კვლევის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2012 წლის 12 ნოემბერს კვლევის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული ხარვეზები და რეკომენდაციები“ პრეზენტაციას  გამართა. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2010 წელს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდა. საიამ კვლევაში შეაფასა, როგორც საკანონმდებლო გარემო, ისე განვითარებული პრაქტიკა, რის შედეგადაც ნათლად გამოვლინდა, რომ ახალ საპროცესო კოდექსს არ შეუცვლია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში არსებული გარემო. კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი ხარვეზები, როგორც  კანონში, ისე პრაქტიკაში, კერძოდ:

დანაშაულის გამოვლენისა და გამოძიების მარეგულირებელი ნორმები ჩამორჩება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და აზიანებს ინდივიდის ინტერესებს;

პირის უფლების შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პრაქტიკა იმავე პრობლემებს შეიცავს, რაც არსებობდა ძველი საპროცესო კოდექსის მოქმედებისას;

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტი შეიცავს ნაფიცი მსაჯულის მიუკერძოებლობის დაცვის არასაკმარის მექანიზმებს, ასევე, ვერდიქტი არ პასუხობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტს.

 საიას მიერ ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებზე დაყრდნობით შემოთავაზებულია კონკრეტული რეკომენდაციები ამ პრობლემათა აღმოფხვრის მიზნით, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორც კანონში, ისე პრაქტიკაში.  შემოთავაზებულია პირის კანონიერი ინტერესის დამცავი გარანტიები და კონკრეტული მითითებები პრაქტიკის გამოსწორების მიზნით.

შეხვედრას ესწრებოდნენ ამ სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომამდგენლები.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge