მარტივი ლოგიკა

მედიის საკითხებზე მუშაობის არც ისე მცირე გამოცდილება მაქვს. ამ სფეროში ცოტა რამ მაოცებს, განსაკუთრებით, როცა საქმე თვითრეგულირების მექანიზმს ეხება.

ალბათ ყველა თანხმდება, რომ ეს ინსტიტუტი მაუწყებლებისთვის დიდი მონაპოვარია, თუმცა დახვეწას საჭიროებს. პოეტ ზვიად რატიანის საქმის განხილვებმა აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს თვითრეგულირების ორგანოს არსს. ზოგიერთი მათგანი კი თვითრეგულირებას რეგულირებასაც ამჯობინებს, რეგულირებას სახელმწიფოს მხრიდან.

თუმცა, ეს არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან ამ საქმეზე გაჟღერებული ყველაზე გასაოცარი მოსაზრება.

თვითრეგულირების ორგანოს პირველმა ინსტანციამ მიიჩნია, რომ ზვიად რატიანის სადავო ჩანაწერის გავრცელებით პირველ არხს არ დაურღვევია ეთიკური ნორმები, თუმცა დააკმაყოფილა ორი მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა ყველა პლატფორმიდან ვიდეოს წაშლასა და სამომავლოდ არგამოყენებას. გაურკვეველია რა საფუძვლით დაკმაყოფილდა ეს ორი მოთხოვნა, მაშინ როდესაც თვითრეგულირების საბჭო თვლიდა, რომ სიუჟეტი ყველა წესის დაცვით მომზადდა.

„სტანდარტები იყო დარღვეული, ადამიანის უფლებების შელახვას შეიცავდა, ჩვენი აზრით. ალბათ, პასუხისმგებელი პირი ამაზე შესაბამის პასუხს აგებს“ - სამეურვეო საბჭოს ეს განცხადება დაახლოებით ორი თვის შემდგომ მიღებულ გადაწყვეტილებაში რატომღაც შეიცვალა. თვითრეგულირების სააპელაციო ორგანომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, არც ჯეროვანი სიზუსტის დარღვევა, არც სიძულვილის გაღვივება და არც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა არ დაადგინა.

ისიც აღმოჩნდა, რომ თურმე თავდაპირველი განცხადების გაკეთებისას სამეურვეო საბჭოს წევრთა ნაწილი არ იცნობდა სიუჟეტს და ამ სიტყვებით ზოგადად მედიის მდგომარეობა შეაფასა. შეგახსნებეთ, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის ყოველთვიური ანაზღაურება 3 800 ლარს შეადგენს.

,,მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა” - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა სიუჟეტის გავრცელებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, თუმცა დღემდე გაურკვეველია რაში გამოიხატა ეს.

განხილვებისას საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოსთვის ყველაზე საინტერესო იყო თუ რატომ გასაჩივრდა მხოლოდ მოამბეში გასული სიუჟეტი, რატომ არ მიმართა ზვიად რატიანის მხარემ იგივე პრეტენზიით სხვა მაუწყებლებს. შეგახსენებთ, რომ 2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 52 მილიონი ლარით თითოეული ჩვენგანის მიერ ფინანსდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ორგანო - სამეურვეო საბჭო 9 წევრისგან შედგება. 4 მეურვის შერჩევის პროცედურა დაწყებულია. ,,მაყურებლის მოლოდინი დიდია, ხოლო თამაშის ლოგიკა მარტივი.”

 

მარიამ გოგოსაშვილი, საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge