2020 წლის 4 ივნისს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლითაც შესაძლებელი იყო მოხმარებისათვის გამოუსადეგარი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისათვის ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ყოველ კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან მიმართებით, სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა შეაფასოს.
საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მსგავს საქმეებზე მიღებული განაჩენების გადასინჯვა გახდა შესაძლებელი.
თუ კონკრეტული პირი მსჯავრდებულია იმ ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, რომელიც მოხმარებისთვის გამოუსადეგარია, მისი განაჩენი, შესაბამისი შუამდგომლობის საფუძველზე, განსჯადობის მიხედვით სააპელაციო სასამართლომ უნდა გადასინჯოს.
შუამდგომლობას უნდა ერთოდეს:
- გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულია პირი;
- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის საფუძველზეც კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გამო გასამართლდა აღნიშნული პირი და ვერ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების ოდენობა;
- ახალი ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ განაჩენის მიღების დროისთვის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის განსაზღვრული ოდენობა არის გამოუსადეგარი და უვარგისი მოხმარებისთვის, თუ განაჩენის მიღების დროისთვის არსებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ნარკოტიკული საშუალების ოდენობა.
შესაბამისი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში, საია მზად არის დაეხმაროს მსჯავრდებულებს შუამდგომლობის მომზადებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია სატელეფონო კონსულტაციის მიღება ნომერზე: 2-30-72-36 ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 11:00-18:00 საათებში და პარასკევს 11:00-14:00 საათებში. ონლაინ კონსულტაციისთვის მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: legalaid@gyla.ge
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge