომ ნამახვანჰესთან მიმართებით გამოვლენილი არაეფექტიანობა მართლმსაჯულების სისტემიდანაც ვლინდება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გზით მშენებლობის შეჩერებას, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. ამასთან, ხელისუფლების რიტორიკა, კაშხლის მშენებლობის სამუშაოების შეჩერების თაობაზე, ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რამდენადაც კაშხლის მშენებლობაზე ამ დრომდე არ არსებობოს ნებართვა, რაც ისედაც გამორიცხავდა კაშხლის მშენებლობის დაწყებას. ფაქტობრივად, ხელისუფლებამ საპოლიციო ძალით აღადგინა ის სამუშაოებირის შეჩერებაც ხეობის მოსახლეობის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა. ამასთან, ხელისუფლების მცდელობებს შექმნას ილუზორული დისკუსიის ფორმატები (“უკეთესი ნამახვანისთვის”) ნამახვაჰესის ირგვლივ, მხოლოდ კაშხლის უსაფთხოების საკითხამდე დაჰყავს არსებული კრიტიკა და დღის წესრიგიდან სრულად რიყავს პროექტის ირგვლივს არსებულ სხვა ფუნდამენტური მნიშვნელობის კრიტიკას.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ფართე საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯგუფების, დამოუკიდებელი ინსტიტუციების, ექსპერტული თუ სამეცნიერო წრეების, ასევე პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით. ასევე, მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, საქართველოს მთავრობამ ცხადად აღიაროს ნამახვანჰესის პროექტის მიმართ არსებული შეკითხვების ლეგიტიმურობა, კრიტიკის სიმწვავიდან გამომდინარე უარი თქვას პროექტის მშენებლობისთვის გამოყენებულ ძალისმიერ მეთოდებზე და დაუყოვნებლივ დააბრუნოს დღის წესრიგში მის მიერ გაცემული დაპირება პროცესის დემოკრატიული და სამართლიანი გზებით გადაწყვეტის თაობაზე. ამასთან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო აქტორების მხრიდან გაძლიერდეს ზედამხედველობა ნამახვანჰესის საკითხის სამართლიანი დაეფექტიანი გადაწყვეტისთვის, რაც დაეფუძნება ადამიანის უფლებების, საზოგადოებრივი მონაწილეობისა და დემოკრატიული პრინციპების აღიარებას.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge