კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები)“ პრეზენტაცია
საია 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს _ ,,დევნილობასთან დაკავშირებული პრობლემების გრძელვადიანი გადაწყვეტის ინოვაციური გზები“, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მიერ და ხორციელდება ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მეშვეობით.
2013 წლის 03 აპრილს საიამ გამართა პროექტის ფარგლებში მომზადებული კვლევის „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე (სამართლებრივი ანალიზი, სასამართლო პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები)“ _პრეზენტაცია.
კვლევის მიზანს იმ სამართლებრივი მექანიზმების ანალიზი წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო შებოჭილია ვალდებულებით, უზრუნველყოს დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ანგარიშში ნაჩვენებია რამდენად ეფექტურია აღნიშნული მექანიზმები და განხილულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც საცხოვრებლის უფლებასთან კავშირში ძირითად ტენდენციებს მოიცავს.
კვლევამ აჩვენა, რომ დევნილის საცხოვრებლის უფლების აღიარების მიუხედავად, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით მკაფიოდ არ არის განსაზღვრული ის სტანდარტები, რასაც სათანადო საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. კვლევაში წარმოდგენილი სასამართლო საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირად სასამართლო სამართლებრივი ნორმების ფორმალისტურ ინტერპრეტაციას ახდენდა, თუმცა პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ საცხოვრებლის უფლების მნიშვნელოვანი ასპექტები შიდა მექანიზმებში სათანადოდ არ არის ასახული.
ვფიქრობთ, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობა დახვეწას საჭიროებს, რათა შეიქმნას იმგვარი მექანიზმები, რაც საცხოვრებლის უფლების სათანადო რეალიზებას შესაძლებელს გახდის.
ამ მიმართებით მნიშვნელოვანია:
• სათანადო საცხოვრებლის (მისი ყველა ასპექტის გათვალისწინებით) კონკრეტული კრიტერიუმები აისახოს შიდა ნორმატიულ აქტებში;
• დევნილთა განსახლებისას სახელმწიფომ გაითვალისწინოს მათი ინტეგრაციის ადგილი და განსაკუთრებული საჭიროებები;
• კანონმდებლობით დარეგულირდეს გამოსახლების იმგვარი პროცედურები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან. მათ შორის, პოლიციის გაფრთხილების ჩაბარებიდან სავარაუდო ხელმყოფის უშუალო გამოსახლებამდე განისაზღვროს გონივრული ვადა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge