მეხსიერება, როგორც ვალდებულება

ბერლინში, STASI-ს მუზეუმად ქცეულ ციხეში, ჭაღარა, ხანშიშესული 70 წლის კაცი, ჰანს იოჰენ შეიდლერი გიდად მუშაობს და ყოველ დღე მუზეუმის ვიზიტორებს ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური სახელმწიფოს პოლიტიკური სისტემის მძიმე წარსულზე ესაუბრება. გასაოცარი ის არის, რომ თავად ბატონი ჰანსიც ამ ციხის ყოფილი პატიმარია, რომელმაც 1968 წლის აგვისტო- 1969 წლის მარტი სწორედ შტაზის პოლიტიკურ ციხეში, უმძიმეს რეჟიმში გაატარა. დაკავების მიზეზი: პრაღის გაზაფხულის შემდეგ, 1968 წელს, რამდენიმე წინადადებიანი წერილის გავრცელება. ბრალდება: სახელმწიფოს მტერი. ალბათ ყველასთვის ძნელი წარმოსადგენია, ყოველ დილით წახვიდე სამსახურში,  სადაც ცხოვრებაში ყველაზე უმწეო და უბედური იყავი. ჩვეულებრივ რუტინად გექცეს ციხეში გატარებული მწარე პერიოდის მოყოლა და იმის მაგივრად რომ ყველაფერი დაივიწყო, ყოველდღე თავიდან გადიხარ 1968 წლის აგვისტოს ცხელ დღეს, როცა პირველად მოგიყვანეს ციხეში. არ არის მარტივი. ჰანს იოჰენი კი შეძლებისდაგვარად იუმორით, მაგრამ მაინც სევდიანად გვიყვება თავის ისტორიას. კითხვაზე თუ რატომ აკეთებს ამას, პასუხი ასეთია: ბატონი ჰანსი თავს ვალდებულად მიიჩნევს მუზეუმში მოსულ ახალგაზრდა თაობას მოუყვეს როგორი ფუფუნებაა დემოკრატიაში ცხოვრება და როგორი მნიშვნელოვანია გაიაზრო წარსულის შეცდომები, იმისათვის რომ აღარასოდეს გაიმეორო ის.

შტაზის ციხე მუზეუმად 1994 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც შემონახულია კომუნისტური  რეჟიმის მტკიცებულებები, ფაქტები, ციხის საკნები და უშიშროების მინისტრის სამუშაო კაბინეტი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ მის მიერ გამოცემულ ბრძანებებს. აღნიშნული მუზეუმი ერთ-ერთი კარგი მაგალითია გერმანიის სახელმწიფოს დამოკიდებულების საკუთარ წარსულთან, რომელსაც კი არ გაექცნენ, მიიღეს მთელი თავისი ტრაგიზმით და გადაწყვიტეს, რომ არასოდეს დაბრუნდებიან უკან. ამას ასწავლიან ახალაზრდებსაც სამოქალაქო განათლების მრავალფეროვანი პროგრამების დახმარებით, რომელსაც სახელმწიფო უჭერს მხარს.

როგორი დამოკიდებულება გვაქვს წარსულთან ქართველებს? სამწუხაროდ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არ მომხდარა არც ერთი მნიშვნელოვანი პერიოდის შეფასება და რეაგირება. შესაბამისად, წარსულთან ჩვენი დამოკიდებულება უფრო მეტად ნოსტალგიური და რომანტიულია. წარსული კი რა თქმა უნდა დრამატულია, მთელი რიგი ტრამვული ფაზებით: საბჭოთა რეპრესიებით, შეიარაღებული კონფლიქტებით, უმძიმესი ეკონომიკური პერიოდებით, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევებით, აგვისტოს ომით და ა.შ. ამიტომაც მგონია, რომ წარსულთან ასეთი დამოკიდებულის გამოა, რომ ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით თავისუფალ საზოგადოებად, რადგან ტრამვირებულ, აგრესიულ გარემოში, ადამიანებს რაციონალური მოქმედება და გადაწყვეტილებების მიღება გვიჭირს.

სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენც სახელმწიფო დონეზე გადავწყვიტოთ, რომ წარსულის ცოდნის გარეშე არ გვექნება კონკრეტული მომავალი და გავიაზროთ რომ მნიშვნელოვანია „შევისწავლოთ წარსული, თუ გვსურს განვსაზღვროთ მომავალი“.

 

 

ნინო ბაღაშვილი საიას იურისტი 

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge