მიქაუტაძის საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს პროკურატურის გამომძიებლებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიქაუტაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა მას შემდეგ, რაც იგი შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრები და ახლობლები დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობენ. თავად მოწმის სახით დაკითხული მამუკა მიქაუტაძის ჩვენება ბევრ კითხვას ბადებს თუ რამდენად მისცემდა პირი ნებაყოფლობით მსგავსი შინაარსის ჩვენებას საკუთარი თავისა და მეგობრის წინააღმდეგ. დამოუკიდებელმა ექსპერტმა უკვე დაადასტურა მიქაუტაძის სხეულზე გარეგნული დაზიანების ნიშნები, რომელიც ექსპერტის განცხადებით, მიქაუტაძეს სიკვდილამდე დროის ახლო პერიოდში მიადგა ,,რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით". ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. 

ამ პირობებში, ოფიციალური ინფორმაციით გამოძიებას კვლავ შს სამინისტროს გამომძიებლები ახორციელებენ, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) გათვალისწინებული  დანაშაულისათვის.
 
საია მიიჩნევს, რომ მიქაუტაძის საქმის შს სამინისტროს მიერ გამოძიება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას და ეს დარღვევა დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ ჩადენილი დანაშაული პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.
 
ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ევროპულმა სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში გამოძიების მიკერძოებულობა დაადგინა, იყო ის, რომ ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები შს სამინისტროს გამომძიებლებმა ჩაატარეს. სასამართლომ დარღვევად ჩათვალა ისიც, რომ შს სამინისტრომ გამოძიება პროკურატურას არ გადასცა მაშინვე, როცა შეიტყო, რომ ამ დანაშაულში წვლილი სავარაუდოდ შს სამინისტროს თანამშრომლებს მიუძღვოდათ.
 
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაწყებული გამოძიება დაუყოვნებლივ გადაეცეს საქართველოს პროკურატურას. 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge