მარჩენალდაკარგულმა კუთვნილი პენსია მიიღო


2008 წლის ივნისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარებისთვის მიმართა მოქალაქე დ.გ.-მ, რომელმაც განაცხადა, რომ  მას 2002 წელს გარდაეცვალა მამა. ამ დროისათვის იგი 13 წლის იყო და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, როგორც მარჩენალდაკარგულს, დაენიშნა  მარჩენალდაკარგულის შრომის პენსია.

2006 წელს დ.გ.-მ სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა განაგრძო კავკასიის ბიზნესის უნივერსიტეტში. დღეს იგი III კურსის სტუდენტია.

განმცხადებელს 2007 წლის თებერვალში შეუსრულდა 18 წელი, თუმცა პენსიის მიღების უფლება 23 წლამდე ჰქონდა. 2007 წლის ივნისიდან დ.გ.-ს პენსიის მიღება შეუწყდა. მან სოციალური სუბსიდიების სააგენტოში წარადგინა წერილობითი განცხადება და ითხოვა პენსიის აღდგენა 23 წლის ასაკამდე, იმ საფუძვლით, რომ იყო სტუდენტი. თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

მომმართველს საიას ადვოკატების მიერ გაეწია მომსახურება. მომზადდა ადმინისტრაციული საჩივარი და წარედგინა ზემდგომ ორგანოს - სოციალური სუბსიდიების საგენტოს, თუმცა მათ ასევე უარი განაცხადეს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამის შემდეგ მომზადებულ იქნა სასარჩელო განცხადება და წარედგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საიას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. ამ გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დ.გ.-სთვის პენსიის შეწყვეტის შესახებ. გარდა ამისა, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენის შესახებ შესაბამისი აქტის გამოცემა, ასევე  მისთვის შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენა მისი შეწყვეტის დღიდან _ 2007 წლის ივლისიდან, პენსიის აღდგენამდე დროის პერიოდზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით.  თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 მარტის განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.  თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილებაც გასაჩივრდა საკასაციო წესით. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საქმეზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, ძალაში დარჩა  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge