დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამ დროისათვის დაფიქსირებული დარღვევები: მუქარა და დამკვირვებელთა ხელის შეშლა/უფლებების შეზღუდვა, დამკვირვებელთა სამკერდე ნიშნების მონაცემების სიზუსტის პრობლემები, სხვა პროცედურული ხასიათის დარღვევები.
საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.
დამკვირვებლის საქმიანობისათვის ხელშეშლა/უფლებების შეზღუდვა
გორის #44 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებელმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია[1] ა.მ.-მ საიას დამკვირვებელი გააკრიტიკა ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრის გამო (წილისყრებთან დაკავშირებით) და დაემუქრა „ყოფილი კუდ-ის წარმომადგენელი ვარ და არაფერი შეგეშალოსო.“
თელავის #13 უბანზე საუბნო კომისიამ უბნიდან გამოაძევა საიას დამკვირვებელი. კომისიის განმარტებით, დამკვირვებელი „ზედმეტად აქტიურობდა“, ხელს უშლიდა კომისიას უფლებამოსილების განხორციელებაში და მის საქმიანობაში ერეოდა.
მთაწმინდის #20 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „მომავლის არჩევანი“ დამკვირვებელს საუბნო საარჩევნო კომისიამ არ მისცა საჩივრების რეგისტრაციის პროცესის დაკვირვების უფლება და გააძევა უბნიდან. საიას წარმომადგენელმა დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის დაწერა საჩივარი.
დამკვირვებლის სამკერდე ნიშანთან (მოწმობასთან) დაკავშირებული პრობლემები
დაფიქსირდა 2 შემთხვევა, როდესაც დაკვირვებლის სამკერდე ნიშანზე არსებული მონაცემები არ დაემთხვა ცესკოს ბაზაში არსებულ მონაცემებს:
ისნის #08.05.66 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ,,ქართველთა და სომეხთა დაცვის ასოციაციის,“ „სოციალური და პოლიტიკური განვითარების ცენტრის,“ „საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა დაცვისა და დახმარების საერთაშორისო კავშირი - ნდობა “ წარმომადგენლებმა უბანზე მყოფი პირების სამკერდე ნიშნები (მოწმობები) შეამოწმეს. დამკვირვებლების განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი სავარაუდოდ გაყალბებული სამკერდე ნიშნით სარგებლობდა. კერძოდ, ამ დამკვირვებლის სამკერდე ნიშანზე მითითებული შტრიხკოდის იდენტიფიკაციით ირკვეოდა, რომ ამ სამკერდზე ნიშნის შტრიხკოდი ეკუთვნოდა სხვა დამკვირვებლის სამკერდე ნიშანს. ამის შემდეგ დამკვირვებელმა დატოვა საარჩევნო უბანი, ხოლო სხვა დამკვირვებლები მას უკან გაედევნენ. თავმჯდომარემ უბანზე პოლიცია გამოიძახა.
ისნის #49 უბანზე ცესკოს წარმომადგენლებმა მოახდინეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის გაცემული სამკერდე ნიშნის (მოწმობის) შემოწმება. აღმოჩნდა რომ ამ უბანზე მედია საშუალება „All media``წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი) არ დაემთხვევა ცესკოს მიერ აღნიშნული შტრიხკოდით გაცემულ დამკვირვებლის მოწმობას. ოქმი იქნა შედგენილი მედია საშუალების წარმომადგენლის მიმართ და ამ საფუძველზე გაძეველ იქნა უბნიდან. გამოძახებულ იქნა პატრულიც, რომელიც ჩაერთო საქმეში. დამატებით მოვიდა პოლიცია და გამოკითხეს კომისიის წევრები.
საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებული ხარვეზები
ბათუმის #69.79.25 და ქუთაისის #48.59.33 უბნებზე საკონტროლო ფურცელი არასათანადო წესით შეივსო. კერძოდ, საკონტროლო ფურცელზე არ ფიქსირდება უბანზე მისული პირველი ამომრჩევლის ხელმოწერა.
კომისიის წევრის არაჯეროვანი შესრულება/ბრალეული შეუსრულებლობა
მარნეულის #69 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კენჭისყრის შენობაში ამომრჩეველს პირადობის მოწმობის წარდგენის გარეშე აძლევდა შესვლის უფლებას.
ზუგდიდში #65.67.30 უბანზე რეგისტრატორმა გადასატანი ყუთის უბნიდან გასვლის წინ წინასწარ მოაწერა ხელი ერთ-ერთი ამომრჩევლის გრაფაში.
ბათუმის #69.79.14 უბანზე სადემონსტრაციო ოქმში არ იყო შევსებული სპეციალური სიაში ამომრჩევლის რაოდენობა.
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბნის გარე პერიმეტრზე
უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. (მაგ. კრწანისის #22, #23,#21, #19 #18, ნაძალადევის #37, 38, #40 უბნები, ვაკის #66, #79, #75 უბნები. ასევე არაერთი შემთხვევა რეგიონებში)
დამკვირვებლის არასათანადო ქცევა
ვაკის #10 უბანზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ დამკვირვებელი ამომრჩეველთა სამაგიდო სიიდან ამომრჩევლის მონაცემებს იწერდა, რაც არ მოდის შესაბამიობაში კანონმდებლობის მოთხოვნებთან. საიას დამკვირვებლის მითითების შედეგად დარღვევა აღმოიფხვრა.
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 33 საჩივარი და 25 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონში 400 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 45 მაჟორიტარულ ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია: 223-63-48
არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: თავისუფალების მოედანი #1).
მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 31 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
საიას საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოსა“ და ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
[1] http://rustavi2.com/ka/news/60231
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge