საია პერიოდულად მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს უკავშირდება. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, ვინიდან ის მხოლოდ ერთი პირის უფლებრივ მდგომარეობას არ ცვლის და მსგავს საქმეებზე ვრცელდება.
საქმის სინოფსისი:
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე მაქარაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება 2022 წლის 01 სექტემბერს გამოიტანა.
მოცემული საქმე ეხება 2019 წლის 18 ნოემბრის დემონსტრაციების დროს,[1] სამი პირის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე და მათთვის 4-12 დღიანი პატიმრობის შეფარდებას.
კონვენციის მე-6 მუხლსა (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მე-11 მუხლზე (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) დაყრდნობით, განმცხადებლები, კერძოდ, გიორგი მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა და ზურაბ ბერძენიშვილი (საქართველოს მოქალაქეები, დაბადებული 1985, 1978 და 1991 წლებში, მცხოვრები თბილისსა და ქუთაისში, საქართველო) დავობდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა (1) მომეტებული მნიშვნელობა მიანიჭეს პოლიციელების ჩვენებებს; (2) უსამართლოდ გადაანაწილეს მტკიცების ტვირთი მომჩივნებზე; და (3) ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა პროცესში პროკურორის, როგორც ბრალდების მხარის, არარსებობის პირობებში, საქმის განმხილველმა მოსამართლემ შეითავსა აღნიშნული (საპროკურორო) ფუნქცია, რითაც სამართალშეფარდების პროცესი გახდა მიკერძოებული. (4) გარდა ამისა, მომჩივნები ამტკიცებდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ საკმარისი დრო დაცვის პოზიციის მოსამზადებლად; (5) მათ არ ჰქონიათ თანაბარი შესაძლებლობა, პროცესზე მოეწვიათ მოწმეები, როგორც ეს მოახერხა ბრალდების მხარემ. დაბოლოს, (6) მომჩივნები დავობდნენ, რომ მათმა დაპატიმრებამ და პასუხისგებაში მიცემამ დაარღვია მათი მშვიდობიანი შეკრების უფლება.
სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-6 § 1 მუხლი პირველ და მესამე მომჩივანთან მიმართებით; დაირღვა მე-6 § 1 მუხლი მეორე მომჩივანთან მიმართებით, არ დარღვეულა კონვენციის მე-11 მუხლი პირველ და მესამე მომჩივანთან მიმართებით; დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი მეორე მომჩივანთან მიმართებით. მეორე მომჩივანს მიეკუთვნა 1’600 ევროს ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება.
ფაქტები:
სამივე მომჩივანი დემონსტრაციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს. პირველი მომჩივანი, პოლიციის დაკავების ოქმის შესაბამისად – „ბლოკავდა პარლამენტის შესასვლელს და იგინებოდა განურჩევლად“, ხოლო პოლიციელმა (პოლიციელისვე ჩვენების მიხედვით) „მოუწოდა ამ პირს დაწყნარებისკენ და აუხსნა მისი სამართალდარღვევის ბუნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე, რის შემდეგაც პირი უფრო აგრესიული გახდა“ (პარა. 14; 39-40). მეორე მომჩივანთან მიმართებით, დაკავების ოქმში ნახსენები იყო, რომ იგი „იგინებოდა“, „დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას და არ ემორჩილებოდა პოლიციის განმეორებით კანონიერ ბრძანებას“ (პარა. 15). ხოლო მესამე მომჩივანზე, დაკავების ოქმში, ნათქვამი იყო, რომ - „დემონსტრაციის მონაწილეები, მათ შორის, მომჩივანი, არ დაემორჩილა კანონიერ ბრძანებას, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელი და დაიწყო გინება“ (პარა. 16).
2019 წლის 21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა ორი დადგენილება (პირველისა და მეორე მომჩივნის საქმეები გაერთიანდა 19 და 20 ნოემბრის პროცესების დროს, ხოლო მესამე მომჩივნის პროცესი ცალკე წარიმართა) (პარა. 20-27), რომელთა მიხედვითაც - სამივე მომჩივანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე. პირველ მომჩივანს მიუსაჯა - 12 დღე თავისუფლების აღკვეთა; მეორე მომჩივანს - 4 დღე; ხოლო მესამე მომჩივანს - 7 დღე (პარა. 27). ასკ-ის 166-ე მუხლთან მიმართებით, სამივე მომჩივანი გამართლდა, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო (პარა. 26). მომჩივნებმა 2019 წლის 22 ნოემბერს გაასაჩივრეს ეს დადგენილებები სააპელაციო სასამართლოში (პარა. 28-29). 2019 წლის 25 და 26 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივრები, იმ არგუმენტაციით, რომ მომჩივნებმა ვერ წარმოადგინეს დასაბუთება, რომელი მნიშვნელოვანი საკითხები და მტკიცებულებები იყო არასაკმარისად განხილული საქალაქო სასამართლოს მიერ (პარა. 29).
მომჩივნებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილისა და მესამე ნაწილის „b“ და „d“ ქვეპუნქტებისა და მე-11 მუხლის საფუძველზე. კერძოდ, მომჩივნებმა გაასაჩივრეს შემდეგი საკითხები -
დასაშვებობა:
ევროპულმა სასამართლომ მის ხელთ არსებული ყველა მასალის გათვალისწინებით, დაადგინა, რომ განმცხადებლების საჩივრები, რომლებიც შეეხებოდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების ბ) და (დ) ქვეპუნქტების დარღვევას, დაცვის უფლების რეალიზებისთვის ადეკვატური დროისა და საშუალებების ნაკლებობასთან დაკავშირებით, ასევე, მოწმეების მოწვევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, არ წარმოშობდა კონვენციაში ან მის ოქმებში გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის საფუძველს. ამიტომ საჩივრების ეს ნაწილი დაუშვებლად იქნა ცნობილი, როგორც აშკარად დაუსაბუთებელი, კონვენციის 35-ე მუხლის მე-3 (a) და მე-4 პუნქტის შესაბამისად. დანარჩენი საფუძვლები კი სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია.
მხარეთა არგუმენტები:
ამრიგად, სასამართლომ განიხილა მომჩივანთა არგუმენტები, რომლებითაც ისინი ამტკიცებდნენ, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პროცესში საქმის განმხილველ მოსამართლეს შეთავსებული ჰქონდა საპროკურორო უფლებამოსილება კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევით; მომჩივანთა არგუმენტები, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა პოლიციელთა ჩვენებებს მომჩივანთა ჩვენებებთან შეფარებით, დააკისრა რა ამ უკანასკნელთ მტკიცების ტვირთი, მიუხედავად სამართალწარმოების სისხლის სამართლებრივი ბუნებისა. შედეგად, მომჩივანთა მტკიცებით, სასამართლო მხარეებს თანაბრად არ მოეპყრო და პროცესის ფარგლებში არ განიხილა მომჩივანთა არგუმენტები.
ამის საპირისპიროდ, მოპასუხე მთავრობა ევროპულ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ მომჩივანთა არგუმენტები მიემართებოდა სამართალწარმოების შედეგს, და არა პროცედურულ სამართლიანობას. მთავრობა ამ არგუმენტს ამყარებდა იმით, რომ პირველმა და მეორე მომჩივანმა ეროვნულ დონეზე უარი განაცხადეს სასამართლოს წინაშე ფაქტების საკუთარი ვერსიის გადმოცემაზე, როდესაც სამართალწარმოების მიმდინარეობისას მათ ამის შესახებ ჰკითხეს. მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასამართლო პროცესებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელს კანონმდებლობა ანიჭებდა საპროკურორო უფლებამოსილების ტოლფას მანდატს. ამრიგად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი ორგანო იყო პროკურორის უფლებამოსილებით აღჭურვილი მხარე პროცესში.
ამასთან, მთავრობა ამტკიცებდა, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლო პროცესების დროს და არ მომხდარა მტკიცების ტვირთის შებრუნება. აღნიშნულს მთავრობა იმით ამყარებდა, რომ პოლიციელების ჩვენება, რომ მომჩივნები იგინებოდნენ, არ იქნა ეროვნული სასამართლოების მიერ გაზიარებული მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო და წვრილმან ხულიგნობაში გამართლდნენ მომჩივნები.
სასამართლოს შეფასება:
სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს დანიშნულება არ იყო ეროვნული კანონმდებლობის ზოგადად კონვენციასთან შესაბამისობის განხილვა და სასამართლომ უნდა შეიზღუდოს თავი უშუალოდ მომჩივნების მიერ კონკრეტულად წაყენებული პრობლემატური საკითხების განხილვით (პარა. 58), თუმცა არ დაკარგოს მხედველობიდან ზოგადი კონტექსტი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივანთა სიტუაციაში მხოლოდ უშუალოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესში პროკურორის არარსებობა თავისთავში არ ეწინააღმდეგება მე-6 მუხლის მიუკერძოებლობის მოთხოვნას (პარა. 59). კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ავტორი, საქართველოს შიდა კანონმდებლობით, არის ამ პროცესის მხარე და უფლებამოსილია გაასაჩივროს ამ პროცესში ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები.
ამავდროულად, მიუხედავად ზემოთ გაკეთებული შეფასებისა, სასამართლო ასკვნის, რომ წინამდებარე საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მჭიდრო კავშირი არსებობს, ერთი მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პროცესში პროკურორის არარსებობასა, და, მეორე მხრივ, ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცების ტვირთის განაწილების მიდგომას შორის, მათ შორის, პოლიციელთა მიერ (მაშინ, როდესაც ისინი საპროკურორო უფლებამოსილებას ასრულებენ) მოცემულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით გარკვეული პრეზუმპციების მიღებასთან მიმართებით (პარა 60). კერძოდ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ეროვნული სასამართლოების შეფასება, რომ პოლიციელების ჩვენება სანდოობის მაღალი ხარისხით ხასიათდებოდა, რადგან არსებობდა კეთილსინდისიერი მმართველობის პრეზუმპცია, მაშინ, როდესაც მომჩივანთა ჩვენებების მიზანი იყო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, და მათი ჩვენებები არასანდოდ უნდა შეფასებულიყო თუკი არ დამტკიცდებოდა დამატებითი მტკიცებულებებით.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციელთა ჩვენებებისთვის უპირატესობის მიცემა სწორად იყო გაკრიტიკებული უზენაესი სასამართლოს მიერ 2013 წელს (ეს უკანასკნელი, როგორც სასამართლო პრაქტიკა, მოყვანილია გადაწყვეტილებაში). პირველ და მეორე მომჩივანთან დაკავშირებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მათ არ გამოუყენებიათ უფლება, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია პოლიციის მიერ შემოთავაზებულ ფაქტების ვერსიასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მესამე მომჩივანმა ეს შესაძლებლობა გამოიყენა. ამასთან, პირველ და მესამე მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ მათთან მიმართებით, ასევე, არსებობდა პოლიციელთა ჩვენებების გარდა სხვა მტკიცებულებები (ვიდეოები). ამასთან, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ასეთ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰქონდა ეროვნულ დონეზე არსებული საქმის სრული მასალების ასლები, მან არ შეაფასა სასამართლოს მიდგომა მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
ამის საპირისპიროდ, მეორე მომჩივანთან მიმართებით, რადგანაც პოლიციელის განცხადება სხვა სახის მტკიცებულებით არ იყო გამყარებული, მომჩივანი ისეთ მდგომარეობაში ჩადგა, რომ თვითონვე მოუწია საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება (პარა. 64). შესაბამისად, ეროვნული სასამართლოს მიერ მხარეთა ჩვენებების ზემოთ წარმოდგენილი შეფასების გამო (უპირატესობის მინიჭება პოლიციელის ჩვენებისთვის), მომჩივანი მიუთითებდა, რომ დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმპცია, ობიექტური მიუკერძოებლობა და მხარეთა თანასწორობის პრინციპი. სასამართლომ მხოლოდ მეორე მომჩივნის მიმართებით დაადგინა მე-6 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა (პარა. 64).
მე-11 მუხლთან მიმართებით, სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნებს ჰქონდათ უფლება გამოეყენებინათ შეკრების თავისუფლება (პარა. 94). თუმცა, სასამართლომ ახსენა, რომ მომჩივნების დაკავება და სამართალდამრღვევებად ცნობა ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს - არეულობის თავიდან აცილება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა (პარა. 97). ასევე, მოცემული ეროვნულ კანონმდებლობაშიც იყო გათვალისწინებული. იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის ბლოკადა არ იყო დროში შეზღუდული და განზრახული იყო გაგრძელებულიყო მანამ, სანამ ხელისუფლება არ დათანხმდებოდა მოთხოვნებს, ხელისუფლებამ გამოიჩინა გარკვეული დონის შემწყნარებლობა (პარა. 102). რაც პირველ და მესამე მომჩივანს შეეხება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიციის ბრძანებებს დაემორჩილებოდნენ და გადაადგილდებოდნენ პარლამენტის შესასვლელიდან, მათ ექნებოდათ შესაძლებლობა რომ ჩვეულებრივ გაეგრძელებინათ დემონსტრაცია (პარა. 102). ასევე, მათი დაკავება არ მომხდარა იმიტომ, რომ ისინი დემონსტრაციაზე იმყოფებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ისინი პოლიციელების ბრძანებებს არ დაემორჩილნენ. შესაბამისად, მოცემულის გათვალისწინებით, და, ასევე, იმის ფონზე, რომ თავისუფლების აღკვეთა მოხდა მოკლე ხნით, პირველ და მესამე მომჩივანთან მიმართებით მე-11 მუხლის დარღვევა ვერ დადგინდა (პარა. 103). ხოლო რაც მეორე მომჩივანს შეეხება, მისი დაკავება მოხდა ორი საათის მერე, რაც პოლიციამ გახსნა პარლამენტის შესასვლელი (თუნდაც ნაწილობრივ), და ეროვნულმა სასამართლომ არც კი განიხილა მისი საავტომობილო გზაზე ყოფნის განზრახვა (შემთხვევით ხომ არ მოხვედრილა სავალი გზიდან საავტომობილოზე, ან დემონსტრანტთა რაოდენობიდან გამომდინარე ხომ არ გადავიდა) (პარა. 104-105). შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა რომ მეორე მომჩივანთან მიმართებით დადგინდა მე-11 მუხლის დარღვევა (პარა. 106) და მიეკუთვნა1600 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად (პარა. 110).
[1] დემონსტრაციის მიზანი იყო პროტესტი პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის განუხორციელებლობის გამო, რა დროსაც დემონსტრანტებმა მოახდინეს პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკადა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge