მარიანა ჩოლოიანის ადვოკატს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მარიანა ჩოლოიანის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გაავრცელა არასწორი ფაქტები, რითაც საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას შეეცადა. ადვოკატი ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ლუკა სირაძის თვითმკვლელობა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედებამ გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2020 წლის 07 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მარიანა ჩოლოიანს პროკურატურა ამ ეტაპზე ჩვენების მიცემის იძულებას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება).  შესაბამისად, ამ დროისათვის სასამართლოში არ განიხილება ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტი. ამდენად, სასამართლო არ იკვლევს, ლუკა სირაძის გარდაცვალების მიზეზებს. ამის მიუხედავად, სხვადასხვა მედია საშუალებებში მარიანა ჩოლოიანის დაცვის მხარის მიერ არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ლუკა სირაძე გარდაცვალების მომენტში იმყოფებოდა ნარკოტიკული თრობის ქვეშ, რაც მათივე განმარტებით, დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმის მასალებითა და ექსპერტიზის დასკვნით. ასევე, არასწორად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძე როგორც დედის, ასევე ძმის მხრიდან იყო აგრესიის მსხვერპლი.

გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის მიერ გავრცელებული ფაქტები არ ეყრდნობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ექსპერტიზის ორი დასკვნა. დასკვნების თანახმად, გარდაცვალების დღეს ლუკას ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე არსებულ სისხლში, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ სისხლში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. მეორე ექსპერტიზის ფარგლებში ლუკას სისხლის ნიმუშის აღება მოხდა მისი სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნისას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ სისხლში აღმოჩნდა მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება მორფინი და ფსიქოტროპული ნივთიერებები დიაზეპამი და ნორდაზეპამი, რომლებიც მას სამედიცინო დანიშნულებით გაუკეთდა კლინიკაში მიყვანის შემდგომ. სასამართლო სხდომაზე აღნიშნული პრეპარატების სამედიცინო დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით ჩვენება სასამართლოს სპეციალური ცოდნის მქონე პირმაც მისცა. ექსპერტიზის დასკვნით ასევე უარყოფითია პასუხი ალკოჰოლურ თრობასთან დაკავშირებით.

აშკარაა, რომ მცდარი ფაქტების გავრცელებით, ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საზოგადოებაში ლუკა სირაძის და მისი ოჯახის მიმართ ნეგატიური განწყობის ფორმირებას და ამ გზით საკუთარი კლიენტის  ინტერესების დაცვას ცდილობს. საია მიიჩნევს, რომ ადვოკატის მოქმედება ეწინააღმდეგება ადვოკატის ეთიკის ნორმებს. კლიენტის ინტერესების დასაცავად ადვოკატის მოქმედებები უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობას და ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსს. საია მოუწოდებს გაგი მოსიაშვილს, შეწყვიტოს მცდარი ფაქტების გავრცელება და იმოქმედოს კანონის და ადვოკატის ეთიკის ნორმების შესაბამისად.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge