კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია, 2012 წლის 20 ნოემბერს გამართა.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და იმ საკანონმდებლო პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივმოქმედი კომისიისა და სასამართლოს მუშაობის პრაქტიკაში განაპირობებს  (ან შესაძლებელია განაპირობოს) მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე მსჯავრდებულთა განცხადებების ეფექტურ, დროულ,  სრულ და ობიექტურ განხილვაში ხელისშემშლელ ფაქტორებს. ამასთან, კვლევის ავტორთა  სურვილი იყო  პრაქტიკაში კომისიისა და სასამართლოს მუშაობის დროს გამოკვეთილი პრობლემების წარმოჩენა კონკრეტული მაგალითების ფონზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რელევანტური პრეცედენტების მიმოხილვა.

კვლევა ეფუძნება საიას, არასამთავრობო ორგანიზაცია - კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს. სამედიცინო კუთხით საქმეების ანალიზის მომზადებისას საიამ მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს ექიმთან ასოციაციასთან.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა არაერთი ხარვეზი და პრობლემა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. მათ შორის:

კომისია, ვერ უზრუნველყოფს განცხადებების დროულ განხილვას;

ერთობლივი ბრძანებით არ არის განსაზღვრული ისეთი ვადები, როგორიცაა, განცხადების დასაშვებობის განხილვის ვადა, შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ საქმის შესწავლის ვადა, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე, დაჩქარებული წესით განხილვის ვადები;

ბუნდოვანია საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები, როგორც პრაქტიკაში, ასევე კანონმდებლობაში;

პატიმრობის კოდექსი და სასხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის გადავადებისა და სასჯელისგან გათავისუფლებისთვის განსხვავებულ პირობებს ადგენს; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დამატებით მოითხოვს, რომ მძიმე ავადმყოფობა, ხელს უნდა უშლიდეს სასჯელის მოხდას.  თუ რა იგულისხმება სასჯელის მოხდაში ხელის შეშლაში არ არის დაკონკრეტებული არც კანონმდებლობაში და არც სასამართლო გადაწყვეტილებებშია განმარტებული.

ბრძანებით განსაზღვრული დაავადებები, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულთა გათავისუფლების ან სასჯელის  გადავადების საფუძველს საჭიროებს მოდიფიცირებას.

კვლევაში წარმოდგენილი საქმეთა ანალიზის შედეგად კი გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები:

კვლევაში წარმოდგენილი არცერთი საქმე არ განუხილავს კომისიას. გარდა ერთი გამონაკლისი საქმისა, კომისიას არათუ საბოლოო გადაწყვეტილება, არამედ განცხადებების დასაშვებობაზეც კი არ უმსჯელია.  კომისიის მიერ საქმის განხილვამდე გარდაიცვალა რამდენიმე პატიმარი;

ჩვენ მიერ განხილულ საქმეებში სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასჯელის გადავადების მოთხოვნები, იმ მოტივით, რომ დაავადება მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში არ უშლიდა ხელს. ერთ-ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოტანისას მსჯავრდებული რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო.

სახეზეა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულები გარდაიცვალნენ სასამართლოს მიერ  სასჯელის გადავადებიდან რამდენიმე თვეში.

ცხადია, რომ არსებული პრობლემური სიტუაცია გამოწვეულია, როგორც ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზით, ასევე მახინჯი პრაქტიკით.  კვლევაში მოყვანილი საქმეები, კანონმდებლობის ანალიზთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ზომების მიღებას.  საია მზად არის ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული პრობლემების გადაჭრას.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

კვლევა დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge