მეხანძრის საპენსიო ასაკს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2021 წლის 8 აპრილს მერაბ მურადაშვილის სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საიას მიაჩნია, რომ მეხანძრისათვის დადგენილი საპენსიო ასაკი -  55 წელი - არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას. მეხანძრე ავტომატურად თავისუფლდება სამსახურიდან, როგორც კი მიაღწევს 55 წელს. 

ეს წესი, ასაკის ნიშნით, დისკრიმინაციულია, ვინაიდან 55 წლის მიღწევა არის ადამიანის სახანძრო სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი საფუძველი. გათავისუფლებამდე არ ხდება იმის შეფასება, 55 წელს მიღწეულ პირებს რამდენად აქვს სახანძრო და სამაშველო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების ფიზიკური უნარები. თუკი 55 წელს მიღწეულ პირს აქვს იმის შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ბუნებრივი და ხელოვნური კატასტროფების ლიკვიდაციაში, არავითარი გამართლება არ გააჩნია ასეთი პირის სამსახურიდან გათავისუფლებას მხოლოდ ასაკის გამო.

სარჩელში საია მიუთითებს, რომ 55 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მეხანძრე-მაშველებს უნდა უტარდებოდეთ ინდივიდუალური შემოწმება (მაგალითად, ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება) და მხოლოდ ამგვარი შემოწმების უნდა წყდებოდეს მათი თანამდებობაზე დატოვების ან გათავისუფლების საკითხი. აღნიშნული ინდივიდუალური შეფასების  პირობებში, ერთი მხრივ, გამართულად იმუშავებს სახანძრო სამსახური, ხოლო მეორე მხრივ, არც მეხანძრეებს მოუწევთ ასაკის გამო სამსახურის დატოვება. 55 წელს მიღწეული მეხანძრის უნარების შეფასება არ იქნება დამატებითი ხარჯი საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის, რადგან კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს მეხანძრე-მაშველთათვის ფიზიკური მომზადების დონის პერიოდულ შემოწმებას.

საიას მიაჩნია, რომ მეხანძრის საპენსიო ასაკი არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge