ბოლო დღეებში უმრავლესობის დეპუტატების ნაწილმა არჩევნების პირველი ტურის შედეგები მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს და მის მიმართ ხელისუფლების პოზიციას დააბრალა, საბოლოოდ კი ეს ამბავი ამ კანონპროექტის პარლამენტიდან გამოხმობის გადაწყვეტილებით დასრულდა. ზოგადად, ბოლო პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს, ქვეყნის ყველა სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემა ასევე ხელისუფლების წარუმატებლობა არც მეტი და არც ნაკლები მარიხუანას ბრალდება და მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადასატან საშუალებად იქცა. და მაინც, მიუძღვის წვლილი მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტს არჩევნების მეორე ტურის დანიშვნაში?
პარლამენტმა მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ განხილვა ჯერ შეაჩერა და შემდეგ ორი თვით გააგრძელა მისი ვადა, მიზეზად კი დასახელდა ის, რომ საზოგადოების დაინტერესებულ პირებთან უნდა გაევლოთ კონსულტაციები აღნიშნულზე, თუმცა დაპირება შეასრულა. საბოლოოდ საპატრიარქოში გამართული კონსულტაციების შემდეგ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უნდა გახმობილიყო, მაგრამ მიზეზები არ დაუსახელებია. რადგან პარლამენტმა დანაპირები არ შეასრულა და საზოგადოებას კანონპროექტზე განმარტებები არ მისცა, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ამ კანონპროექტს და ვთქვათ, რას ეხება იგი. ის ითვალისწინებს რეგულაციებს სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანის, კულტივირების, გადაზიდვის, გადაგზავნის და შენახვის შესახებ მისი ექსპორტზე (საზღვარგარეთ) გასატანად. კანონპროექტითვე დადგენილია, რომ ეს პროცესი უნდა მოხდეს არა ღიად (პლანტაციების გაშენებით), არამედ დახურულ და დაცულ სივრცეში, ხოლო საბოლოო პროდუქტი გაიყიდება საზღვარგარეთ და არა საქართველოში.
აქ არ ვისაუბრებ, ვის რა სარგებელს მოუტანს ან მოუტანდა ეს კანონპროექტი, ეს საკითხი ამჯერად ნაკლებად საინტერესოა და სხვა დროს ვიმსჯელოთ, საინტერესოა ის, მართლა ამ რეგულაციებმა განაპირობა თუ არა არჩევნების შედეგები. როგორც ვთქვით, წარმოების ყველა პროცესი დახურულად მიმდინარეობს, ხოლო პროდუქტი საქართველოში არ იყიდება, ხოლო კანაფის ის ჯიში, რომლისგანაც პროდუქცია მზადდება, პირადი მოხმარებისთვის საერთოდ არაა გამოსადეგი. ამ მსჯელობით, გასაგებია, რომ კანაფის კულტივაციით, ქვეყანას ზიანი არ ადგება, მაგრამ რატომ გაუძნელდა ხელისუფლებას ის, რომ ამ საკითხით აღშფოთებული მოსახლეობისთვის აეხსნა კანონპროექტის შინაარსი, ან რატომ მიიღო გადაწყვეტილება დახურულ კარს მიღმა და ზუსტი მიზეზები კანონპროექტის გახმობის არ დაუსახელებია?
მოდი, ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ ეს კანონპროექტი (მაგრამ მის მნიშვნელობას მივუბრუნდებით) და ვთქვათ, რამდენი რამ შეგვიძლია გავიხსენოთ, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებამ ხალხთან კონტაქტი დაკარგა და მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე განმარტებები არ გააკეთა. დავიწყოთ იმით, რომ მთავრობამ საპენსიო რეფორმა და აქვე ჩვენ ჯიბეებში ხელის ჩაყოფა ისე დაიწყო, რომ არც კი აუხსნია რა ფინანსური შედეგები შეიძლებოდა მოყოლოდა მას; შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეში გამოძიებამ კრახი განიცადა და ხელისუფლება ვერ ხსნის ვინ რა გააფუჭა ამ საქმეში; შემდეგ ზაზა სარალიძეს კარავი არ დაადგმევინეს, რაც კონსტიტუციით დაცული უფლების უხეში დარღვევაა, შსს კი უმიზეზოდ წელავს ამ პროცესს და ზუსტ მიზეზსაც არ ასახელებს; ამას მოყვა ის, რომ მისი უფლებების სისტემატური დარღვევებით აღშფოთებული სარალიძეს აქეთ მოუწია ბრალდებულის როლში ყოფნა; საგამოძიებო ორგანოები ვერ იძიებენ ყოფილ მთავარ პროკურორსა და ასევე ყოფილ გენერალურ აუდიტორს შორის ინციდენტსაც და არც არავინ არაფერს განმარტავს; ვრცელდება ციხეში გაკეთებული ფარული ჩანაწერები, რომელიც გვამცნობს, რომ პროკურატურის მაღალჩინოსნებს საკუთარი დაჯგუფებები ჰყავთ, ხოლო შემდეგ პროკურატურა სპექტაკლს დგამს ამ ფაქტების გასაქარწყლებლად; ამის პარალელურად, პარლამენტი იხილავს პროკურატურის რეფორმის შესახებ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს ისე, რომ რეგლამენტის დარღვევით არ აქვეყნებს ამის შესახებ ინფორმაციას და მალულად ატარებს კომიტეტის სხდომას ქუთაისში; და საბოლოოდ, თავს ესხმის სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, თუ რატომ გაბედეს მათ ამ ფონზე ხელისუფლების გაკრიტიკება.
ისევ რომ დავუბრუნდეთ კანაფის კულტივაციის კანონპროექტს, ამ შემთხვევაშიც მოხდა ის, რასაც ხელისუფლება ზემოთ ხსენებულ შემთხვევებში აკეთებდა, ელაპარაკება არა ხალხს, არამედ ავტორიტეტებს და ავიწყდება, ვისი არჩეულია. მსგავსი კანონპროექტები პარლამენტს ადრეც მიუღია და სავარაუდოდ, კიდევაც მიიღებს. პრობლემა ის კი არ არის, რა კანონს მიიღებთ, არამედ ის, თუ რა დამოკიდებულება გაქვთ მათთან, ვინც აგირჩიათ, რამდენად იგრძნობს, რომ მისი უფლება დაცული იქნება, როგორ იმუშავებენ საგამოძიებო და მართლმსაჯულების ორგანოები და ჩათვლის თუ არა, რომ ის ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია.
ქალბატონებო და ბატონებო, ხელისუფალი ხალხთან, მაგრამ მაინც ზემოთ კი არა, ხელისუფალი უნდა იყოს ხალხთან და წერტილი!
ნიკა სიმონიშვილი საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge