კვლევის პრეზენტაცია „მონაწილეობითი ბიუჯეტირება: საქართველოსა და პოლონეთის კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიმოხილვა“

2016 წლის 27 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ  კვლევის პრეზენტაცია გამართა. კვლევა პროექტის „მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში გამოიცა, რომელიც ევროპის ფონდის ფინანსური მხარდაჭერის მეშვეობით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტის მიზანს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის გზით, საჭიროებებზე დაფუძნებული საბიუჯეტო პროცესის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

მიზნის მისაღწევად, შემდეგი აქტივობები განხორციელდა:

- საქართველოსა და პოლონეთის კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესწავლა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაანალიზების მიზნით;

- რუსთავის, თელავისა და გორის თვითმმართველ ქალაქებში დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ადვოკაციისა და საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით;

- აქტიურ მოქალაქეთაგან საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი ადგილობრივ დონეზე საბიუჯეტო პროცესში ჩართულობისათვის ხელის შეწყობა;

- რადიო გადაცემები, მოქალაქეთა ცნობიერების გაზრდის მიზნით;

- მოქალაქეთა გამოკითხვა, ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების მიმართ მათი განწყობების კვლევისა და მიმართვიანობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით, რომელშიც 322 რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.

პროექტის განხორციელების შედეგად გამოვლინდა ის ძირითადი ხარვეზები, რაც აბრკოლებს  საქართველოში საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას.

კვლევის მიგნებებისა და დაფიქსირებული გამოწვევების გაანალიზების, ასევე უცხო ქვეყნის გამოცდილების შესწავლის შედეგად, განისაზღვრა ის რეკომენდაციები, რომელთა გაზიარების შემთხვევაში გაუმჯობესდება ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობის მექანიზმები. კერძოდ,

- მნიშვნელოვანია კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების გადახედვა და საბიუჯეტო პროცესის ვადების გადასინჯვა, პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენაში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა;

- მნიშვნელოვანია, მოქალაქეებში არსებობდეს მოლაპარაკებების, ჯანსაღი დებატების და კონსენსუსის მიღწევის კულტურა;

- პროცესის სათანადოდ ორგანიზება და წარმართვა - აღნიშნული კომპონენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ზომის ქალაქებში, სადაც მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან მოსახლეობაში აუცილებელია კონსენსუსის მიღწევა, თუ რაზე გადანაწილდეს საბიუჯეტო სახსრები;

- ბიუჯეტის შედგენა გენდერული ასპექტებით - მნიშვნელოვანია შემდგომ წლებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს გენდერული თანასწორობის ასახვას ადგილობრივი ბიუჯეტების შედგენისას. მეტი რესურსი უნდა დაეთმოს გენდერული ბიუჯეტირების მეთოდოლოგიის პოპულარიზაციას და მის ქმედით იმპლემენტაციას ადგილებზე.

- ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური დამოუკიდებლობის რეალური საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფა;

- თვითმმართველობის ჯანსაღი ჩართულობა და პარტნიორობის რეჟიმი ადგილობრივ მოსახლეობასთან.

პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ დონეზე საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“ ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის ფონდის პროექტის ფარგლებში „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის: საქართველოში სახელმწიფო ხარჯების სამოქალაქო მონიტორინგი.“


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge