მე ისეთ პარლამენტარს რა ვუთხრა, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერა, კითხვას და ლაპარაკს?! 

წლევანდელი არჩევნებიც გამორჩეულია სხვა არჩევნებისგან, პოლიტიკური ბატალიებიდან დაწყებული საარჩევნო დარღვევებით დამთავრებული. თითოეული კანდიდატი ცდილობს ამომრჩევლის გულის მოგებას, ზოგი კანონიერად, ზოგიც უკანონოდ. ვფიქრობ, უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც ქობულეთში ხდება, ყველაზე გამორჩეული, უცნაური და შემაშფოთებელია. საქართველოს პარლამენტის წევრობა სურს პირს, რომელმაც არ იცის ქართული ენა. ენა, რომლის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აღიარებულია კონსტიტუციით და იგი მიჩნეულია ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობად. უფრო მეტიც, საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს სპეციალური კანონიც კი მიიღო სახელმწიფო ენის დაცვის შესახებ.

მაგრამ მერე რა, რომ კანონი მივიღეთ...

საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად იმისათვის, რომ პირი გახდეს საქართველოს პარლამენტის წევრი, იგი უნდა აკმაყოფილებდეს სამ კრიტერუმს - უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, მინიუმ 21 წლის და ფლობდეს ქართულ ენას. ცესკოსთვის წარმოუდგენელია პირი იყოს საქართველოს მოქალაქე, შესაბამისი ასაკის და ვერ ფლობდეს ქართულ  ენას. მაგრამ, როგორც ჩანს ასეც ხდება...ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო წლების წინ, დღეს გადაწყვიტა კენჭი იყაროს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს პარლამენტში....

სადეპუტატო მანდატი ფუნქციურად აქტიურ როლს ნიშნავს, ე.ი. შენ უნდა იყო ქობულეთელთა წარმომადგენელი პარლამენტში. მონაწილეობა უნდა მიიღო საკანონმდებლო საქმიანობაში და ა.შ, როგორ წარმოგიდგენიათ პირის მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში, რომელიც ალბათ ქართულ ენას „გამარჯობის“  იქეთ ვერ ფლობს. არადა, ჩვენ დეპუტატებს იმიტომ ვირჩევთ, რომ მათ იმუშაონ, რათა ჩვენ ეკონომიკური წინსვლა და სამართლებრივი გარანტიები მივიღოთ.

რა თქმა უნდა, ეს საკითხი მსჯელობის საგანი არც კი გახდებოდა ცესკოს ისეთი გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, რამაც ეჭქვეშ დააყენა სახელმწიფოებრივი ღირებულები. „არ გვაქვს მექანიზმი და ეს კაცი ენის ცოდნაზე როგორ შევამოწმოთ“ იყო პასუხი ქობულეთის მაჟორიტარ კანიდატის - ლეონიდ ჩერნოვეცკის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლის დროს. ამას ამბობს სახელმწიფო ინსტიტუტი იმ საუკუნეში, როდესაც მეცნიერება განვითარების ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. ან კიდე რად გინდა მექანიზმი - დაიბარე და ჰკითხე ქართულად, რატომ სურს საქართველოს პარალმენტის წევრობა? თუ აგიხსნა და გაიგე ე.ი. სცოდნია ქართული ენა, მაგრამ თუ ამის სურვილი არ გაქვს, მაშინ ვერავითარი მექანიზმი გიშველის.

მაშფოთებს ამ ტიპის დამოკიდებულება ენისა და კანონის მიმართ. იმ ტიპის სახელმწიფოში, სადაც ენის დაცვისთვის კანონის მიღება გახდა აუცილებელი,  ალბათ საკვირველი არაფერია. შეიძლება, შენ, სახელმწიფო ჩინოვნიკს არ გადარდებს ენის არსებობა, მაგრამ კანონი ხომ გავალდებულებს მის დაცვას. ამიტომ, კეთილი ინებე და აღასრულე კანონი. დემოკარტია ხომ კანონის უზენაესობაა. ვერ წარმომიდგენია დემოკრატია ენის გარეშე. დემოკრატია, ხომ  უპირველესად, კომუიკაციაა ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ, საინტერესოა როგორ აპირებს დეპუტატობის კანიდატი გამარჯვების შემთხვევაში მის ამომრჩეველთან კომუნიკაციას?

ნეტა, რა ვუთხრა, მე ისეთ პარლამენტარს, ვინც ვერ ახერხებს ქართულად, წერა, კითხვას და ლაპარაკს?! მაგრამ  კიდევ კარგი ჩემი ოლქის დეპუტატობის კანდიდატები სხვა თუ არაფერი ქართულ ენას მაინც ფლობენ. მაგრამ, აი, რა უნდა უთხრას ჩერნოვეცკიმ ქობულეთის ამომრჩეველს  ეს ნამდვილად არ ვიცი.

 

„ჰარალე“

გიორგი ხიმშიაშვილი

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 

 

 

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge