მიმართვა საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი 1 აგვისტოს დაიწყო. საია წინასაარჩევნო პროცესებს ცენტრალური და 8 რეგიონული ოფისის[1] მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.

სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, ორგანიზაცია დაფუძნების დღიდან აქტიურად არის ჩართული საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნების მონიტორინგის პროცესში. სადამკვირვებლო მისია მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პროცესების, ისე − კენჭისყრის დღისა და კენჭისყრის შემდგომი პროცედურების მონიტორინგს. დაკვირვების პროცესში გამოვლენილი დარღვევები ასახული იქნება საიას მიერ მომზადებულ ერთიან ანგარიშში, რომელიც წარედგინება ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას.

ასოციაციას სწამს რა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების პრინციპების უზენაესობის, თავის საქმიანობაში მუდმივად იცავს სრულ ნეიტრალიტეტს პოლიტიკური პროცესების მიმართ. წლების განმავლობაში, საიამ თავისი საქმიანობით დაამტკიცა კანონის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების ერთგულება და სწრაფვა სამართლიანი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.

წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა, რათა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის ფაქტები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საიას ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს საკითხს და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მსურველს.

მიგვაჩნია, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში  თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს.

არჩევნებში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით, მიმდინარე თვის განმავლობაში საია ქსელურ შეხვედრებს მართავს და გიწვევთ დასასწრებად: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, რუსთავში, დუშეთსა და თელავში.

 


[1] საიას ცენტრალური და რეგიონული ოფისების შესახებ ინფორმაცია − https://gyla.ge/ge/mod/regions


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge