მედია სფეროს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა მოკლე მიმოხილვა

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია ერთობლივად ვმუშაობთ დასახული მიზნების განსახორციელებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და ხელისუფლებას წარვუდგინეთ არაერთი წინადადება კონკრეტული რეფორმების განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებდა მოქმედი ხელისუფლება, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ძირეული გადახედვისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება.

წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული გვაქვს თითოეულ ქვემოთ მითითებულ საკითხზე კონკრეტული წინადადებები, პროექტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით.

1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება

საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის შესწავლის მიზნით საქართველოს პარლამენტის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განახორციელოს არაგეგმიური აუდიტი და გამოვლენილი შედეგები წარმოუდგინოს საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებას. აღნიშნული ღონისძიების განხორციელების აუცილებლობა ცხადყო უკანასკნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა: ა) საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგროვილი საგადასახადო ვალების ჩამოწერამ და ბ) ტელეკომპანია „პიკ“-ის მმართველ კომპანია „ალანისათან“ წარმოქმნილმა კონფლიქტმა.

მეორე მხრივ, სახელმწიფო აუდიტის შემოწმების დაწყებამდე, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაასაჯაროვოს ფინანსური ხარჯები და ტელეკომპანია „პიკ“-ის მმართველ კომპანიასთან - „ალანიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზად გვესახება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ ნორმების გადახედვა, რომლებიც ადგენს სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესს.

2. MUST CARRY და MUST OFFER-ის რეგულირება მაუწყებლობის შესახებ კანონით

ბოლო წლების განმავლობაში საკაბელო ოპერატორები უარს აცხადებდნენ საქართველოში მოქმედი ყველა მაუწყებლის თავიანთი გადაცემების პაკეტში ჩასმას. ოფიციალურად უარის მიზეზი გახლდათ ტექნიკური პრობლემა, თუმცა ყველასთვის ცხადი იყო, რომ კრიტიკულ მედიას გავრცელების პრობლემებს ხელოვნურად უქმნიდნენ, მაშინ როდესაც სახელისუფლებო არხების გავრცელების არეალი თითქმის მთელს საქართველოს მოიცავდა.

2012 წლის არჩევნების წინ საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო სექტორის აქტიური მოთხოვნის შედეგად შეიტანა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და მიიღო ე.წ. MUST CARRY და MUST OFFER-ს რეგულაცია, რამაც მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში უზრუნველყო საერთო მაუწყებლების (ტელეკომპანიები რომლებიც ამზადებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ახალ ამბებს) გავრცელება ყველა ოპერატორის (კაბელური კომპანიები, თანამგზავრული და ინტერნეტოპერატორები) მიერ. ახალი რეგულაცია ასევე ითვალისწინებდა საკაბელო ოპერატორების უფლებას თავიანთ პაკეტში ჩაესვათ საერთო ლიცენზიის მქონე სატელევიზიო არხები, რომლებიც თავის მხრივ „სავალდებულო ტრანზიტის“ უფლებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამგვარი ვალდებულება გავრცელდა მხოლოდ უკიდურესად შეზღუდულ პერიოდზე (არჩვენებამდე ორი თვე), რაც არ წარმოადგენს რეალურ MUST CARRY/ MUST OFFER-ს.

შესაბამისად, კვლავ დგას დღის წესრიგში,  ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება მედიის მარეგულირებელ კანონებში (კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ და კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ).

3. სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა

მნიშვნელოვანია, სასამართლოში აღდგეს ფოტო და ვიდეო გადაღების, ასევე აუდიო ჩაწერის უფლება. ეს გაზრდის მართლმსაჯულებისადმი ნდობას. აღსანიშნავია, რომ კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მომზადებული აქვთ პროექტი და მიზანშეწონილია, დაიწყოს მისი განხილვა.

4. ინფორმაციის თავისუფლება - ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

2011 წლის 30 აგვისტოს საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ინიციატივას „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობამ აიღო მნიშვნელოვანი ვალდებულებები გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით. 2012 წლის აპრილში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა „პარტნიორობა ღია მმართველობისთვის“ საქართველოს სამოქმედო გეგმა, რომლის განხილვაც აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო სექტორთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინა ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადებები. ვფიქრობთ, რომ პარტნიორობა ღია მმართველობისთვის სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა იქნეს შეტანილი. მათ შორის, ღია მმართველობის უზრუნველყოფისა და ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა/შემუშავება; გამჭვირვალე საჯარო სამსახურის შექმნა; საჯარო ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, მათ შორის ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ხარჯვის შესახებ საზოგადოების ინფორმირების ეფექტური სისტემის შექმნა, სამოქალაქო ჩართულობის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და სხვა.

5. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა

ტელეკომუნიკაციათა საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკავშირის (EU) წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად საქართველო 2015 წლისთვის ციფრულ მაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს. პროცესი არ გულისხმობს, მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და მისი განხორციელება უმთავრესად უნდა მოხდეს მედიაპლურალიზმის უზრუნველყოფისა და აუდიტორიის ინტერესების დაცვის კონტექსტში. ამავდროულად საკითხის განხილვა უნდა მოხდეს კონფლიქტურ რეგიონებში ციფრული მაუწყებლობის გავრცელების კუთხითაც. მიუხედავად ვალდებულების შესრულების დროის სიმცირისა, დღემდე საქართველოს მთავრობას არ გამოუქვეყნებია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიული დოკუმენტი, რაც საკითხის პრობლემურობას ამძაფრებს.

ამ მიმართულებით უპირველესი ამოცანაა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელშიც გაერთიანდებიან როგორც შესაბამისი უწყების (ეკონომიკის სამინისტრო, კომუნიკაციების ეროვნული კომისია და ა.შ.), ისე ექსპერტთა ჯგუფი, მედიის განვითარებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციების (მაუწყებლები) წარმომადგენლები.

6. აჭარის ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსის გადაჭრა

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით 2011 წლის ნოემბრამდე იყო გადატანილი ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრის საკითხი. თუმცა, აჭარის ტელევიზიის სტატუსი დღემდე განუსაზღვრელი რჩება, რადგან კანონში ცვლილება არ შესულა. ამჟამად, ტელევიზია სამართლებრივი რეგულირების სფეროში არ ექცევა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ტელევიზიისა და საჯარო მოხელე/ჟურნალისტების არსებობის აღმოფხვრის მიზნით გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

7. საჯარო პირებისა და საჯარო დაწესებულებების მხრიდან მედიასთან ურთიერთობის სტანდარტების შეცვლა

არაერთი წელია ჟურნალისტების ძირითად პრობლემად იქცა საჯარო სამსახურებიდან ინფორმაციისა და კომენტარის მოპოვების საკითხი, განსაკუთრებულ პრობლემაა საქართველოს პრეზიდენტის, მაღალი თანამდებობის პირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის გაშუქება. გაშუქების პროცესში მომხდარი ძალადობისა და ჟურნალისტური საქმიანობის უკანონო ხელის შეშლის თითოეულ ფაქტზე ჟურნალისტებს საჩივარი/განცხადება შეჰქონდათ საგამოძიებო ორგანოებში, თუმცა, უშედეგოდ. გარდა ამისა, ხელისუფლების მხრიდან გამოვლინდა დისკრიმინაციული მიდგომა მედიასაშუალებების მიმართ. შესაბამისად, აუცილებელია დაიწყოს გამოძიება და საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიების შედეგები გახადონ საჯარო ყოველ კონკრეტულ ფაქტზე. ასევე, აღმოიფხვრას დისკრიმინაციული მიდგომის პრაქტიკა მედიასაშუალებების მიმართ.

8. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და ფუნქციების გადახედვა

პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მიუხედავად მაღალი საკანონმდებლო გარანტიებისა ვერ მოხერხდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეალურად დამოუკიდებელ ორგანოდ ჩამოყალიბება. ამ მიზნით აუცილებლად გვესახება კომისიის ფორმირების ახალი წესის შემუშავება. აგრეთვე, მთელი რიგი ფუნქციების გადახედვა და უფლებამოსილების განსაზღვრა.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

სამოქალაქო განვითარების ფონდი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაცია

მედიაკლუბი

ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია

რეგიონული პრესის ასოციაცია

რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი

პრესის თავისუფლებისათვის

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge