კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმიანება მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის თაობაზე გამართულ დისკუსიას. 9 ოქტომბერს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის რანგში პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინაშე წარსდგა. მოსმენისას როგორც დეპუტატების, ასევე მთელი საზოგადოების ყურადღების ქვეშ მისი დიპლომის ნამდვილობის საკითხი მოექცა.
პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ცხადია, რომ შალვა თადუმაძე სწავლას 1993 წელს ვერ დაიწყებდა, რაც კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ეჭვს დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანასთან დაკავშირებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია არამარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია.
საკომიტეტო მოსმენისას შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ „განათლების შესახებ” კანონში 1997 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ინსტიტუტი ექსტერნატის ფორმით 1998 წელს დაამთავრა, რაც სასწავლო დაწესებულებამ დიპლომში 1993 წელს სწავლის დაწყების ფორმით ასახა. მიუხედავად განმარტებისა, ბუნდოვანია, თუ სწავლის დაწყების თარიღად სასწავლებელმა დოკუმენტში რატომ მიუთითა ის წელი, როდესაც ის საერთოდ არ იყო რეგისტრირებული, ხოლო დიპლომში ექსტერნად დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ შეკითხვები დიპლომის კანონთან შესაბამისობის თაობაზე ასევე გაუჩნდა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც და მოითხოვა, რომ კენჭისყრამდე, გარკვეულმა კანდიდატებმა და მათ შორის, შალვა თადუმაძემ, წარადგინონ ინფორმაცია უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის თაობაზე, სადაც დადასტურებული იქნება, რომ დოკუმენტი კანონისმიერ მოთხოვნას შეესაბამება.
კანონის თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისათვისაც, ხოლო შესაბამისი განათლების არქონა გენერალურ პროკურორს არაუფლებამოსილ პირად ხდის. აღნიშნული თავის მხრივ მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს შეიძლება იწვევდეს გენერალური პროკურორის მიერ განხორციელებული მთელ რიგ ქმედებებთან დაკავშირებით.
გარდა სამართლებრივი შედეგებისა მსგავს შემთხვევას შესაძლოა მძიმე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა შეიძლება ეკავოს პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ეს თანამდებობა შესაძლოა ყალბი დოკუმენტის გამოყენების შედეგად ქონდეს დაკავებული, ამან შესაძლოა გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მთლიანად პროკურატურის ინსტიტუტს.
შესაბამისად მიგვაჩნია, რომ:
- აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობასა და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით;
- პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნად, ვიდრე ყველა ზემოთ აღნიშნული პროცედურა არ იქნება გავლილი და დიპლომთან დაკავშირებით კითხვებს დამაჯერებელი პასუხები არ გაეცემა;
- პარლამენტმა, კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი თადუმაძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, კონსტიტუციის 48-ე მუხლის საფუძველზე, პარლამენტმა უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge