დღის 20:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემებით მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის დაფიქსირდა 100-ზე მეტი დარღვევა. ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას და პროცედურულ საკითხებს.
ზოგადი ტენდენციის სახით, პირველი ტურის მსგავსად, შეინიშნება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელ პირთა მობილიზება მთელი საქართველოს მასშტაბით. საიას დამკვირვებლებს არ აძლევენ შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი უფლებამოსილება, რამდენიმე შემთხვევაში მათ დაემუქრნენ ჯანმრთელობის დაზიანებითაც კი.
ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაიწერა, ჯამში, 24 საჩივარი, აქედან 14 - უბნის, ხოლო 10 - ოლქის დონეზე და დაფიქსირდა 80-ზე მეტი შენიშვნა.
07:00-დან 20:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებული ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევები შედარებით ვრცლად:
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
საიას დამკვირვებელებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ხუთ შემთხვევაში (ჩუღურეთის #10, რუსთავის #45, ბათუმის, #52, სამგორის #8 და კრწანისის #17 ოლქები) მათ ხელი შეუშალეს ჩვენს დამკვირვებლებს საკუთარი უფლებამოსილების განხორცილებაში და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ. დამკვირვებლებს ემუქრებოდნენ როგორც კომისიის წევრები, ისე სხვა დამკვირვებლები და გარე პირები, რომლებიც მობილიზებული იყვნენ უბნის მიმდებარედ;
- ჩუღურეთის ოლქი # 10 უბანი - საიას დამკვირვებელმა შენიშნა უბნის ტერიტორიაზე კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით, მტკიცებულების მოპოვების მიზნით გადაიღო სურათი, რის შემდეგაც უცნობი პირი მას დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით;ამომრჩევლის ნების კონტროლი:
- მთელ რიგ შემთხვევებში, უბნების მიმდებარედ მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, პარტიული აქტივისტები, რომლებიც ცდილობენ შემქნან ზეწოლის გარემო და თვალთვალის განცდა. რაც ამომრჩევლის ნების თავისუფალდ გამოვლინებას უშლის ხელს.
ფარულობის პრინციპის დარღვევა:
- ისნის #46 და #49, სამგორის #6 და ბათუმის #93 უბანზე ხმის მიცემის კაბინები იმგვარად არის განლაგებული, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის მიერ გაკეთებული არჩევანის იდენტიფიცირება. ზუგდიდის 24-ე საუბნო სააჩევნო კომისიის მდივანმა გადასატან საარჩევნო ყუთში შეყვანილი ამომრჩევლების პერსონალური მონაცემები (სია პირადი ნომრებით) გადასცა გარეშე პირს. გლდანის #93 უბანზე შევიდა დაულუქავი გადასატანი ყუთი, რის გამოც საიამ საჩივრით მოითხოვა გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობა.
სხვა დარღვევებია:
- წილისყრის პროცედურების დარღვევა, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება, სადემოსნტრაციო ოქმისა და ჩანაწერთა წიგნის არასათანადო შევსება, ფუნქციების გადაცემა თვითნებურად და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირების გარეშე, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა (დაცვის თანამშრომელი). ზოგ შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებული დარღვევები:
- რიგ უბნებში ამომრჩევლის იდენტიფიცირების პროცედურები სათანადოდ არ სრულდება, კომისიის წევრები მოქალაქეებს არ ახსნევინებენ პირბადეს დადგენილი წესით.
საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს 12 ოლქში (3 დამხმარე ოლქში), 1100-ზე მეტ უბანში დააკვირდება.
საიას სადამკვირვებლო მისია შედგება 214 ადამიანისგან, მათგან 19 არის ცენტრალური შტაბის, 19 კი რეგიონალური შტაბების წევრი, 14 საოლქო; 116 მობილური ჯგუფის, 46 უბნის სტატიკური დამკვირვებელი.
საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.
არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია გამოაქვეყნებს შემაჯამებელ განცხადება დღის ბოლოს და ერთ განცხადებას არჩევნების მეორე დღეს. საიას თავმჯდომარე მედიის საშუალებით შეაფასებს არჩევნების მიმდინარეობას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გამართავს პრესკონფერენციას.
საიას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ევროკავშირისა და „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge