დღეს მთელი მსოფლიო გლობალური გამოწვევის წინაშე დგას. ყველას საერთო მიზანი ახალი ვირუსით, COVID-19–ით გამოწვეული პანდემიის დამარცხება და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებული ადამიანების რაოდენობამ 300,000–ს გადააჭარბა, ვირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 13,000–ზე მეტი ადამიანი და სამწუხაროდ, ვითარება ჯერ კიდევ მძიმდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ მკაცრი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. ერთ–ერთი ყველაზე მკაფიო მოთხოვნა სოციალური დისტანცირება და გადაადგილების შეზღუდვაა. ამ მიზნით, იკეტება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიც. სტატისტიკა აჩვენებს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც სოციალური დისტანცირების მკაცრი ზომები დროულად არ იქნა მიღებული, მკვეთრად მაღალია ინფიცირებულებისა და გარდაცვლილთა რაოდენობა. კორონა ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი და მასთან დაკავშირებული რისკები ყოველდღიურად იზრდება საქართველოშიც.
21 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, რითაც გარკვეული ვადით, იზღუდება კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობა, მათ შორის, შეკრების თავისუფლება.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც და მის შემდეგაც, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთ-ერთ ძირითად რეკომენდაციად განსაზღვრავს სოციალური დისტანციის დაცვას და შეკრებებისგან თავის შეკავებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში რიგი რელიგიური გაერთიანებები უკვე ითვალისწინებენ ამ რეკომენდაციას და სხვადასხვა ფორმით ზღუდავენ ან დროებით აჩერებენ კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიურ რიტუალების აღსრულებას.
სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღემდე არ იჩენს სათანადო ყურადღებას იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მიმართ, რომელთა დაუცველობაც რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს, როგორც უშუალოდ მის წევრებს, ასევე, მთლიანად საზოგადოებას. რელიგიურ რიტუალებს ესწრებიან და ჩართულები არიან ბავშვებიც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანებს.
ამგვარ ვითარებაში, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რათა მან სათანადო ბალანსის დაცვით, ერთი მხრივ, უზრუნველყოს რელიგიისა და რწმენის თავისუფლებით მაქსიმალურად სრულყოფილად სარგებლობა, მეორე მხრივ, კი გამოიყენოს სათანადო სამართლებრივი მექანიზმები და თავიდან აირიდოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის წინაშე მდგარი უკიდურესად მაღალი რისკები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების ფუნდამენტური მნიშვნელობიდან გამომდინარე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით მისი შეზღუდვა დაუშვებელია. მიუხედავად ამისა, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულება და მათში მონაწილეობა არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს შესაბამისი მკაცრი პირობების დაცვით, როდესაც ის რეალურ საფრთხეს უქმენის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას.
უფრო კონკრეტულად, რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ერთდროულად და თანაბრად მოიცავს შინაგან (Forum Internum) და გარეგან (Forum Externum) განზომილებას, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია ჰქონდეს (შინაგანი განზომილება) და გამოხატავდეს (გარეგანი განზომილება) მისთვის სასურველ რელიგიას ან მრწამსს.
თუმცა, დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც პლურალიზმისა და მრავალფეროვნების ღირებულებებს ემყარება, უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა, რათა მიღწეული იქნას სამართლიანი და გონივრული ბალანსი კონკურენტულ ინტერესებს შორის.
რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში ასეთი შეზღუდვები შეიძლება დაუწესდეს მხოლოდ ამ უფლების გარეგან განზომილებას ანუ პირადი რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის ინდივიდუალურად ან კოლექტიურად, პრივატულად ან საჯაროდ გამოხატვას ღვთისმსახურების, სწავლების, პრაქტიკისა და რიტუალების აღსრულების საშუალებით. ხოლო, მისი შინაგანი განზომილება ანუ რელიგიური ან სხვა სახის მრწამსის მიღება, ქონა, შეცვლა ან მასზე უარის თქმა, ნებისმიერ შემთხვევაში აბსოლუტურ და შეუზღუდავ უფლებად რჩება.
შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ამგვარი შეზღუდვები სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც ისინი გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. ამასთან, შემზღუდავი ზომები და ღონისძიებები უნდა აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მკაცრ სტანდარტს.
არსებული გლობალური საფრთხის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოხდეს რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლების, კერძოდ, კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლების დროებითი შეზღუდვა.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომლის განუხრელი დაცვის გარეშე, წარმოუდგენელია დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მიერ უფლების შეზღუდვისათვის გამოყენებული ზომები მკაცრად უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშირისო სტანდარტებს.
რამდენადაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად საგანგებო მდგომარეობის დროს დაუშვებელია რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, ხოლო, მეორე მხრივ, არსებული ეპიდემიური სიტუაციის პირობებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა და შეკრებების მაქსიმალური შეზღუდვა, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების დაცვით და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნით, დროებით შეზღუდოს საჯარო კოლექტიური ღვთისმსახურებებისა და რელიგიური რიტუალების შესრულებისა და მასში მონაწილეობის უფლება ნებისმიერი რელიგიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირის მიმართ.
იმისათვის, რომ რელიგიისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული შეზღუდვა აკმაყოფილებდეს შესაბამის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მიღებული ზომები და გატარებული ღონისძიებები გათვალისწინებული იყოს კანონით, ემსახურებოდეს სხვების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზნებს და აკმაყოფილებდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებლობისა დ პროპორციულობის მკაცრ კრიტერიუმებს. ამისათვის:
საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ
- საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დადგენილი პირობების დაცვით, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილმა უწყებამ, განსაზღვრული მოქმედების პერიოდით, გამოსცეს სათანადო კანონქვემდებარე აქტი;
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანოს ცვლილებები და დამატებები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში;
- აღნიშნული დროებითი ღონისძიებების დარღვევის შემთხვევაში, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სანქციები.
- ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე საზოგადოებისთვის გააკეთოს ნათელი და თანმიმდევრული განცხადებები.
გარდა ამისა, მივმართავთ სახელმწიფოს
მხარი დაუჭიროს და დაეხმაროს რელიგიურ გაერთიანებებს, რათა დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, მათ მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ საკუთარი რელიგიური საქმიანობის განხორციელება და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
ასევე, მივმართავთ რელიგიურ ორგანიზაციებს
საკუთარი მაღალი სოციალური ავტორიტეტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა საზოგადოებაში წახალისდეს სახელმწიფოს მიერ გატარებული ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მხარდაჭერა და ხელშეწყობა.
ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები და იურისტები:
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კონსტიტუციური კვლევების ცენტრი
ჩართულობის და განვითარების ცენტრი (CPD)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საფარი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
თანასწორობის მოძრაობა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
იურისტები:
არჩილ მეტრეველი
გიორგი ნონიაშვილი
ალიკა კუპრავა
მიხეილ შარაშიძე
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge