კორონავირუსით დაინფიცირებული დემოკრატია

კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო და მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი. კოვიდ-19 ვირუსს ნეგატიური ეფექტი აქვს როგორც ადამიანების ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე, ასევე დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე. პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედებებმა დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა ადამიანის უფლებების დაცვა მთელს მსოფლიოში. 

კორონავირუსის გავრცელებას ტალღოვანი ეფექტი აქვს ადამიანის უფლებებზე, რამაც შესაძლებელია კიდევ უფრო დრამატული შედეგები მოგვიტანოს. პანდემიასთან ბრძოლის პირველ ტალღაში გამოიკვეთა  ცენზურა და ადამიანების უკანონო დაკავება. მაგალითად, ჩინეთში, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება, ყველაზე მწვავე პრობლემა შეექმნათ იმ ექიმებს, ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, რომლებიც ცდილობდნენ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გაევრცელებინათ. ჩინეთის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ექიმების განგაშის ხმის ჩასახშობად, რამაც შეამცირა იმის შანსი რომ მსოფლიოს და მათ შორის ჩინეთის მოსახლეობასაც, დროულად გაეგო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. ადამიანის უფლებებზე მწვავე გავლენის მეორე ტალღა კორონავირუსის მასობრივ გავრცელებას მოჰყვა, რის შედეგადაც დისკრიმინაციისა და უთანასწორო მოპყრობის მსხვერპლნი გახდნენ ჩინელი ადამიანები, ხოლო ცოტა მოგვიანებით კი სრულიად აზიური საზოგადოება, რომელთაც სოციალური კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით  #जेनेसुइसपासूनविरुस (მე ვირუსი არ ვარ). 

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა და სახელმწიფოებმა მკაცრი რეგულაციები დააწესეს, დაიწყო ადამიანის უფლებებზე ზემოქმედების მესამე ტალღა. გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების შეზღუდვა პანდემიის პრევენციის ერთადერთ გზად ითვლება, მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა იფიქრონ იმაზეც,  არის თუ არა აღნიშნული შეზღუდვები ლეგიტიმური, პროპორციული და დროში მკაცრად განსაზღვრული. არავინ იცის როდემდე შეიძლება გაგრძელდეს კოლექტიური კარანტინი, შესაბამისად არსებობს საფრთხე, რომ ამან შესაძლებელია კრიტიკულად იმოქმედოს პოლიტიკურ რეჟიმებზე. სამწუხაროდ, აღნიშნული ვარაუდი გარკვეულწილად მართლდება. მაგალითად, 30 მარტს, უნგრეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებისთვის მიანიჭა ფაქტობრივად განუსაზღვრელი ძალაუფლება, რაც გულისხმობს შემდეგს: პარლამენტი აჩერებს მუშაობას, გადაიდო არჩევნები, პრემიერს უფლება აქვს შეაჩეროს ნებისმიერი კანონის მოქმედება, ყალბი ამბების გავრცელება ისჯება 5 წლით, ხოლო კარანტინის წესების დარღვევა 8 წლით თავისუფლების აღკვეთით. ყველაზე საგანგაშო კი ამ შემთხვევაში ისაა, რომ პრემიერის ეს ძალაუფლება დროში განუსაზღვრელია და უკონტროლო საგანგებო მდგომარეობას გულისხმობს.  კორონავირუსის გავრცელების მიზეზით გადაიდო კორუფციაში ბრალდებული ისრაელის პრემიერ-მინისტრის სასამართლო პროცესიც. მსგავსი წუხილები აქვთ პოლონეთში ოპოზიციურ პარტიებსაც, რაც საგანგაშო სიგნალად უნდა მივიღოთ რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ბევრი ქვეყანა გაცილებით ნაკლებად დემოკრატიული იქნება, ვიდრე ეს იყო 2020 წლის მარტამდე. 

საქართველოს ხელისუფლებაც სხვა სახელმწიფოების მსგავსად პანდემიასთან ბრძოლის მთავარ საშუალებად სოციალურ დისტანციას მოიაზრებს და ამის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა სახის შეზღუდვებს აწესებს. 2020 წლის 21 მარტს კი საქართველოში ერთი თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 30 მარტიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს კომენდანტის საათი. პრეზიდენტის დეკრეტმა და მთავრობის დადგენილებამ უკვე გამოიწვია გაუგობრობები საზოგადოებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საგანგებო ზომები უნდა იყოს ლეგიტიმური, პროპორციული და გასაგები, ვნახავთ რომ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობის დადგენილების ტექსტი საკმარისად გასაგებად არ არის ჩამოყალიბებული, რის გამოც ადამიანებს უჭირთ შეზღუდვების შინაარსის გაგება. მაგალითად, კონკრეტულად როგორ განახორციელონ პროფესიული საქმიანობები, იკრძალება თუ არა ონალინ გაყიდვები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვდგვართ საფრთხის წინაშე, რომ კორონავირუსთან ბრძოლის საბაბით ძალაუფლების ცენტრალიზაცია მოხდეს (რაც ფაქტობრივად უკვე ასეა, თუმცა ჯერ მხოლოდ 21 აპრილამდე). გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობა და კრიზისი დიდი ცდუნებაა მმართველი გუნდისთვის, რომ გავლენები განიმტკიცოს ხელისუფლების სხვა ორგანოებზეც იმ პირობებში, როცა საზოგადოების ყურადღება მთლიანად პანდემიასთან ბრძოლას ეთმობა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ 31 მარტს, საგანგებო მდგომარეობის პირობებში უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ სხდომის დაანონსება და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნის მცდელობა, რომელიც საბოლოოდ არ შედგა და გადაიდო.

საფრთხეები რეალური და ნათელია. ადამიანის უფლებებზე პანდემიის ზეგავლენის ზემოთ განხილული მაგალითები მხოლოდ აისბერგის წვერია და შესაძლებელია რომ ხელისუფლების ფართო უფლებამოსილებებს ჰქონდეს გრძელვადიანი არაპროპორციული გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებმა გაითავისონ პასუხისმგებლობები, ხოლო საზოგადოება იყოს ფხიზლად, რადგან „ვინც დაიძინებს დემოკრატიაში, დიქტატურაში გაეღვიძება.“ 

 

 

ნინო ბაღაშვილი  საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ხელმძღვანელი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge